სოფიო ქვაცაბაიამ ანტალიის ტურნირზე მეორე ორთაბრძოლაც მოიგო

AutoSharing Option
ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

ერთეულებში მე-5 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ მეორე ორთაბრძოლაც მოიგო. ამჯერად მან ბრაზილიელი ინგრიდ გამარა მარტინსი ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 6:2 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის სტარტზე ეკატერინე გორგოძის მძლეველ კრისტინა შმიედლოვას (სლოვაკეთი) დაუპირისპირდება.

22 იანვარს ამ უკანასკნელმა მელისა შენოვიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) აჯობა - 6:0, 6:1.

წყვილებში გორგოძემაც იასპარეზა (ორი დღის წინათ მან ერთეულებში ტრავმის გამო მეორე სეტის გაგრძელება ვერ შეძლო) და სოფიო ქვაცაბაისთან ერთად ქართველთა დუეტმა, რომელიც ასპარეზობის მეორე ნომერია, ინგრიდ
გამარა მარტინსისა (ბრაზილია) და ელისა ვანგანგენდონსკის (ბელგია) ტანდემი დაამარცხა - 6:2, 6:1.

ჩვენები ნახევარფინალში ჩინელებს - სიიუ ჩენსა და იაჰონ ლის გაუწევენ მეტოქეობას. აზიელებმა მეოთხე ნომრად განთესილი ამერიკელები - დანიელ მილსი და თინა ტეჰრანი დაჯაბნეს - 6:7, 6:3, 10:7. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: მელის სეზერი (თურქეთი), ჩანელ სიმონდსი (სამხრეთი აფრიკა)-აილა აქშუ (თურქეთი), ლენკა ვიენდეროვა (სლოვაკეთი).

ტუნისის 10.000-იანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს წყვილებში მარიამ ბოლქვაძეც, რომელმაც იულია ბრიზგალოვასთან ერთად (ისინი ტურნირის მე-4 ნომრები არიან) გუშინ იტალიელები - კორინა დენტონი და ჯორჯია მარჩეტი დაამარცხა - 6:3, 6:4. ქართულ-რუსული დუეტი ნახევარფინალში მეტოქეობას გაუწევს რეიტინგფავორიტებს - ესტელ კასკინოს (საფრანგეთი) და ისაბელა შინიკოვას (ბულგარეთი), რომლებმაც იაპონელებს - ტომიკო დოკეის და მიჩიკა ოზეკის მოუგეს - 6:4, 6:1.

ნახევარფინალში გავიდნენ მეორე და მესამე ნომერი დუეტები: ქრისტინა ჰრაბალოვა, ვენდულა ზოვინკოვა (ორივე - ჩეხეთი) და მირტილ ჟორჟესი, სელინ გესკერი (ორივე - საფრანგეთი).

წყვილებში იყოჩაღა საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ, რომელიც დეიტონა ბიჩის (აშშ) 25.000-იან ტურნირში მონაწილეობს. ჩვენებურმა უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან ერთად ორ სეტში აჯობა სოფი ჩანგსა და ენდი დანიელს (ორივე - აშშ) - 6:2, 6:3. მეოთხედფინალში შაფათავა და იანი ელის მარტენსსა (ბელგია) და არანტხა რუსს (ჰოლანდია) შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული