სოფიო შაფათავა მინსკის ტურნირზე წყვილებში მეორე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ ჩოგბურთელ ქალთა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წყვილებში თბილისელი სოფიო შაფათავა რუს ოლგა დოროშინასთან ერთად ფინალში გავიდა, სადაც მე-2 ნომრად განთესილ ბელორუსებს - ილონა კრემენსა და ლიდია მოროზავას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 3:6, 4:6 დამარცხდა და მე-2 ადგილით დაკმაყოფილდა.

ჩოგბურთელ ვაჟთა ანტალიის 10.000-იანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა ალექსანდრე მეტრეველმა. ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში მან მე-4 ნომრად განთესილ ვლადისლავ მანოფოვს (უკრაინა) სძლია - 6:0, 7:5 და წყვილებში უკრაინელთან მარცხისთვის რევანში აიღო.

ნახევარფინალში ტურნირის მე-2
ნომერ იანის სემრაიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდა. სამსეტიან პაექრობაში სლოვენიელმა 3:6, 6:3, 6:4 აჯობა ქართველ მეტოქეს, მერე გადამწყვეტი პაექრობა კევინ კრავეცს (გერმანია) მოუგო - 6:3, 7:5 და მთავარი პრიზი დაიმსახურა.

ამ კვირას შაფათავა პოლონეთის 25.000-დოლარიან ტურნირში ითამაშებს. ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველ ნომრად ეკატერინე გორგოძე, მესამე ნომრად კი სოფიო ქვაცაბაია იქნებიან განთესილნი.

იტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 35.000 ევრო) ძირითადი ბადის სტარტზე ნიკოლოზ ბასილაშვილი "ველური ბარათით" მიწვეულ მასპინძელს - მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში, რეიტინგფავორიტ იგორ ბიისლინგსა (ჰოლანდია) და ულაძიმირ იგნატიკს (ბელორუსი) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში ბასილაშვილი და იან მერტლი (ჩეხეთი) სტარტზე იტალიელებს - ფილიპო ბალდის და სტეფანო ტრავაგლიას შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული