სოფიო შაფათავა იაპონიის 75 000-იან საერთაშორისო ტურნირში 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა წარმატებით ასპარეზობს იაპონიაში ჩოგბურთელ ქალთა 75.000-იან საერთაშორისო ტურნირში. ერთეულთა შორის მან ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

მართალია, წყვილთა პაექრობაში ქსენია ლიკინასთან (რუსეთი) ერთად სტარტზე ელის მერტენსისა (ბელგია) და ანკიტა რაიანას (ინდოეთი) წყვილთან დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში სწორედ მეხუთე ნომრად განთესილ ბელგიელს ორ სეტში აჯობა - 7:5, 6:3.

შაფათავამ მერვედფინალურ პაექრობაში იაპონელ იიუკი ტანაკასთან გამარჯვებას სამი სეტი მოანდომა - 6:4, 6:7, 6:2. მეოთხედფინალში კი ქართველი ჩოგბურთელი თავის მეწყვილესთან - ქსენია ლიკინასთან გაარკვევს ურთიერთობას.

ერთეულთა მეოთხედფინალში,
შაფათავა-ლიკინას გარდა, ითამაშებენ: ლუკსიმა კუმხუმი (ტაილანდი)-რისა ოსაკი (იაპონია), ნაომი ოსაკა (იაპონია)-მარტინა კარეგატო (იტალია), მისა ეგუჩი (იაპონია)-იანა ფეტი (ხორვატია).

* * *
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან ტურნირში ქრისტინა შაკოვეცის (გერმანია) ძლევის შემდეგ გუშინ ეკატერინე გორგოძემ ჩიარა გრიმი (შვეიცარია) დაამარცხა - 4:6, 6:4, 6:2 და მეოთხედფინალში მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა მერვედფინალში სოფიო ქვაცაბაიას აჯობა - 6:1, 6:4.

წყვილებში ქვაცაბაია-სტეურის (გერმანია) დუეტი ჟუპერსა (ავსტრია) და ვიკერნიკს (ჰოლანდია) შეხვდება.

* * *
იტალიაში ანდრიას ვაჟთა ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 დოლარი) პირველ ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 104-ე) გუშინ მეორე წრეში იან სატრალთან (ჩეხეთი, 237-ე) დამარცხდა - 6:7, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული