სამ შეხვედრას თუ მოიგებს... ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს აშშ-ის ღია პირველობას იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 26 აგვისტოს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღია პირველობაში ჩაებმება. იგი სტარტს საკვალიფიკაციო ეტაპზე აიღებს.

23 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციით 97-ეა, ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში ჩვენებური რეიტინგით 218-ე საფეხურზე მყოფ ორიოლ როკა ბატალიას (ესპანეთი) დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში ნიკოლოზი მე-2 წრეში მიტჩელ კრუეგერსა (აშშ) და ნილს დესეინს (ბელგია) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

საგულისხმოა, რომ, უიმბლდონის ტურნირის მსგავსად, ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციოში სამ შეხვედრას თუ მოიგებს, ძირითად ბადეში თამაშის უფლებას და 25 სარეიტინგო ქულასაც მოიპოვებს.

* * *
რუმინეთში იმყოფება ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი სოფიო შაფათავა, რომელიც იქაურ 25.000-იან ტურნირში თამაშობს. ერთეულებში მესამე ნომრადაა განთესილი და სტარტზე მოლდოველი ალექსანდრა პერპერი გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში რუს ანასტასია კომარდინასთან შეამხანაგებულმა შაფათავამ პირველ წრეში მასპინძლებს - სიმონა ლონესკუსა და გაბრიელა ტატარუსს აჯობა - 6:1, 6:0 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასევე რუმინელებს - ნიკოლეტა-კატალინა დასკალუს და კრისტინა ენეს შეხვდება. ამ დუეტმა რამონა ჩიკუსა და ანდრადა სურდეანუს (ორივე - რუმინეთი) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:0.

* * *
თურქულ ანტალიაში, ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში გუშინ თამარ ჭალაგანიძე ბულგარელ იულია სტამატოვასთან (ბულგარეთი) დამარცხდა - 2:6, 1:6.

წყვილებში ჭალაგანიძე და ქსენია დმიტრიევა (რუსეთი) მასპინძლებს - იპეკ სევიკსა და დოგა სელენ ტაკუნიაჩს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული