ალექსანდრე მეტრეველმა კარიერაში მეხუთე 10.000-იანი ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
21 წლის თბილისელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა შარშან ყაზახეთში მოიგო თავისი პირველი 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი. წლეულს, გასულ უქმეებამდე სამჯერ მიაღწია მსგავს წარმატებას - ერთხელ თბილისსა და ორჯერ თურქეთში და აი, გუშინ, 9 აგვისტოს, კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება: სტამბოლში დამთავრდა ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო შეჯიბრება (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი).

მეტრეველმა ზედიზედ დაამარცხა მასპინძელი ალპ სენტაი - 6:2, 6:4, იტალიელი ნიკოლო აპოსტოლიკო - 6:1, 6:1, ირლანდიელი დანიელ გლანსი - 6:1, 6:0, ავსტრალიელი ბრედლი მაუსლი - 3:6, 7:6, 6:1 და ფინალში გავიდა, სადაც ესპანელ ხორდი
ვივესს დაუპირისპირდა.

პირველი ხელი ქართველმა ჩოგბურთელმა 6:2 მოიგო. მეორეში 5:2 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო ასპარეზობის დასრულება ვერ შეძლო. მთავარი პრიზი ჩვენებურს ერგო.

ამ კვირას მეტრეველი მინსკში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ჩაებმება მეშვიდე ნომრად. პირველ მეტოქედ რუსი ალექსანდრ ბუბლიკი ეყოლება. სანდრო ბუბლიკს წყვილებშიც ვერ ასცდა - უზბეკ სანჯარ ფაიზიევთან შეამხანაგებული სტარტზე ალექსანდრ ბუბლიკისა და ჯურაბესკ კარიმოვის ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

მინსკის ტურნირში მონაწილეობს გიორგი ჯავახიშვილიც, თუმცა იგი ერთეულთა შეჯიბრებას უკვე გამოეთიშა: საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე შეხვედრა მასპინძელ მიკალაი ჰალიაკთან ტრავმის გამო ვერ დაასრულა - 2:6, 1:4, არადა, მიხაილ ფუფიგინთან ერთად წყვილებში აქვს სათამაშო რუსების - ვიქტორ ბალუდას და ივან კალინინის დუეტთან.

რაც შეეხებათ ქალებს, თამარ ჭალაგანიძე ბურსაში 10.000-იან ტურნირში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული