სოფიო შაფათავამ წელი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა 2015 წელს კორტებზე პირველად გავიდა.

იგი ამჟამად ამერიკაში იმყოფება და დეიტონა ბიჩის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაება.

ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ჩეხი კატერინა კრამპეროვა დაამარცხა - 6:3, 6:3 და მერვედფინალში პაულა კრისტინა გონსალესს (ბრაზილია) შეხვდება.

ამ უკანასკნელმა ოლგა საეს ლარას (ესპანეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:2.

წყვილებში შაფათავა უნგრელ რეკა-ლუკა იანისთანაა შეამხანაგებული და სტარტზე გზიდან ამერიკელების - სოფი ჩანისა და ენდი დანიელის ჩამოშორებას შეეცდება.

ტუნისში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან
საერთაშორისო ტურნირში, როგორც გაუწყეთ, მარიამ ბოლქვაძემ წყვილებში, იულია ბრიზგალოვასთან ერთად, ფრანგებს - რომეოს და თანიელიანს აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე იქნება იტალიელების - კორინა დენტონისა და ჯორჯია მარჩეტის დუეტი, რომელმაც ფრანგების - ალიქს კოლომბოს და ჯენიფერ სერბინეს ტანდემი დაჯაბნა.

ბოლქვაძემ, სამწუხაროდ, ერთეულებში ვერ იყოჩაღა - პირველივე შეხვედრა დათმო ეგვიპტელ სანდრა სამირთან - 4:6, 3:6.

ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა პაექრობას პირველსავე წრეში გამოეთიშა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც შეჯიბრებაში იაპონელ კურუმი ნარასთან ერთად ჩაება.

ქართულ-იაპონური დუეტი გერმანელი მონა ბარტელისა და ლუქსებურგელი მენდი მინელას ტანდემთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული