ნიჩბოსნობის ბაზა გაისად მზად იქნება

AutoSharing Option
მცხეთის სანიჩბოსნო ბაზის ამ ორსართულიან ნაგებობას, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, საფუძველი სამი წლის წინათ ჩაეყარა.

აქ განთავსდება დასასვენებელი ოთახი 25 კაცზე, ორი ელინგი 50-50 ნავზე, ტრენაჟორების დარბაზი ერთდროულად 50 სპორტსმენის სავარჯიშოდ, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, ექიმისა და მწვრთნელთა ოთახები, სასადილო 50 კაცზე.

სამწუხაროდ, მისი მშენებლობის დამთავრება და კეთილმოწყობა ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

"მცხეთის სანიჩბოსნო სკოლაში 67 მოსწავლე გვყავს, - გვითხრა სკოლის დირექტორმა, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა. - მოზარდებს აკადემიურ ნიჩბოსნობაში, კაიაკში (ბაიდარა), კანოესა და სლალომში
ვავარჯიშებთ.

კეთილმოწყობილი ბაზა რომ გვქონდეს შესაბამისი ინვენტარით, სპორტსმენთა რაოდენობა საგრძნობლად მეტი იქნებოდა. ყველა მსურველს ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან ნავებიც არ გვყოფნის.

არადა, მათი შეძენა მეტად ძვირი ფუფუნებაა - თითოეული რვა ათას დოლარამდე ღირს. ამის მიუხედავად, შარშან მცხეთის მერიამ ორი ნავი, ამდენივე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გვიყიდა. გაისად კიდევ ხუთი ნავის შეძენას ვაპირებთ. კარგი სპორტსმენები გვყავს.

მათ შორის გამოირჩევა ნოდარ მარტოლეკი. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში მას შეუძლია, საერთაშორისო სარბიელზე გვასახელოს. ჩვენი სკოლის აღზრდილია 23-წლამდელებში კანოისტთა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ზაზა ნადირაძე, რომელიც ახლა ინტენსიურად ემზადება რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად. ჩვენი ტერიტორიის უკან სასტუმროს კომპლექსი შენდება, რომელმაც შეაფერხა სანიჩბოსნო ბაზის კეთილმოწყობა. ვფიქრობ, გაისად, მცხეთობის დღესასწაულისთვის სოლიდური საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა შეგვეძლება".

ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე: ტრადიციული სპორტული მცხეთისთვის ნიჩბოსნობას არაერთხელ მოუტანია წარმატებები და მჯერა, რომ მომავალშიც ასე იქნება, რადგან სათანადო ბუნებრივი რესურსი არსებობს, ოღონდ კეთილმოწყობილი ბაზა გვჭირდება.

რამდენიმე წლის წინათ ქალაქის რეკონსტრუქციამ ძველი ბაზები შეიწირა, ახლის მშენებლობა კი ისე დაიწყეს, რომ სრულყოფილი პროექტი არც ჰქონიათ. ამიტომ ამ შენობას მხოლოდ ნავების შესანახავად თუ გამოიყებდნენ, სხვა მხრივ, თავის ფუნქციას ვერ შეასრულებდა.

გადავწყვიტეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რომ მცხეთას კეთილმოწყობილი სანიჩბოსნო ბაზა ჰქონდეს, სადაც სპორტსმენები შეძლებენ ვარჯიშის შემდეგ დასვენებას, საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას, უცხოელი სპორტსმენების მოწვევას. საამისოდ პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით: ურთიერთინტერესების საფუძველზე, ინვესტორი იქ წლის ბოლომდე 150.000 ლარის სამუშაოებს შეასრულებს.

ცხადია, ეს არ იქნება საკმარისი. დაფინანსების წყაროები მოვიძიეთ და ბაზის კეთილმოწყობას მერია დაასრულებს. სპორტსმენებს სავარჯიშოდ და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობას შევუქმნით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული