სოფიო შაფათავა ინდური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა ინდურ პუნეში, ქალთა (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობის სტარტზე რუს მარგარიტა ლაზარევასთან ერთად ინდოელებთან - შარმადაა ბალუუსა და პრარტანა ტომბარესთან დამარცხდა.

24 დეკემბერს მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ერთეულებში აიღო რევანში: ტომბარეს სამ სეტში აჯობა - 6:4, 6:7, 7:6 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კვალიფიკაციიდან აღზევებულ პოლონელს - მაგდალენა ფრეჩს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა შაფათავას მეწყვილე ლაზარევა ჩამოიშორა გზიდან - 6:27 7:5. მეოთხედფინალის დანარჩენ წყვილებში ითამაშებენ: ანასტასია ვასილიევა (უკრაინა)-ქეით დანი (დიდი ბრიტანეთი), ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი)-ანკიტა რაინა
(ინდოეთი), ელენ ალგურინი (შვედეთი)-კრისტინა ენე (რუმინეთი).

წყვილთა ნახევარფინალში იასპარეზებს პირველ ნომრად განთესილი თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დუეტი.

24 დეკემბერს ამ ტანდემმა დიანა ბოგოლისა (უკრაინა) და პოლინა ლეიკინას (რუსეთი) მოუგო - 6:4, 6:0 და გზიდან ინდოელების - რუტუჯა ბოსალეს და ნიდხი ჩილუმულას ჩამოშორებას შეეცდება. აზიელებმა თანამემამულეებს - ბალუუსა და ტომბარეს აჯობეს - 6:1, 6:2. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ანა მორგინა (რუსეთი)-ნინა სტოიანოვიჩი და მიიაბი ინოე-მიკი მიიამურა გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული