ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას საკვალიფიკაციო მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 97-ე) აშშ-ის ღია პირველობაში მონაწილეობს. გუშინ, 26 აგვისტოს, იგი საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაება და სტარტზე რეიტინგით 218-ე საფეხურზე მყოფ ესპანელს - ორიოლ როკა ბატალიას დაუპირისპირდა.

ბასილაშვილმა მეტოქის დამარცხებას მხოლოდ 55 წუთი მოანდომა: პირველი ხელი 24 წუთში მოიგო - 6:2, მეორე სეტი კი 31 წუთს გაგრძელდა და ისიც ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით (6:4) დამთავრდა.

მეორე წრეში ჩვენებური მიტჩელ კრუეგერს (აშშ) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ნილს დესეინს (ბელგია) აჯობა - 6:1, 6:2. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად ბასილაშვილს კიდევ ორი
ბარიერი აქვს გადასალახავი.

* * *
რუმინულ მამაიაში, ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირში წარმატებით გამოდის თბილისელი სოფიო შაფათავა. გუშინ იგი ორჯერ გავიდა კორტზე და ორჯერვე გამარჯვებულმა დატოვა სარბიელი.

ჯერ ერთეულებში ცდიდა ძალებს: მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა პირველი წრის შეხვედრა მოლდოველ ალექსანდრა პერპერს იოლად მოუგო - 6:2, 6:3 და მერვედფინალში მასპინძელ კამელია-ელენა ხრისტეას გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა თანამემამულე სიმონა იონესკუ დაამარცხა - 7:5, 6:2.

წყვილებში შაფათავა, როგორც ვწერდით, რუს ანასტასია კამარდინასთან ერთად განთესვით მეოთხე ნომერია. სასტარტო ბარიერი მათ იოლად გადალახეს. ქართულ-რუსულ დუეტს არც მეოთხედფინალში შექმნია პრობლემები: რუმინელები - ნიკოლეტა დასკალუ და ქრისტინა ენე ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1.

ნახევარფინალშიც მასპინძლები - დიანა ბუზეანი და ქრისტინა დინუ ეყოლებათ მეტოქედ. კარპატელთა ტანდემმა სტარტზე რეიტინგფავორიტებს - სანდრა კლემენშიტსა (ავსტრია) და ანტონინა ლოტნერს (გერმანია) აჯობა - 6:4, 6:4, გუშინ კი მოლდოველები - ალექსანდრა პერპერი და ანასტასია ვდოვენკო გაისტუმრა მაყურებლებში - 6:3, 7:6.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ითამაშებენ: ანა მინაილა, იოანა როსკა (ორივე-რუმინეთი)-ქსენია კნოლი, ამრა სადიკოვიჩი (ორივე-შვეიცარია).

* * *
მარიამ ბოლქვაძე დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ასპარეზობს. სტარტი მან საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო.

პირველ წრეში მასპინძელ კამილა ანდერსონს სძლია - 6:2, 6:1, მეორეში საერთოდ მშრალზე დატოვა მისი თანამემამულე მანიშა ფოსტერი - 6:0, 6:0. გუშინ, ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში, ასევე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ეკატერინა იაშინასთან (რუსეთი) არკვევდა ურთიერთობას და ეს ბარიერიც ძალების დაუძაბავად დასძლია - 6:1, 6:2.

მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე შვეიცარიელი ვიქტორია გოლუბიჩი იქნება, რომელმაც გუშინ ბელგიელ კლაარტ ლიებენსს მოუგო - 6:3, 7:5.

* * *
თურქეთში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობაში წარმატებით ითამაშა თამარ ჭალაგანიძემ: რუს ქსენია დმიტრიევასთან ერთად მან სტარტზე მასპინძლებს - იპეკ სევიკსა და დოგა სელენ ტაკუნიაჩის 6:2, 4:6, 10:5 სძლია და მეოთხედფინალში მეოთხე ნომრად განთესილ დებორა კერფსა (ბელგია) და იანა მორდერგერს (გერმანია) შეხვდება.

პირველ წრეში ეს დუეტი ისვენებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ!!!!!!
დათო
12:20 27-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული