სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს ინგლისელი ენტონი ჯოშუა პროფესიული კრივის მომავალ ვარსკვლავად მიაჩნია, - წერს BoxingScene.
"ბევრი მოკრივე მინახავს საქმეში და ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჯოშუა ერთადერთი ბიჭია, ვინც რეალურად შეიძლება გახდეს დიდი ვარსკვლავი კრივში", - აღნიშნა უკრაინელმა.
მანვე ისიც განაცხადა, რომ საუბარი ჰქონდა ჯოშუასთან და სხვა მოკრივეთა ფონზე, გაკვირვებული დარჩა მისი კვალიფიკაციითა და ცოდნით.
ჯოშუა - ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მას მეორე ადგილი უჭირავს WBC-ის რეიტინგში. ბრიტანელი
მხოლოდ რუს ალექსანდრ პოვეტკინს ჩამორჩება, რომელიც აუცილებელი პრეტენდენტია ამ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან შეხვედრაზე. ინგლისელის ანგარიშზე 13 მოგებაა (13 - ნოკაუტით) 13 შეხვედრაში. თავისი ყველა ბრძოლა ჯოშუამ პირველ სამ რაუნდში მოიგო. 2014 წელს, ჟურნალმა The Ring-მა მას ყველაზე პერსპექტიული მოკრივე უწოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"