სოფიო შაფათავა მინსკის ტურნირზე წყვილებში ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა მინსკში ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში წარმატებით ასპარეზობს. რუს ოლგა დოროშინასთან ერთად ჩვენებური მესამე ნომრადაა განთესილი.

რუსულ-ქართულმა დუეტმა, როგორც გაუწყეთ, პირველ წრეში უკრაინელ დებს - ოლგა და ელიზავეტა იანჩუკებს სძლია - 6:4, 6:1, 12 ნოემბერს კი უფრო იოლად აჯობა რუსების - სოფია სმაგინას და ანასტასია შაულსკაიას ტანდემს - 6:2, 6:1 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ანა შკუდუნსა (უკრაინა) და რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი). შეხვედრა ამ წყვილმა მეოთხედფინალში ვალერია სავინიხი და ოლგა პუჩკოვა (ორივე
-რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 1:6, 10:5.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: პემრა ოზგენი, იპეკ სოილუ (ორივე-თურქეთი)-ილონა კრემენი, ლიძია მაროზავა (ორივე-ბელორუსი).

შეგახსენებთ, რომ მინსკის ტურნირის ერთეულთა თანრიგში შაფათავა პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მოულოდნელად მასპინძელ სვიატლანა პირაჟენკასთან დამარცხდა - 4:6, 3:6.

შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ქალთა 25.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა ჩაატარა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი დაჯაბნა - 6:4, 6:2.

მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილ პოლინა ვინოგრადოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ დაძაბულ პაექრობაში სძლია ჩეხ პერნილა მენდეშოვას - 7:5, 6:4.

წყვილებში გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ეგვიპტურ ტურნირს სტარტზევე დაემშვიდობნენ.

ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი. წყვილთა პაექრობაში მან ამინატ კუშხოვასთან ერთად სტარტზე გერმანელებს - კატარინა ჰერინგსა და ნორა ენგელმანს მოუგო, გუშინ კი მეოთხედფინალში კემრე ანილისა და ესენ კოკჩეს (ორივე - თურქეთი) წინააღმდეგ საპაექროდ კორტზე ვერ გავიდა, რადგან წყვილთა პაექრობამდე ერთეულებში მოსინჯა ძალები. რუმინელ ირინა მარია ბარასთან პირველი ხელი 5:7 დათმო, მეორეს 1:5-ს რომ აგებდა, ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ანტალიაშივე, ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-8 ნომრად ჩაება ალექსანდრე მეტრეველი. გუშინ პირველ წრეში მან სამ სეტში აჯობა ყაზახ დენის ევსეევს - 4:6, 6:4, 6:4 და მერვედფინალში კვალიფიკაციიდან აღზევებულ დენის მილოკოსტოვს (უკრაინა) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა იან ჩოინსკი (გერმანია) ჩამოიშორა გზიდან.

მეტრეველმა წყვილებშიც გამოიჩინა თავი - უკრაინელ გლებ ალექსეენკოსთან ერთად დიმიტარ გრაბულსა (მაკედონია) და დენის მილოკოსტოვს (უკრაინა) მოუგო - 6:3, 2:6, 10:7 და მეოთხედფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტებს - სიუ ლიუსა და ვეიჯინ უენის (ორივე - ჩინეთი) მძლეველ უკრაინელებს - მარატ დევიატიაროვსა და ვლადისლავ მანაკოვს გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული