სოფიო ქვაცაბაია საო ჟოზე დო რიო პრეტოს ტურნირს წყვილებში შემორჩა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების წევრი სოფიო ქვაცაბაია ბრაზილიაში იმყოფება და 22 მარტს საო ჟოზე დო რიო პრეტოს 10.000-იან ტურნირში ჩაება.

ერთეულებში მეორე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველსავე წრეში პარაგვაელ კამილა კამრიზთან დამარცხდა - 4:6, 2:6.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან. სტარტზე მათ ერიკა პერეირას (ბრაზილია) და კამილა ტუმოსას (არგენტინა) დუეტი იოლად ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:0.

მეოთხედფინალში ქართულ-ბრაზილიური ტანდემი ამერიკელების - იულია ფიშისა და ლუსიანა რაბინენსის მძლეველ (6:0, 6:2) მარია ფერნანდა ჰერაზო გონსალესსა (კოლუმბია) და
ნოელია ზებალოსთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ანტალიაში,  ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელმა ნინო ნასიბიანმა მასპინძელი ზეინეპ სარლი დაჯაბნა - 6:1, 6:0, მაგრამ მეორე წრეში თანაქალაქელ ანა შანიძესთან ვერაფერს გახდა - 3:6, 2:6.

ანამ კვალიფიკაციის გადამწყვეტი პაექრობაც მოიგო - ბელგიელ ბოვი მარგაუქსს აჯობა - 7:5, 4:6, 6:4 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გერმანელ იანა მორდერგერს გაუწევს მეტოქეობას.

* * *
გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ბაქოში, ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში თამაშობენ. წყვილებში ქართველთა დუეტმა გუშინ ჯო კუპერი (დიდი ბრიტანეთი) და პაველ მოტლი (ჩეხეთი) დაამარცხა - 6:4, 6:3.

მეოთხედფინალში ჩვენებურები პირველ ნომრად განთესილ რობერტო ორტეგა-ოლმედოსა (ესპანეთი) და ილია ვუჩიჩს (სერბეთი) შეხვდებიან.

ერთეულებში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: გიორგი ჯავახიშვილი-ევგენი ტიურნევი (რუსეთი), გიორგი ცივაძე-საქადათ აიარი (ყაზახეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული