რეიტინგები: ვინ წავა სინგაპურში?

AutoSharing Option
ორი კვირა დარჩა ქალთა რეგულარული სეზონის დასრულებამდე, რის შემდეგაც, სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება.

ჯერჯერობით ცნობილია ამ ჩემპიონატის სამი მონაწილე: სიმონა ჰალეპი, მარია შარაპოვა და გარბინ მუგურუსა. სიაში უნდა ყოფილიყო ამერიკელი სერენა უილიამსიც, მაგრამ მან ვადაზე ადრე დაასრულა 2015 წლის სეზონი და ის ამოშალეს შესაბამისი რეიტინგიდან. ასე რომ, ჰალეპი პირველი გახდა, მუგურსა - მეორე და შარაპოვა - მესამე. ამ სამეულიდან არც ერთი სინგაპურამდე არსად თამაშს არ აპირებს.

მეოთხე ადგილზეა პეტრა კვიტოვა. მას სინგაპურში მოხვედრის ძალიან მაღალი შანსი აქვს, მაგრამ თეორიულად
ისიც შეიძლება მოხდეს, რომ პეტრას ხუთმა ჩოგბურთელმა გაუსწროს. ჩეხი მონაწილეობას მიიღებს მოსკოვის ტურნირში, თუმცა უფრო ადრეც შეიძლება მიაღწიოს მიზანს.

მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა ანჟელიკ კერბერმა. მან გადაწყვიტა არ გარისკოს და ამიტომაც, ჰონგ კონგის ტურნირზე უაილდ-ქარდი მოითხოვა, გარდა ამისა, მოსკოვშიც აქვს განაცხადი შეტანილი. საინტერესოა, რომ გერმანელს ამ ორ კვირაში 110 ქულა აქვს დასაცავი. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 170 ქულის დამატება შეუძლია რეიტინგში.

მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა აგნიეშკა რადვანსკამ. პოლონელი ოთხი კვირაა შეუსვენებლად თამაშობს. ის მეორე ნომრად არის განთესილი ტიანძინში. უჰანში ადრე გამოეთიშა ბრძოლას, ტოკიოსა და პეკინში კი თითქმის მაქსიმუმს მიაღწია. გარდა ამისა, უაილდ-ქარდი მოითხოვა მოსკოვის ტურნირზე. ამასთან, ფინალში გასვლის გარეშე, ის თავის რეიტინგს მნიშვნელოვნად ვერ შეავსებს.

მეშვიდე ადგილი ეკუთვნის ლუსი საფაროვს. ჩეხმა ყველა მსხვილი აზიური ტურნირი გამოტოვა ბაქტერიური ინფექციის გამო და ახლა, მისი სინგაპურში მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ კვირას, ლუსი დაბრუნდა კორტზე ლინცის ტურნირზე, მაგრამ უკვე პირველივე წრეში წააგო, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრება. მას ბევრი ქულა არ აქვს დასაცავი, ამიტომაც, მარაგის შევსების კარგი შესაძლებლობა გააჩნია.

TOP8-ს ავსებს ფლავია პენეტა. იტალიელი, რომელიც ბოლო სეზონს ატარებს კარიერაში, ტიანძინში სპეციალური მიწვევით ჩავიდა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა.

სულ რაღაც 20 ქულით ჩამორჩება პენეტას ტიმეა ბაშჩინსკი, მაგრამ მან უკვე დაკარგა სინგაპურში თამაშის შანსი. შვეიცარიელს ამ კვირის არც ერთ ტურნირზე არ შეუტანია განაცხადი. მან ბოლო მომენტში მოითხოვა ლინცის უაილდ-ქარდი, მაგრამ ორგანიზატორებმა უარი უთხრეს. ის ითამაშებს ლუქსემბურგში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ტურნირის ქულებს "ჩემპიონთა რბოლის" კლასიფიკაციაში არ გაითვალისწინებენ. მიზეზი ისაა, რომ ფინალი კვირას გაიმართება. იმავე დღეს კი შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს.

მეათე ადგილზე იმყოფებდა კარლა სუარეს ნავარო. ის პენეტას 123 ქულით ჩამორჩება. ესპანელი აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ყოველ კვირას თამაშობდა, ამიტომაც დასვენება გადაწყვიტა. მისი ერთადერთი შანსია - მოსკოვში კარგად გამოსვლა.

მე-11 პოზიციაზე ვხედავთ ვინუს უილიამსს (171 ქულა პენეტამდე). ამერიკელი თამაშობს ჰონგ კონგში, მაგრამ არ აპირებს ბოლო კვირას თამაშს. იგივე სიტუაცია აქვს კაროლინა პლიშკოვას (203 ქულა პენეტამდე). მანაც უარი თქვა რუსეთის დედაქალაქში ჩასვლაზე, ხოლო ტიანძინში მოპოვებული ქულები არ ეყოფა TOP8-ში შესასვლელად.

თეორიულად, ბრძოლა შეუძლია ბელინდა ბენჩიჩს, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და თან სპეციალური მიწვევა ესაჭიროება მოსკოვში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"