როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-1000 მოგება იზეიმა

AutoSharing Option
ქალების მსგავსად, გასულ კვირას მამაკაცთა ტურშიც სამი ტურნირი ჩატარდა. შემადგენლობის მხრივ, დოჰას ტურნირი თითქოს დანარჩენ ორს სჯობდა და აქ ყველა ელოდა ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის მორიგ დაპირისპირებას, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. ამასობაში კი ყველაფერი გადაფარა როჯერ ფედერერის მორიგმა ისტორიულმა მიღწევამ - შვეიცარიელმა ბრისბენში კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგო.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფედერერი სეზონის პირველ ტურნირს იდეალურ ფორმაში შეხვდა. მის პირველ მატჩში კინაღამ სენსაცია დაფიქსირდა - მსოფლიოს 159-ე ჩოგანმა ჯონ მილმანმა ლეგენდას პირველი სეტი მოუგო და მეორეში ბრეიკით
დაწინაურდა, მაგრამ ავსტრალიელი მალე დაუშვეს ციდან დედამიწაზე. მეორე წრეს შვეიცარიელი მობილიზებული შეხვდა და ერთი გეიმი გაიმეტა ჯეიმს დაკუორტისთვის.

ბევრს ელოდნენ ფედერერისა და გრიგორ დიმიტროვის შეხვედრისგან - ბულგარელს ხშირად ადარებენ როჯერს თამაშის მანერის მიხედვით. მაგრამ მეოთხედფინალში მათი ბრძოლა არ შედგა - ფედერერი ერთი თავით მაღლა იდგა და მეტოქეს ერთი ბრეიკის შესრულების საშუალებაც არ მისცა.

გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიელის მეტოქე მილოშ რაონიჩი გახდა. კანადელმა დიდი გაჭირვებით გააღწია ფინალში, როცა ორი გადამწყვეტი ტაი-ბრეიკი მოუგო ავსტრალიელ სამუელ გროტს. მილოშმა ამ მატჩში ისე გაიმარჯვა, რომ არც ერთი ბრეიკი არ შეუსრულებია.

ნახევარფინალში რაონიჩსა და კეი ნიშიკორის შორის ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა შედგა. მათ სამი ტაი-ბრეიკი აჩუქეს მაყურებელს. გადამწყვეტ მომენტებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოწოდებამ - კანადელს 34 ეისი დაუგროვდა.

როგორც წესი, რაონიჩის წინააღმდეგ ფედერერი ერთი და იგივე სქემით თამაშობს: ძირითადი ყურადღება მოწოდებას ეთმობა და ამასთან, შვეიცარიელი მეტოქის ჩავარდნას ელოდება. კანადელი ფსიქოლოგიურად არ არის მზად, მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნოს საკუთარი მოწოდება და ხშირ შემთხვევაში, ფედერერს ერთი ბრეიკიც ჰყოფნის საქმის ბოლომდე მისაყვანად.

ამჯერად, როჯერმა ბრეიკი უკვე მეორე გეიმში შესრულა და უპრობლემოდ მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე. რაონიჩმა მეორე სეტის სტარტზეც დაკარგა საკუთარი მოწოდება, მაგრამ არ დანებდა. მილოშმა აგრესიული თამაშით შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება და აღადგინა თანაფარდობა, შემდეგ კი დამაჯერებლად ჩაატარა ტაი-ბრეიკი.

მესამე პარტია მთლიანად ტურნირის მშვენება გამოდგა. რაონიჩს დებიუტში რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო შანსის გამოყენება, შემდეგ კი ორჯერ გადაარჩინა საკუთარი გეიმი. ასეთ დაძაბულ თამაშში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფედერერი მაინც გატეხდა მეტოქის წინააღმდეგობას, რადგან რაონიჩს ხშირად დამაჯერებლობა არ ჰყოფნის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. 5:4-ზე კანადელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და ფედერერს მატჩბოლი მისცა. როჯერმა საჩუქარი მიიღო და ასეთ რთულ ბრძოლაში მოიგო კარიერაში მე-1000 შეხვედრა.

ფედერერი მესამე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. უფრო მეტი მოგება მხოლოდ ჯიმი კონორსსა (1253) და ივან ლენდლს (1071) აქვთ. შვეიცარიელს მეორე ადგილზე გადასვლა ნამდვილად შეუძლია.

* * *
დოჰაში გაიმართა კვირის ყველაზე სენსაციური ტურნირი. რაფაელ ნადალი პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ვერ გაუძლო ივო კარლოვიჩის მოწოდებებს. თუმცა ხორვატმა გადამწყვეტ ტაი-ბრეიკში დათმო ნახევარფინალი დავიდ ფერერთან. ასეა თუ ისე, კარლოვიჩი სეზონის სტარტზე შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და არც ერთი წამყვანი მოთამაშე არ ისურვებს ავსტრალიის ღიაზე მასთან შეხვედრას.

დოჰას ტურნირის ფინალში ფერერი ტომაშ ბერდიხს გაუსწორდა. ჩეხისთვის ტურნირი ძალიან იოლად მიმდინარეობდა და როგორც ჩანს, ამან მოადუნა მისი ყურადღება. ფერერმა ორ სეტში შეძლო ტომაშის დამარცხება, არადა, პერიოდულად კარგავდა ინიციატივას - ბერდიხმა ორი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის. ფერერმა 6:4, 7:5 მოიგო და კარიერაში 22-ე ტიტული მოიპოვა. თანაც, ესპანელი ზედიზედ მეექვსე სეზონია, მინიმუმ, ერთი ტურნირის მოგებას ახერხებს.

* * *
სტენ ვავრინკამ გაამართლა განთესვის პირველი ნომერი ინდოეთში. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, ამის გაკეთება რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ავსტრალიის ღიას მოქმედ ჩემპიონს არცერთ ეტაპზე არ შეხვედრია მეტოქე ტოპ-ოცეულიდან. ტურნირის მთავარი მოულოდნელობა კი სლოვენიელი ალიაჟ ბედენეს პროგრესი იყო. მან ფინალამდე სამი ესპანელი დაამარცხა - ფელისიანო ლოპესი, გარსია-ლოპესი და ბაუტისტა-აგუტი.

გადამწყვეტ მატჩში ვავრინკასთან კი არც ძალა და არც კლასი აღარ ეყო. სტენმა დიდი უპირატესობით მოიგო და ჩენაიში მესამე ტიტული მოიპოვა.

დოჰა (ყატარი)
ფინალი
დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 2) 6:4, 7:5.

ბრისბენი (ავსტრალია)
როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 3) 6:4, 6:7(2), 6:4.

ჩენაი (ინდოეთი)
სტენ ვავრინკა (შვეიც,1)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული