დევისის თასის სტატისტიკა

AutoSharing Option
დევისის თასის წლევანდელ გათამაშებაში უნიკალური არა მხოლოდ შვეიცარიის პირველი ტრიუმფი, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ციფრიც იყო...

1 - ერთადერთი მატჩი წააგო დევისის თასზე ერთეულებში როჯერ ფედერერმა. მისი დამარცხება შეძლო გაელ მონფილსმა. ასევე ერთი მარცხია სტენ ვავრინკას ანგარიშზე. შვეიცარიის მეორე ნომერმა მეოთხედფინალში წააგო ყაზახეთის წარმომადგენელთან, ანდრეი გოლუბევთან.

1 - ჩეხეთი დიდი სხვაობით ლიდერობს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში. 2012 და 2013 წლებში ჩეხები ტიტულს იგებდნენ. წელს მათ ნახევარფინალამდე მიაღწიეს.

1 - შვეიცარიამ პირველად მოიგო დევისის თასი. 1991 წელს ეს გუნდი ფინალში თამაშობდა, მაგრამ
მარკ როსემ და იაკობ გლასეკმა ამერიკელებთან წააგეს.

1 - მარკო ჩიუდინელიმ და მიხაელ ლემერმა მაინც შეიტანეს წვლილი შვეიცარიის ნაკრების ტრიუმფში. პირველივე მატჩში მათ წყვილთა შეხვედრა მოიგეს სერბებთან.

2 - გაისად ტიტულის დაცვას შვეიცარია ბელგიასთან გასვლით მატჩში დაიწყებს. ჩემპიონს ამ გუნდთან მცირე უპირატესობა აქვს - 4:3.

2 - მხოლოდ ორი გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა წელს დევისის თასზე: პირველ წრეში საფრანგეთმა მოუგო ავსტრალიას - 5:0, შემდეგ კი ჩეხეთმა ერთი ქულაც არ დაუთმო იაპონიას.

2- გაელ მონფილმა კარიერაში მეორედ მოიგო ერთი მატჩი დევისის თასის ფინალში. 2010 წელს ფრანგმა ასევე მოგებით დაიწყო, როცა იანკო ტიპსარევიჩი დაამარცხა. მაშინ საფრანგეთმა დათმო ფინალი, თავად მონფილსმა კი მეორე შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

3 - შვეიცარიამ მხოლოდ მესამედ სძლია საფრანგეთის ნაკრებს. თავის მხრივ, ფრანგებს 10-ჯერ ჰყავდათ დამარცხებული შვეიცარიელები. თუმცა ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 2004 წლით თარიღდებოდა. სხვათა შორის, მაშინ წლევანდელი ფინალის რამდენიმე მონაწილე თამაშობდა. 2004 წელს როჯერ ფედერერმა ერთეულთა ორი მატჩი მოიგო, მაგრამ წყვილებში დამარცხდა.

3 - საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია დევისის თასზე, მაგრამ ბოლო წლებში ფინალური მატჩები გადაულახავი ბარიერი გახდა ამ გუნდისთვის. ფრანგებს უკვე ზედიზედ სამი გადამწყვეტი მატჩი აქვთ წაგებული, თანაც აქედან ორჯერ დამარცხდნენ საკუთარ მოედანზე.

4 - გაელ მონფილსმა იდეალური შედეგი აჩვენა წელს დევისის თასზე. ოთხი მოგება ერთეულებში და არც ერთი მარცხი. საერთო ჯამში, გაელი ნაკრებში ბრწყინვალედ თამაშობს. მხოლოდ ორი წაგება აქვს: პირველი ჯოკოვიჩთან, მეორე - ტიემო დე ბაკერთან.

13 - როჯერ ფედერერმა კარიერაში მეცამეტედ დაამარცხა რიშარ გასკე. მათ შორის ურიერთშეხვედრათა ანგარიში გახდა 13:2 მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის სასარგებლოდ.

14 - შვეიცარია მე-14 ქვეყანაა, რომელმაც დევისის თასზე გაიმარჯვა. ბოლოს სადებიუტო გამარჯვება სერბეთმა მოიპოვა 2010 წელს. სხვათა შორის, მაშინ ნოვაკ ჯოკოვიჩის გუნდმა ფინალში ასევე საფრანგეთი დაამარცხა. ფრანგებს ცხრაჯერ აქვთ მოგებული ყველაზე პრესტიჟული გუნდური ტურნირი.

15 - 1999 წელს, 15 წლის წინ როჯერ ფედერერს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში. ამასთან, მან პირველივე მატჩში იტალიასთან ორი ერთეულთა შეხვედრა ჩაატარა და ერთი მოიგო.

50 - სტენ ვავრინკამ 50-ე მატჩი ჩაატარა დევისის თასზე. მის ანგარიშზე 25 მოგება და ამდენივე მარცხია. პირველად ეს ჩოგბურთელი შვეიცარიის ნაკრებში 2004 წელს მიიწვიეს. მაშინ ახალგაზრდა სტენმა სადებიუტო შეხვედრა რუმინელ ვიქტორ ჰანესკუსთან წააგო. პირველი მოგება კი ვავრინკამ ერთი წლის შემდეგ, ბრიტანელი ენდი მარეის წინააღმდეგ გაიფორმა.

97 - სამი მატჩი აკლია როჯერ ფედერერს დევისის თასზე საიუბილეო მე-100 შეხვედრამდე. მან 97 მატჩი ჩაატარა ამ ტურნირზე.

508 - შვეიცარიის ნაკრების მეოთხე წევრი მიხაელ ლემერი ATP-ის კლასიფიკაციაში მხოლოდ 508-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის, გამხდარიყო დევისის თასის მფლობელი. საინტერესოა, რომ 32 წლის ჩოგბურთელმა ორი ერთეულთა მატჩი ჩაატარა წელს, ოღონდ კორტზე მაშინ გადიოდა, როცა მთლიანად მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ლამერმა სამ სეტში წააგო დუშან ლაიოვიჩთან და ანდრეას სეპისთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული