ქართველი ჩოგბურთელები: ეკა გორგოძე პირველია, სოფიო შაფათავა - მეორე

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ქალები გასულ კვირას ესპანეთისა და იტალიის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდნენ. ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია სევილიაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ცდიდნენ ძალებს.

ერთეულთა შორის მათ, როგორც ვწერდით, საკვალიფიკაციოდან ძირითად ბადეში ვერ გააღწიეს, სამაგიეროდ, წყვილებში გამოიჩინეს თავი: გორგოძემ რუს ვიქტორია კანთან ერთად ჯერ ტატიანა ბაიასა (არგენტინა) და ივონე კავალე რეიმერსს (ესპანეთი) მოუგო - 2:6, 6:0, 10:7, შემდეგ ხენია კნოლი (შვეიცარია) და ალისა მატეუცი (იტალია) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:3, 11:9, ნახევარფინალში ალიონა ბოლშოვა-ზადოინოვისა (ესპანეთი) და ანდრეა გამისის (ვენესუელა) ტანდემს დააყრევინა
ფარ-ხმალი - 7:6, 1:6, 10:7, ხოლო გადამწყვეტ პაექრობაში სანდრა კლეიმენშიტსსა (ავსტრია) და დინაჰ ფიზენმაიერს (გერმანია) აჯობა - 6:3, 6:2.

ქვაცაბაიამ, იტალიელ კლაუდია ჯოვანისთან ერთად, ორი წრე განვლო: სტარტზე ესპანელებს - ხეორხინა გარსია-პერესსა და ოლგა პარეზს სძლია - 6:3, 6:3, მეორეში კი ელიზა კოსტოვა (ბულგარეთი) და ლაურა პოუს-ტიო (ესპანეთი) არ გამოუცხადდნენ. ნახევარფინალში კლემენშიტისა და ფიზებმაიერის წყვილთან დამარცხდა - 1:6, 1:6.

იტალიურ სოლარინოში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი თბილისელი სოფიო შაფათავა.

პირველ ორ წრეში მან ფრანგი კარლა ტოული (6:4, 3:6, 6:2) და უნგრელი ანა ბონდარი (6:7, 6:3, 7:6) დაამარცხა. მეოთხედფინალში ტრავმის გამო გლორია ლიანგთან (კანადა) პირველი სეტი (1:4) ვერ დაასრულა. ტრავმამ შეუშალა ხელი წყვილთა ბაექრობის დროსაც: შაფათავა და ოლგა დოროშინა (რუსეთი), რომლებიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტები იყვნენ, შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებნენ. ჯერ მარია მარინისა და ფრანჩესკა პალმიჯიანოს (ორივე -იტალია) მოუგეს - 3:6, 6:3, 6:2, შემდეგ მათ კვალს გაუყენეს მარტინა დი ჯუზეპე (იტალია) და კარლა ტოული (საფრანგეთი), ხოლო ფინალური შეხვედრა ლაურა შაედერსა (გერმანია) და იანეკ ვიკერინკთან (ჰოლანდია) დათმეს - 4:6, 6:2, 7:10 და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელები რამდენიმე ტურნირში იბრძოლებენ მთავარი პრიზისთვის. საფრანგეთის 10.000-იან შეჯიბრებაში ჩაებმებიან გორგოძე და ქვაცაბაია. ისინი წყვილებში ერთად ითამაშებენ. როგორც ასპარეზობის რეიტინგფავორიტები, მეტოქეებს მეოთხედფინალიდან დაუპირისპირდებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა და მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ შეიხში (ეგვიპტე, საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოვლენ. პირველ წრეში კალაშნიკოვას მეტოქეა კარინ კენელი (შვეიცარია), ხოლო ბოლქვაძე რუს ირინა ლიდკოვსკაიას შეხვდება, წყვილებში ბრიტანელ დანიელა კონოტოპცევასთან ერთად ლაურა დეიგრისა (დიდი ბრიტანეთი) და შეხადევი რედის (ინდოეთი) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

ალექსანდრე მეტრეველი ანტალიაში რჩება და იქვე ვაჟთა 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს.

აქვე ქალთა და ვაჟთა საჩოგბურთო ასოციაციების განახლებულ რეიტინგებში ჩვენებურთა მაჩვენებლებსაც გაგაცნობთ:

ქალები. 219 (222). სოფიო შაფათავა (223), 327 (319). ეკატერინე გორგოძე (110), 401 (369). სოფიო ქვაცაბაია (80), 520 (523). ოქსანა კალაშნიკოვა (45), 702 (702). მარიამ ბოლქვაძე (23), 858 (854). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (14), 1117 (1127). თამარ კუტუბიძე (5), 1211 (1217). მარიამ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 75 (76). კალაშნიკოვა (1050). 223 (227). შაფათავა (249), 271 (270). გორგოძე (201), 396 (394). ქვაცაბაია (112), 856 (856). ბოლქვაძე (21), 1200 (1194). ჭალაგანიძე (6).

ვაჟები. 180 (183). ნიკოლოზ ბასილაშვილი (280), 571 (362). ალექსანდრე მეტრეველი (54), 870 (877). გიორგი ცივაძე (18), 1293 (1222). გიორგი ჯავახიშვილი (5), 1450 (1438). ალექსანდრე ბაკში (3), 1730 (1724). ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული