ქართველთაგან მხოლოდ სოფიო ქვაცაბაიამ იყოჩაღა - მერვე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოს აჯობა - 6:2, 6:1 და მერვედფინალში გავიდა, სადაც შახიო საიდოვას (რუსეთი) მძლეველ (7:5, 4:6, 6:1) რებეკა სრამკოვასთან (სლოვაკეთი) გაარკვევს ურთიერთობას.
ტურნირზე განთესვით მეორე ნომერი ჰქონდა ეკატერინე გორგოძეს, მაგრამ გუშინ იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ ელინე ბოეიკენსთან (ბელგია) დამარცხდა - 5:7, 3:6. თამარ ჭალაგანიძე მეოთხე ნომერ რუმინელს - ირინა მარია ბარას დანებდა - 1:6, 2:6.
როგორც ვწერდით, მეოთხედფინალში ქვაცაბაია და ჩანთალ სკამლოვა (სლოვაკეთი) ელინე ბოეიკენსსა (ბელგია) და მელანი სტოკეს (ნორვეგია), ხოლო გორგოძე და ნასტია კოლარი (სლოვენია) დიანა ბუზეანს (რუმინეთი) და იასმინ გულმანს (თურქეთი) დაუპირისპირდებიან.
ვაჟთა ტურნირში სუსტად იასპარეზა გიორგი ცივაძემ - ჯერ ალექსანდრ იარკოვთან (რუსეთი) ერთად წყვილებში დამარცხდა სტარტზე ტუნა ალტუნას (თურქეთი) და ბოგდან აპოსტოლის (რუმინეთი) დუეტთან, გუშინ კი ერთეულებში უკრაინელ დენის მილოკოსტოვთან წააგო - 6:7, 3:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"