ქართველი ჩოგბურთელები საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით გამოდიან

AutoSharing Option
ამერიკულ სანსაისში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით აიღო სტარტი თბილისელმა სოფიო შაფათავამ.

ერთეულთა თანრიგში მან სტარტზე ბრაზილიელი ბეატრის ჰადად მაია ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:1.

მერვედფინალში ჩვენებურს მეტოქეობას გაუწევს მასპინძელი მარია სანჩესი, რომელმაც პირველ წრეში მესამე ნომრად განთესილ გერმანელს - დინაჰ ფრიზენმაიერს აჯობა - 2:6, 7:6, 7:5.

დიდბრიტანელ ემილი ვებლი-სმიტთან შეამხანაგებულმა და ასპარეზობის მე-4 ნომრად განთესილმა შაფათავამ წყვილებში იყოჩაღა - ტურნირზე "ველური ბარათით" მიწვეული ამერიკელები - ბრიტნი და ბინსი კალლა რიცოლო დაჯაბნა - 4:6,
6:2, 10:5. მეოთხედფინალში სოფიო და ემილი იულიანა ლიზარაზოს (კოლუმბია) და მარია ცაკარის (საბერძნეთი) დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ლიზარაზომ და ცაკარიმ ორ სეტში ამერიკელებს - იან აბაზას და ალექსანდრა მიულერს დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:2, 6:4.

ანტალიაში ქალთა 10.000-იანი ტურნირის სტარტი, როგორც გაუწყეთ, წარმატებით აიღო სოფიო ქვაცაბაიამ - მეექვსე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ჩინელი იაა ჩაო დაამარცხა და მერვედფინალში რუს ნიკა კუხარჩიკს დაუპირისპირდება.

ამ ტურნირში მონაწილეობს ეკატერინე გორგოძე, რომელიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტია.

პირველ წრეში გორგოძემაც ჩინელი ჩოგბურთელი დაამარცხა, იან ჟანი - 6:1, 6:2 და მეორე წრეში ვიქტორია მუნტეანის (საფრანგეთი) მძლეველ (6:3, 6:4) რებეკა სტოლმარს (უნგრეთი) შეხვდება.

გორგოძემ და ქვაცაბაიამ წყვილებშიც წარმატებით ითამაშეს - ქართველთა დუეტმა, რომელსაც პირველი განთესვა აქვს, გერმანელებს - მიხაელა ერკენსსა და ჰანა ლანდენერს აჯობა - 6:4, 6:3.

ჩვენებურები მეოთხედფინალში რეგინა ჰუსაკსა (ჰოლანდია) და დუნია სტამენკოვიჩს (სერბეთი) გამოცდიან. ამ ინტერნაციონალურმა ტანდემმა გზიდან "ველური ბარათით" მიწვეული გერმანელები - პატრისია ბოენტგენი და ნინა-იზაბელა შოლტენი ჩამოიშორა - 6:4, 6:3.

თანამემამულეებს ბოლომდე ვერ აუბა მხარი ახალგაზრდა მარიამ ბოლქვაძემ. მართალია, წყვილებში საბინა სლავიკოვიჩთან (უნგრეთი) შეამხანაგებულმა ჩვენებურმა პირველ წრეში მირაბელ ნჯოზეს (დიდი ბრიტანეთი) და მარია ზოტოვას (რუსეთი) მოუგო (6:1, 4:6, 10:6) და მეოთხედფინალში სილვია ჟირიჩისა (ხორვატია) და ოლგა პარეს აზკოიტიას (ესპანეთი) შეხვდება, მაგრამ ერთეულებში ბელგიელ მარი ბენოიტს დანებდა - 4:6, 4:6.

ტუნისში თამაშობდა თამარ ჭალაგანიძეც. პირად პირველობაში იგი საკვალიფიკაციოში დამარცხდა, წყვილებში კი გუშინ ჭალაგანიძემ და ესპანელმა ქრისტინა სანჩეს-ქუინტანარმა რეიტინგფავორიტებთან - იზაბელა შინიკოვასა და ჩანთალ სკამლოვასთან წააგეს - 2:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული