ევროპის ჩემპიონატი: ლაშა ტალახაძის სამი ოქრო და საქართველოს ჰიმნი

AutoSharing Option
ესტონეთის დედაქალაქში 20-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსნებში უპირობო ფავორიტად საჩხერელი გოლიათი ლაშა ტალახაძე მიიჩნეოდა და არცთუ უსაფუძვლოდ: წლეულს ზაფხულს დუშეთში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატში მან 197-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და 233 კილოგრამი აკრა.

ცხადია, ამგვარი მაჩვენებლებით ევროპული პირველობის მოგება არ უნდა გასჭირვებოდა და ასეც მოხდა.

თუმცა საოცარი ის იყო, რომ სანამ ლაშა გავიდოდა ფიცარნაგზე, მეტოქეები შემოეფანტა - საუკეთესო შედეგის მქონე კარენ მარტიროსიანმა, რომელიც რუსეთის სპორტულ ღირსებას იცავდა, 175 კილოგრამით დაასრულა ასპარეზობა, მე-2 ადგილზე მყოფ პოლონელ ბართოშ ლოზინსკის კი სულაც 162 კილოგრამი ჰქონდა
დაძლეული.

ქართველ ჭაბუკს მოწინააღმდეგედ რკინაღა შერჩა და მასაც სძლია - პირველ ცდაზე 182 კილოგრამი ბუმბულივით აიტაცა, არც 190 კილოგრამის დამორჩილება გასჭირვებია, მესამე ცდის გამოყენებაზე კი საერთოდ უარი თქვა.

მეტოქეებმა ჩვენებურს კონკურენცია ვერც აკვრაში გაუწიეს: მარტიროსიანი 200 კილოგრამით დაკმაყოფილდა, რადგან 198 კილოგრამის მქონე ლოზინსკის ორჭიდში ისედაც უსწრებდა, ქართველ ათლეტთან გამოდევნებას კი რომ ვერ შეძლებდა, ნათელი იყო...

ლაშამ აკვრაშიც ორი ცდა გამოიყენა - ჯერ 210, შემდეგ კი 225 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში უახლოეს კონკურენტს 40(!) კილოგრამით გაუსწრო.

სამივე ოქრო ლაშა ტალახაძეს ერგო და მისი გამარჯვების აღსანიშნავად დარბაზში ქართული ჰიმნიც აჟღერდა.

მძიმე წონაში კვარცხლბეკი ასე განაწილდა: 1. ლაშა ტალახაძე-415 (190+225), 2. კარენ მარტიროსიანი-375 (175+200), 3. ბართოშ ლოზინსკი-360 (162+198).

27 სექტმებერსვე ტალინში მედლები 105 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. ქართველთაგან ძალებს ცდიდა ვილიამინ ალექსიძე. ატაცში მხოლოდ 150-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. 155 კილოზე ორჯერ მიიტანა იერიში, მაგრამ ამაოდ.

ამ მოძრაობაში პირველ-მესამე ადგილებზე ტიმურ ნანიევი (რუსეთი, 184), იაროსლავ სამორაი (პოლონეთი, 162) და ევსტათიოს სტრუმპისი (საბერძნეთი, 156) გავიდნენ. აკვრაში ალექსიძემ ჯერ 185, შემდეგ 191 კილოგრამი დაძლია, მესამე ცდაზე 197-კილოგრამიანი შტანგაც აღმართა თავს ზემოთ, მაგრამ მსაჯებმა წესების დარღვევა დააფიქსირეს და ცდა არ ჩაუთვალეს.

საბოლოოდ ქართველი ათლეტი ორჭიდში 341 კილოგრამით მე-5 ადგილს დასჯერდა.

400 კილოთი (184+216) ჩემპიონობა ნანიევმა მოიპოვა. 357 კილოგრამით (162+195) მეორე იყო სამორაი. კილოგრამით ნაკლები მოაგროვა (156+200) სტრუმპისმა, რომელიც ბრინჯაოს დაყაბულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ღმერთმა დაგლოცოს ლაშა და ქართველ ერს ვუსურვებდი ბევრი ჰყოლოდეს შენი მსგავსი ვაჟკაცები.
NINE
18:26 01-10-2013
0
ყველა ის ადამიანი ვინც კი ლაშას იცნობს დამერწმუნება, რომ ლაშა არამარტო წარმატებული სპორტცმენია, არამედ წარმატებული მშობლების შვილი, გამორჩეული ერთგულებითა და სიკეთის კეთებით. გამორჩეული არამარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიძლიერით, ამიტომ გვეამაყები ჩვენო მეგობარო, გლოცავთ და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს, გამარჯვებებით გევლოს.
გგგ...
18:40 01-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული