როჯერ ფედერერმა ზღვაში ჩოგბურთი ითამაშა

AutoSharing Option
სიდნეიში საინტერესო საჩვენებელი შეხვედრა ჩაატარეს შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა. მატჩი ახალი ექსპერიმენტული ფორმატით მიმდინარეობდა, რომელსაც "სწრაფი ჩოგბურთი" ჰქვია.

ამ ფორმატის ძირითადი წესები ასეთია: მატჩები ხუთსეტიანია, ანუ მოგებისთვის სამი პარტიის აღებაა საჭირო; თითო სეტში თამაში ოთხი გეიმის მოგებამდე მიდის; 3:3-ზე იმართება ტაი-ბრეიკი, რომელიც ასევე განსხვავებულია - "შემოკლებული გეიმის" მოსაგებად არა შვიდი, არამედ ხუთი ქულის მოგებაა საჭირო; და კიდევ - თუ გეიმში ფიქსირდება ანგარიში 40:40, თამაში არ გრძელდება "მეტი/ნაკლების" პრინციპით და გეიმის ბედს ერთი ქულა წყვეტს.

სწორედ ასეთი ფორმატით
ითამაშეს ვეტერანებმა და კარგი სპექტაკლიც აჩუქეს მაყურებელს. მატჩი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა - 4:3(5), 2:4, 3:4(3), 4:0, 4:2.

"სავარაუდოდ, ასეთი ფორმატით მატჩების ხანგრძლივობა საათსა და 45 წუთზე მეტი არ იქნება. ეს საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან მატჩზე არ დამჭირდება შვიდი მაისურის წაღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატი იმ დროს, როცა შეხვედრები სიცხეში ან მაღალი ტენიანობისას იმართება", - განაცხადა ფედერერმა.

"მსგავსი ფორმატი და ასეთი მატჩები უფრო მეტ ყურადღებასა და პოპულარობას მოუტანს ჩოგბურთს. აქ საქმე არ არის მხოლოდ ახალგაზრდობის მოზიდვაზე. ხალხი უფრო მეტს ილაპარაკებს ჩოგბურთზე და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტის განვითარებას", - დაამატა ჰიუიტმა.

ამ შეხვედრამდე ფედერერმა და ჰიუიტმა კიდევ ერთ საინტერესო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ კატერებზე ამხედრებულებმა სიდნეის ყურეში ითამაშეს ჩოგბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული