რა არის 2015 წლის მთავარი ინტრიგა ქალთა ჩოგბურთში?

AutoSharing Option
ბოლო წლებში ქალთა ჩოგბურთში ბევრი ნიჭიერი რუმინელი ჩოგბურთელი გამოჩნდა. შეგვიძლია დავასახელოთ მონიკა ნიკულესკუ, რომელსაც თამაშის უჩვეულო სტილი აქვს; ალექსანდა კადანტუ, ირინა-კამელია ბეგუ. ჯერჯერობით ისინი უშედეგოდ უტევენ ტიტულებს WTA-ს "250" კატეგორიის ტურნირებზე.

მათზე ოდნავ უფრო წინ წავიდა სორანა კირსტეა, თუმცა მას ანა ივანოვიჩთან ერთობლივი ფოტო უფრო მეტი აქვს, ვიდრე მოპოვებული ტიტულები. მოკლედ, რუმინული ფეხბურთი ერთ ადგილს ტკეპნიდა იქამდე, სანამ ერთმა ტანმორჩილმა და მოკრძალებულმა გოგონამ თავისთვის არ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია. რა იყო ცნობილი შარშანდელი სეზონის წინ სიმონა ჰალეპის შესახებ?

ერთი რიგითი ჩოგბურთელი არასაჩოგბურთო ქვეყნიდან, რომელიც უმნიშვნელო ტურნირებზე მაქსიმუმ, მეოთხედფინალამდე აღწევდა, "დიდი სლემის" ტურნირებზე კი მისი მაქსიმუმი მეორე-მესამე წრე იყო. მოკლედ, სიმონა თავის უკვე ნახსენებ თანამემამულეების დონეზე თამაშობდა. 2008 წელს მან იუნიორთა შორის "როლან გაროსი" მოიგო, მაგრამ ცნობილია, რომ იუნიორთა "სლემი" არ იძლევა ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის გარანტიას.

* * *
დიდი ხანი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი მხოლოდ შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებით იყო ცნობილი, მოგვიანებით კი მან გაიკეთა სახელგანთქმული ოპერაცია - მკერდი დაიპატარავა და... კიდევ უფრო ცნობილი გახდა. მაგრამ, ამასთან, სიმონას მამაკაცი თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, ხოლო მისი მონაწილეობით ITF-ის ტურნირების დასწრება მკვეთრად დაეცა. ასე რომ, სიმონას ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღების დაბრუნების ერთადერთი ვარიანტი რჩებოდა - მიეღწია მაღალი შედეგებისთვის. და მან ეს მოახერხა.

იმ ცნობილი ოპერაციიდან უკვე ერთი წლის შემდეგ ჰალეპმა ITF-ის ტურნირებზე საკმარისი ქულები დააგროვა იმისთვის, რომ TOP100-ში შეეღწია. 2011 წელს, WTA-ს ტურნირებზე წარმატებული თამაშის წყალობით, TOP50-ში შევიდა. გარდა ამისა, უიმბლდონზე სეტი მოუგო სერენა უილიამსს და კინაღამ მოიპოვა WTA-ს პირველი ტიტული მაროკოში.

ანგარიშგასაწევი ძალა პროფესიულ ტურში 2012 წელს გახდა, მაგრამ პირველი ტიტულის მოგებას მაინც ვერ ახერხებდა. სამაგიეროდ, ნავსი გატეხა მომდევნო წელს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გრუნტის ტურნირზე და პროგრესიც დაიწყო - სიმონამ WTA-ს კიდევ ხუთი ტურნირი მოიგო სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში. თანაც უნიკალური მიღწევა ჰქონდა - ერთ სეზონში გაიმარჯვა გრუნტზე, ბალახზე, ღია და დახურულ ჰარდზე. საჩოგბურთო სამყარომ მიიღო უნივერსალი ჩოგბურთელი და გაჩნდა ინტრიგა - რა იქნება შემდეგ?

ასეთ შემთხვევებში, როცა კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებ, ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი წელი - შესაძლებელია ჩავარდნები თამაშში, დამაჯერებლობისა და კონცენტრაციის დაკარგვა, პრობლემები მწვრთნელებთან და ბოიფრენდებთან... სიმონამ ეს ყველაფერი თავიდან აიცილა, თან თანამშრომლობა დაიწყო ვიმ ფისეტთან, რომელმაც, თავის დროზე, უხელმძღვანელა კიმ კლაისტერსის კორტზე დაბრუნებას და უიმბლდონის ფინალში გაიყვანა საბინ ლისიცკი. შედეგმაც არ დააყოვნა: ზამთარში - მოგება დოჰაში და ნახევარფინალი ინდიან უელსში; გაზაფხულზე - ფინალები მარია შარაპოვასთან მადრიდსა და პარიზში; ზაფხულში - ნახევარფინალი უიმბლდონზე ეჟენი ბუშარის წინააღმდეგ; შემოდგომაზე - სერენა უილიამსის განადგურება წლის შემაჯამებელ ტურნირზე. მეორე სეზონის სინდრომი ჰალეპისთვის საერთოდ არ არსებობდა.

* * *
მაგრამ ცხოვრება სავსეა უსამართლობებით - ჰალეპმა გასულ სეზონში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, მაგრამ წაგებებითაც დაგვამახსოვრა თავი. მაგალითად, წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში სერენა უილიამსის წინააღმდეგ, როცა 2:1-სა და საკუთარ მოწოდებაზე 40:15-ს იგებდა, მაგრამ ერთმა ორმაგმა შეცდომამ შემოაბრუნა მატჩის ბედი - 3:6, 0:6.

კიდევ "როლან გაროსის" ფინალი მარია შარაპოვას წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დაპირისპირება. მაგრამ ეს ნაკლები შვებაა რუმინელისთვის. ასევე არ იყო სამართლიანი უიმბლდონის ნახევარფინალში ბუშართან წაგება, მით უმეტეს, რომ წინა ორი მატჩი სიმონას მოგებული ჰქონდა კანადელისთვის.

სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა გახდეს მომავალ სეზონში ჰალეპისთვის მოტივაცია. მაღალი რეიტინგი და დიდი ჰონორარები კარგია, მაგრამ რუმინელი აუცილებლად დაისახავს მიზნად "დიდი სლემის" ტურნირის მოგებას. შესაძლოა, ამის გამო ნოემბრის დასაწყისში მან შეწყვიტა თანამშრომლობა ვიმ ფისეტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ გაუშვებდა მწვრთნელს კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონის შემდეგ?!

სუსტი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, ჰალეპს ყველა მონაცემი გააჩნია. მას ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოწოდება გააჩნია ტურში, თან არ აქვს მიდრეკილება ჩავარდნებისკენ, როგორც ეს ქალთა ტურშია გავრცელებული, როცა მოულოდნელად, არაფრისგან ხუთ-ექვს გეიმს აგებენ ზედიზედ (გამონაკლისია უკვე ნახსენები მატჩი სერენასთან, მაგრამ ამერიკელთან ვის არ წაუგია ზედიზედ ექვსი გეიმი?).

სიმონას თამაშის კიდევ ერთი მახასიათებელია - ძლიერი ბექჰენდი. ფორჰენდის დახმარებით ის ცდილობს, არბენინოს კორტზე მეტოქე, მაგრამ შეტევის დასრულება მომაკვდინებელი ბექჰენდით ურჩევნია.

ჰალეპს კორტზე მრისხანე მზერა აქვს, სამაგიეროდ, ინტერვიუებისას ისევ მოკრძალებულ გოგონად გადაიქცევა ხოლმე. ცდილობს შეუმჩნეველი იყოს მრავალრიცხოვან საჩოგბურთო ღონისძიებებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ჩოგბურთზეა კონცენტრირებული. სოციალურ ქსელშიც კი მხოლოდ ამა წლის ივლისში გამოჩნდა და სწრაფად შეაგროვა "ფეისბუქზე" მილიონი ხელმომწერი. თუმცა სიმონა აქაც სხვებისგან გამორჩეულია - იმ დროს, როცა მისი მეტოქეები მოდის ჩვენებებიდან ან საკალათბურთო მატჩებიდან ავრცელებენ საკუთარ ფოტოებს, ჰალეპი ანგარიშს გვაბარებს სატრენაჟორო დარბაზში გაწეული სამუშაოს შესახებ.

მომდევნო სეზონში რუმინელ გოგონას, პირველ რიგში, "დიდი სლემის" ტურნირები დააინტერესებს, მაგრამ ზეწოლა მასზე არც ისე დიდი იქნება, რადგან ჰალეპი ახალგაზრდაა და კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვების მისაღწევად დრო ძალიან ბევრი აქვს. მთავარი ისაა, რომ სიმონას სახით ქალთა ჩოგბურთში კიდევ ერთი ინტრიგა გაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული