"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თავს მოვალედ მიიჩნევს, პასუხი გასცეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, სანდრო მეტრეველის ღია წერილს.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ადასტურებს საქართველოს ნაკრები გუნდის წარმატებით ასპარეზობას დევისის თასის გათამაშების ეტაპზე და მადლობას უხდის ნაკრებ გუნდს დაუღალავი შრომისთვის.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ცდილობდა კონკრეტული თანხის გამოყოფას ვაჟთა ნაკრები გუნდისთვის, 2015 წლის დევისის თასზე მიღებული კარგი შედეგისთვის. იყო
რაც შეეხება 2016 წლის დაფინანსებას: ჩოგბურთის ფედერაციის 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენს 800 000 ლარს (ნაცვლად სანდრო მეტრეველის მიერ აღნიშნული 1 მილიონი ლარისა), რომელიც წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს მამაკაცთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, ინდივიდუალურ ტურნირებს, რამოდენიმე ასაკობრივ ნაკრებს:
1) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის 14,16,18 წლამდე ნაკრებ გუნდებს;
2) ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის 12,14,16,18 წლამდე ნაკრებ გუნდებს;
3) აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატისთვის 12,14 წლამდე ნაკრებ გუნდებს;
4) ნიჭიერ და პერსპექტიულ ჩოგბურთელებს ინდივიდუალური ტურნირებისათვის.
დევისის თასის გათამაშებისთვის უკეთ მომზადების მიზნით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ აღნიშნული 800 000 ლარიდან საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებ გუნდს გამოუყო 100 000 ლარი.
ნაკრები გუნდის სხვა სამი მონაწილე (ბასილაშვილი, ცივაძე და ჯავახიშვილი) მზად იყო, 100,000 ლარი გამოეყენებინათ ინდივიდუალური ვარჯიშების და ტურნირებისათვის და მათი მხრიდან პრეტენზია არ გამოთქმულა.
ასევე გვინდა გაგაცნოთ სანდრო მეტრეველის დაფინანსების ზუსტი თანხა, რომელიც მასზე გაიცა ბოლო სამი წლის განმავლობაში:
2013 წელი - 9126.45 ლარი
2014 წელი - 10 056.45 ლარი
2015 წელი - 13 360.02 ლარი.
ჯამი - 32,542.92 ლარი.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ 32,542.92 ლარი არ არის საკმარისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩოგბურთელის ტურნირებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში სახელმწიფოს და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დაფინანსება გაიზრდება, მაგრამ ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ 32,542.92 ლარი აღემატება სანდრო მეტრეველის მიერ აღნიშნულ 19,000 ლარს. ფედერაციის ხარჯთაღრიცხვა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მობრძანდეს ფედერაციაში და მოითხოვოს ოფიციალური საბუთი", - ნათქვამია განცხადებაში.