ავსტრალიის ღია პირველობა: ისევ ჯოკოვიჩი და ვავრინკა

AutoSharing Option
მშვიდად ჩაიარა მამაკაცთა ბადეში მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო ნაწილმა. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ სამ სეტში მოიგეს თავიანთი მატჩები და იოლად გააღწიეს ნახევარფინალში.

ვავრინკას დაავიწყდა, რას ნიშნავს იანვარში წაგება. შარშან სტენმა ჯერ ჩენაის ტურნირი მოიგო, შემდეგ კი ავსტრალიის ღიაზე გაიმარჯვა და ჯერჯერობით ანალოგიური გზით მიიწევს წინ 2015 წელს. იანვარში შვეიცარიელის მოგებათა სერია 19 მატჩამდე ავიდა.

ვავრინკამ მეოთხედფინალამდე ისე მიაღწია, რომ მხოლოდ ერთი სეტი წააგო ოთხ მატჩში, მაგრამ გუშინ მას სერიოზული მეტოქე ელოდა იაპონელი კეი ნიშიკორის სახით. ეს ის ჩოგბურთელია,
რომელმაც შარშან, აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში მოუგო ვავრინკას. მაგრამ აზიელმა ამჯერად ვერ შეძლო თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება.

პირველი ორი სეტის უშანსოდ წაგების შემდეგ ნიშიკორიმ მხოლოდ მესამე სეტში მოახერხა გაბრძოლება. მან პირველმა შეასრულა ბრეიკი, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, შემდეგ კი პატარა სასწაული ჩაიდინა ტაი-ბრეიკზე, როცა 1:6-ზე ხუთმაგი მატჩბოლი მოიგერია. ამ სეტის მოგებას, შესაძლოა, ფსიქოლოგიური უპირატესობა მოეტანა იაპონელისთვის, მაგრამ 6:6-ზე შეცდომა დაუშვა და ვავრინკამ მეექვსე მატჩბოლით თავის სასარგებლოდ დაასრულა შეხვედრა - 6:3, 6:4, 7:6(6).

სტენმა 20 ეისი ჩააწოდა, თუმცა მხოლოდ 23 "ვინერსი" ჰქონდა და ამის კომპენსირება პირველი მოწოდებით ქულების 86 პროცენტის აღებით შეძლო.

* * *
ასევე ხანმოკლე აღმოჩნდა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და მილოშ რაონიჩის მეოთხედფინალი. სერბს გამოჭერილი ჰყავს კანადელი - ხუთიდან ხუთი მოგება აქვს და თან ერთადერთი სეტი დაუთმო ახალგაზრდა ჩოგბურთელს.

გუშინ მთელი მატჩის განმავლობაში რაონიჩს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მოუპოვებია. პირველ სეტში ის ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, მაგრამ წააგო ტაი-ბრეიკი, მეორე და მესამე სეტებში კი კანადელი ვეღარც თავის გეიმებში იყო მოწოდების სიმაღლეზე და ამან ჯოკოვიჩს საქმე გაუადვილა. სერბს ერთი ჩავარდნაც არ ჰქონია მთელ შეხვედრაში. მეორე და მესამე პარტიებში მან მხოლოდ ორ-ორი ქულა დათმო საკუთარ გეიმებში და ჯამში, სამჯერ აიღო რაონიჩის მოწოდება.

ჯოკოვიჩი და ვავრინკა ზედიზედ მესამედ შეხვდებიან ავსტრალიის ღია პირველობაზე. ორი წლის წინ, მერვედფინალში ნოვაკმა მეხუთე სეტში 12:10 მოიგო, შარშან კი სტენმა რევანშის აღება შეძლო - მეოთხედფინალში გადამწყვეტ სეტში 9:7 გაიმარჯვა.

კაცები
1/4-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 8) 7:6(5), 6:4, 6:2; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5) 6:3, 6:4, 7:6(6).

1/2-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ენდი მარეი (ბრიტ, 6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული