ბოლო ბრძოლიდან რამდენიმე დღეში ჯიმიმ სპეციალურად შერჩეული რამდენიმე ჟურნალისტი დაპატიჟა ვახშამზე. იქ იყო ედ შულერი "ასოშეიტედ პრესიდან", რომელმაც იგრძნო, რომ კეიტონი და ჯიმი სასოწარკვეთილნი იყვნენ: მათ ეჩვენებოდათ, რომ შეიძლებოდა რაიმე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი იქამდე, სანამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მოვიგებდი.
მაგრამ ეს ასე არ იყო.
ბრძოლის შემდეგ ვიზეიმეთ ფერგიუსონზე გამარჯვება. იმ პერიოდში სმას მივეძალე. არა ვარჯიშების დროს, არამედ ბრძოლების შემდეგ. ეს იყო დროის თვითგანადგურების ხერხი. ჩამოყალიბებული ლოთი ვიყავი, მაგრამ ლოთობის დროს ვცდილობდი, თავიდან ამერიდებინა ნიუიორკული პრესის ყურადღება. ოლბანიში ჩემი მეგობრის ბარში ვქეიფობდით.
ეს ჩვენი საყვარელი ადგილი იყო. ხანდახან იქ მოდიოდნენ ნიუიორკელი, ბოსტონელი ან ლოსანჯელესელი ბიჭები - თავიანთი სამუშაო საკითხების გადასაწყვეტად. ისე იქცეოდნენ, თითქოს რაღაცას წარმოადგენდნენ. ისინი მზად იყვნენ, თავს დაგვსხმოდნენ - პატარა კაცებს შტატის ჩრდილოეთიდან. და მაშინ შავ დღეში ვყრიდით მათ. მე არ მონდოდა ჩხუბი და სასამართლოში წასვლა, მაგრამ ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემ ნაცვლად ჩხუბობდნენ. მე მხოლოდ ვაქეზებდი მათ: "დაარტყი ამ ნაბიჭვარს. თავი ვინ ჰგონია?"
ჩემი შემდეგი ბრძოლა 10 მარტს იყო "ნასაუ კოლიზეუმში" სტივ ზოუსკისთან. აქამდე ზოუსკი არავის ჰყავდა გაშვებული ნოკაუტში, მაგრამ მესამე რაუნდში რამდენიმე აპერკოტი შევასრულე და გავაკეთე ეს.
თუმცა აღფრთოვანებული არ დავჩენილვარ საკუთარი გამოსვლით. იმ პერიოდში კამილას სახლში, საკუთარ სამტრედეში დავეცი და ყური დავიზიანე. ზოუსკიმ რამდენჯერმე მომარტყა დაზიანებულ ადგილას და ტკივილი გავლენას ახდენდა ჩემს მდგომარეობაზე. ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში ეს პრობლემა ვახსენე.
- არ მომეწონა ჩემი გამოსვლა, - ვუთხარი რენდი გორდონს, ბრძოლის კომენტატორს. - ბევრი პირადი პრობლემა მაქვს, რომლის გადაწყვეტა მიწევს.
კეიტონმა მოგვიანებით პრესას მოუყვა, რომ პრობლემები მქონდა მეგობარ გოგონასთან, მაგრამ ეს აბსურდი იყო. იმ დროს მეგობარი არ მყავდა. უბრალოდ, დათრგუნული ვიყავი, რადგან ბრაუნსვილში ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა. ეს ბარბაროსობა იყო. მეგობრები მეგობრებს ფულის გამო ხოცავდნენ.
ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა მსაჯმა შეამჩნია, რომ ყური ძალიან მქონდა დაზიანებული. მეორე დღეს ჯიმიმ ექიმი მოიყვანა შესამოწმებლად და მან ხრტილის სეროიზული ანთება აღმოაჩინა. მაშინვე ზემო ისტ-საიდში "მაუნტ-სინაის" სამედიცინო ცენტრში გამოკვლევაზე გამიშვეს. ექიმი წუხდა, რადგან შეიძლებოდა ყური დამეკარგა. ათი დღით დამტოვეს საავადმყოფოში, გავიარე ბაროკამერაში მკურნალობის კურსი.
გარდა ამისა, ანტიბიოტიკებს ვიღებდი. "მაუნტ-სინაის" ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა სუფთა ჰაერზე გასვლა. ამიტომაც ყოველდღე, ბაროკამერის კურსის შემდეგ, დღის სამ საათზე ტომ პატი და მისი ბავშვობის მეგობარი დიურანი ლიმუზინით მაკითხავდნენ. ვსეირნობდით თაიმს-სქვერზე, ფოტოებს ვიღებდით მეძავებთან და იმ ბიჭებთან, რომლებიც ტურისტებზე ასაღებდნენ ყელზე შემოხვეული მახრჩობელა გველების ფოტოებს. მოკლედ, სრული პროგრამით იყო გართობა, მთელი ღამე. როცა უკან, საავადმყოფოში მაბრუნებდნენ, ექთნები შოკში იყვნენ:
"ეს სასტუმრო არ არის, ეს საავადმყოფოა". როცა ექიმებს მეძავებთან და მახრჩობელა გველებთან საკუთარ ფოტოებს ვუჩვენებდი, ისინიც შოკში იყვნენ: "არა, ეს არ გვქონდა მხედველობაში. მთელი ღამით არ უნდა გახვიდეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ქვემოთ უნდა ჩასულიყავით, ცენტრალურ პარკში დამჯდარიყავით, გეცქირათ ჩიტებისთვის და ციყვებისთვის და გესუნთქათ სუფთა ჰაერი".
ეს ხდებოდა ჯეიმს ტილისთან ბრძოლამდე ორი თვით ადრე. როცა შეხვედრის დრო მოვიდა, ავადმყოფობის, ხშირი სმისა და ინტენსიური გართობის გამო ფორმაში არ ვიყავი. ბრძოლა ათი მძიმე რაუნდი გაგრძელდა და მოხარული ვიყავი, რომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქულებით მოვიგე.
ერთხელ ის ნოკდაუნში გავუშვი და, როგორც ჩანს, ამან ბრძოლის ბედი ჩემ სასარგებლოდ გადაწყვიტა. თუმცა ის ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, აქამდე ასეთი არ შემხვედრია. კორპუსში ისე ჩამარტყა, რომ ბრძოლის შემდეგ სიარული არ შემეძლო. სასტუმროში დარჩენა მომიწია. შინ წასვლაც კი ვერ მოვახერხე. ეს იყო ნამდვილი ჩეხვა. ბრძოლის მსვლელობისას, რამდენჯერმე რინგზე დაცემა მინდოდა, რომ ამომესუნთქა, მაგრამ ვაგრძელებდი მეტოქეზე ჩამოკიდებას და ამ ხერხით სუნთქვის აღდგენას.
მომდევნო დღეს, ჯიმი ჯეიკობსი ვა-ბანკზე წავიდა და პრესას განუცხადა: "ეს ბრძოლა მისთვის მორიგი დაძლეული წინააღმდეგობაა. დავრწმუნდით, რომ შეუძლია საქმე გამარჯვებამდე და ჩემპიონობამდე მიიყვანოს".
ის პრესის მანიპულირების ოსტატი იყო, რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებაზე. მან და კეიტონმა უპრეცედენტო სარეკლამო კამპანია მოაწყვეს. არც ერთ მსახიობს მსოფლიოში არ მიუღია ასეთი "საგაზეთო ხმაური". დღეს ეს რიგითი მოვლენაა, მაგრამ მაშინ ისინი ნამდვილი ნოვატორები იყვნენ ამ სფეროში.
დაახლოებით სამ კვირაში "მედისონ სკვერ გარდენში" მიტჩ გრინთან ვჩხუბობდი. ის მართლაც არანორმალური ნაბიჭვარი იყო. მას ჰქონდა მცდელობა - ჯერ კიდევ ბრძოლამდე მოეხდინა ჩემზე ზემოქმედება. "დეილი ნიუსთან" განაცხადა, რომ მართალია, 19 წლის ვარ, მაგრამ 40 წლისას ვგავარ. როცა სპორტულმა კომენტატორმა მარვ ალბერტმა მკითხა - მომხვდა თუ არა გულზე გრინის სიტყვები, ვუპასუხე: "მიტჩ გრინი კარგი მოკრივეა, მაგრამ არასაკმარისად მჭევრმეტყველი, რომ გამაღიზიანოს. ამ მხრივ, ის საერთოდ არ მაღელვებს".
ეს იყო ჩემი პირველი ბრძოლა ტელეკომპანია HBO-სთან ახალი კონტრაქტით, რომელიც ჯიმიმ და კეიტონმა გააფორმეს.
ეს მძაფრი და ძალიან კარგი შეგრძნება იყო - პირველად გამოვდიოდი სპორტკომპლექს "მედისონ სკვერ გარდენის" დიდ დარბაზში, მაგრამ ბრძოლამდე HBO-ს არხისთვის მიცემულ ინტერვიუს არ შეეძლო ამ გრძნობების გადმოცემა. როცა მკითხეს - ვტკბები თუ არა ისევ მოპოვებული ყურადღებით, ჯმუხი სახით ვუპასუხე:
- ხალხს არ სურს ჩემი გაგება. "ამ ბიჭს შეუძლია დიდი ფულის მოხვეჭა!" - ფიქრობენ ისინი, მაგრამ მათ რომ მოუწიოთ იგივე გზის გავლა, რასაც მე გავდივარ, აუცილებლად ტირილს დაიწყებდნენ.
ალბათ, უფრო მხიარული და სიცოცხლით სავსე უნდა ვყოფილიყავი, რადგან პირველად ვასრულებდი მთავარ როლს "მედისონ სკვერ გარდენში".
გრინი კარგად ცნობილი მოკრივე იყო. მას ოთხჯერ ჰქონდა მოგებული ტურნირი - "ოქროს ხელთათმანი" და პირველი მარცხი 1985 წელს იგემა ტრევორ ბერბიკთან ამერიკის შეერთებული შტატების საკრივო ასოციაციის ტიტულისთვის ბრძოლაში. მაგრამ, როგორც კი რინგზე აღმოვჩნდით, უკვე ვიცოდი, რომ დავამარცხებდი მას. მისგან არანაირი საშიში ფლუიდები არ მოდიოდა. ბრძოლა წარმატებით დასრულდა და ყველაფერი ნორმალურად იყო.
ტილისთან ბრძოლის შემდეგ მინდოდა მშვიდად ჩამეტარებინა ათი რაუნდი. ვიცოდი, რომ ის ვერანაირ უსიამოვნებას ვერ მომიტანდა, ამიტომაც ამტანობაზე ვმუშაობდი. ვიგებდი თითოეულ რაუნდს და ბრძოლა სულაც არ იყო მოსაწყენი. რაღაც მომენტში, კბილების დამცავი დავაგდებინე. კარგად დაისაჯა. იმდენად ლაღად ვჩხუბობდი, რომ მერვე და მეცხრე რაუნდებს შორის, როცა კევინი რაღაც უაზრობას მიჩიჩინებდა და კიდევ ერთ დარტყმას ითხოვდა, ვაკოცე მას.
ბრძოლის შემდეგ ჩვეულებრივ ქედმაღალი გავხდი.
- შესაძლოა, ვტრაბახობ, მაგრამ ეს ბრძოლა საკმაოდ იოლად მოვიგე. არავის მივცემ უფლებას - დამამარცხოს და გზაზე წინ გადამიდგეს, - ვთქვი პრესაში.
ჩემი შემდეგი სამიზნე იყო რეჯი გროსი. ის იყო სერიოზული, ხისტი მოკრივე. მას "მავნებელს" უწოდებდნენ, რადგან ბევრი კარგი მოკრივე დაამწუხრა, მათ შორის, ბერტ კუპერი და ჯიმი კლარკი - ამერიკელი ოლიმპიელი.
ბრძოლა, პრაქტიკულად, არ გამოვიდა, რადგან ერთი კვირის განმავლობაში ბრონქიტის სერიოზული შეტევა მქონდა. მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი ამ სენით და უკვე მიჩვეული ვიყავი ამას, მაგრამ ეს სერიოზული შემთხვევა იყო. ბრძოლის დღეს ექიმი მომიყვანეს და შემოწმების შემდეგ თქვა:
- ვშიშობ, ბრძოლის გადადება მოგიწევთ. საკმაოდ სერიოზული შემთხვევაა.
- შემიძლია დაგელაპარაკოთ, სერ? - დაინტერესდა ჯიმი.
მის გამოხედვაში ყველაფერი წავიკითხე და იმავე დღეს რინგზე ვჩხუბობდი. პირველ რაუნდში გროსს დარტყმების სერია დავატეხე თავზე, ის კი მხოლოდ თავს იცავდა. უცებ დარტყმების გაცვლა გაბედა, რისი წინააღმდეგი არ ვიყავი.
ხისტი დარტყმების სერია შემომთავაზა, რომელსაც ვიცილებდი, შემდეგ კი შესანიშნავი მარცხენა ჰუკით ნოკდაუნში ჩავაგდე. შემდეგ დარტყმების სერია მქონდა, რასაც კიდევ ნოკდაუნი მოჰყვა. რეფერიმ ბრძოლა გააჩერა, რადგან გროსი შუშის თვალებით საეჭვოდ იხედებოდა. თუმცა რეჯი გაგრძელებას ითხოვდა.
- სიარული არ შეგიძლიათ, მაგრამ ჩხუბის გაგრძელება გინდათ? - იკითხა რეფერიმ.
ჩემი ორი მომდევნო მოწინააღმდეგე ნაკლები კალიბრისა იყო. შესაძლოა, ჯიმის და კეიტონს სურდათ, რომ ქულებით ორი მოგების შემდეგ ისევ დამეწყო პირველ რაუნდში ნოკაუტით მოგება. ზუსტად ასე მოხდა უილიამ ხოსეს შემთხვევაში, თუმცა მთელი ორი რაუნდი დამჭირდა ლორენცო ბოიდის ნოკაუტისთვის. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო ჩემი უსწრაფესი ორმაგი დარტყმით - მარჯვენა კორპუსში და ძლიერი აპერკოტი მარჯვენათი.
ორი კვირის შემდეგ საყოველთაო ყურადღება დავიმსახურე, როცა 30 წამში ნოკაუტით მოვუგე მარვის ფრეიზერს - ჯო ფრეიზერის ვაჟს. ის კუთხეში მივიმწყვდიე, ჯებით დავამუშავე, შემდეგ კი წერტილი დავსვი ჩემი საყვარელი დარტყმით - მარჯვენა აპერკოტით. ის სერიოზულად ტრავმირებული ჩანდა, ამიტომაც ადგომაში მივეხმარე. მომწონდა მარვისი. შესანიშნავი ადამიანი იყო.
რამდენიმე კვირით ადრე 20 წლის გავხდი და გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ 1986 წლის ბოლოს უნდა გავმხდარიყავი მძიმე წონაში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. ამასობაში, ჯიმიმ და კეიტონმა 17 აგვისტოს, ატლანტიკ სიტიში მომიხერხეს ბრძოლა ხოსე რიბალტასთან.
რიბალტა "მოთამაშე" მოკრივე იყო და გრინისგან და ტილისისგან განსხვავებით, მან მართლაც ჩამითრია ბრძოლაში. ისე ჩანდა, რომ მისი ნოკაუტში გაშვება შეუძლებელი იყო. ნოკდაუნში მეორე რაუნდში ჩავაგდე, შემდეგ იგივე მერვეში გავიმეორე, მაგრამ ის ახერხებდა წამოდგომას. მეცხრე რაუნდში ისევ აღმოჩნდა იატაკზე და როცა წამოდგა, ბაგირებთან დარტყმების სერია დავაყარე. რეფერიმ ბრძოლა გააჩერა.
(გაგრძელება იქნება)