უკვე ღამის პირველის ნახევარი იყო, შინ ვბრუნდებოდით, როცა ერთმა სტრიპტიზიორმა დამირეკა, რომელსაც იმ დროს ვხვდებოდი. შინ დაბრუნებულმა, კიკის ვუთხარი, რომ მეგობრის სანახავად ვაპირებდი წასვლას. მისთვის ეს მართლაც მტკივნეული იყო, თუმცა მაშინ არ შეიმჩნია წყენა. მე კი მეგონა, რომ ამ ყველაფერს ჩვეულებრივ ამბად აღიქვამდა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემი ქალები სწორედ ასე იქცეოდნენ. როცა მეორე დილას
- სად მიდიხარ? - ვკითხე მას. - წასვლას აპირებ?
- ხო, - მიპასუხა მან.
- ჯანდაბა, ნამდვილი იდიოტი ვარ! შენ ხომ ეს კარგად იცი! - ვთქვი მე.
ამის შემდეგ, 2001 წელს, რამდენჯერმე დავურეკე და დაბრუნება ვთხოვე, მაგრამ ჩემთან ლაპარაკი არ მოისურვა. მიუხედავად ამისა, 2002 წლის ზაფხულში ისევ ერთად ვიყავით. კიკი ლენოქს ლუისთან ჩემს ბრძოლაზე დავპატიჟე. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდა და ჩემს დაქირავებულ სახლში დარჩა. ბრძოლის შემდეგაც, ერთი კვირა ამ სახლში იყო და ტრავმების მოშუშებაში მეხმარებოდა. შემდეგ, კერძო თვითმფრინავით ნიუ იორკში გავფრინდით და ქვემო მანჰეტენზე, მის სახლში დავბინავდი. ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ, სინამდვილეში, ერთად არ ვიყავით.
ოთახის მეზობლებივით ვიყავით. შემეძლო საღამოს სადმე გასართობად წასვლა. ხანდახან, კლუბის კართან მხვდებოდა და შინ ერთად მივდიოდით. სხვა გოგოსთან სექსის შემთხვევაშიც, საღამოს მასთან სახლში ვბრუნდებოდი. და ის არასოდეს მსაყვედურობდა და არ წუწუნებდა. ძალიან თავშეკავებული იყო.
პარალელურად, საიდუმლოდ ვხვდებოდი ლიზს. ერთ საღამოს კიკის გავუმხილე, რომ ახალი მეგობარი გოგონა მყავდა. პასუხის გაცემამდე მცირე პაუზა გააკეთა.
- რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს, მაგრამ არსად წავალ, - მიპასუხა მან.
მაგრამ, ჩვენი ურთიერთობა მაინც მკვეთრად შეიცვალა. ვეჭვობ, მას არ უნდოდა ფეხების საწმენდი ჩვარი ყოფილიყო. ერთ-ერთი სატელეფონო ჩხუბის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო მისი ბინის საწყობად გამოყენება. ჩაალაგა ჩემი ბარგი და ექპრეს-ფოსტით ლას ვეგასში ჩემს სახლში გააგზავნა. ასე რომ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯერ ლიზთან ვცხოვრობდი, შემდეგ კიკისთან გადავედი, ბოლოს ისევ ლიზთან დავბრუნდი. იმ დროს, ცხოვრების ასეთი სტილი მქონდა. როცა კიკისთან ვცხოვრობდი, პირველად მივხვდი, რომ შემიძლია ამის გაკეთება, რომ მართლაც გამომივა სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრება.
ერთი წლის შემდეგ, ბრაზმა გაუარა და ხანდახან ჩვენი გზები იკვეთებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ხვდებოდა იმ დროს, უბრალოოდ, პატარა პაუზას აკეთებდა, რათა რამდენიმე დღე ჩემთან ჰქონოდა ურთიერთობა. ერთად კარგად ვიყავით, შემდეგ რამდენიმე თვით ან ერთი წლით ვშორდებოდით ერთმანეთს.
კიკის ისევ შევხვდი 2004 წელს, "მედისონ სკვერ გარდენში" ფელიქს ტრინიდადის იმ ბრძოლის დროს, როცა სიმპატიურმა მეძავმა ჩემს ახალ პირად მცველს კლოფელინი დაალევინა. კიკი მიტპაკინგის რაიონში წვეულებაზე გასართობად დავპატიჟე. ის მოვიდა და ჩემს მაგიდასთან დაჯდა.
ერთად რამდენიმე ადამიანს ველაპარაკებოდი და როცა კიკი წამით შებრუნდა, ერთი თეთრი გოგონა, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, უსიტყვოდ კალთაში ჩამიჯდა. ზუსტად ერთ წამში, კიკიმ სახეში გამარტყა. ყველა დადუმდა. ზიპს ეგონა, რომ წყობიდან გამოვიდოდი და დავასახიჩრებდი მას, მაგრამ მიყვარდა კიკი, ამიტომაც, უბრალოდ, გავიცინე. ვიცოდი, რომ ჩემზე ბოღმა ჰქონდა დაგროვილი, რადგან ცუდად მოვექეცი ლიზთან დაკავშირებული ისტორიის დროს.
ამის შემდეგ, დიდი ხანი არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მორიგ ჯერზე 2005 წლის ბოლოს, ლას ვეგასში ილუზიონისტის შოუზე ვნახე. იმ მომენტში შევეჩეხე, როცა ორი ლამაზი გოგონა მახლდა თან, რომლებიც იმ საღამოს გავიცანი. სანამ ლას ვეგასში იყო, შევხვდით ერთმანეთს და როგორც ყოველთვის, კარგი დრო გავატარეთ.
ლას ვეგასში ახალ სახლში გადასვლის შემდეგ, საშინელ ხასიათზე ვიყავი. ჩემზე ცუდად მოქმედებდა ფინიქსში კოკაინის საქმის გამო შექმნილი პრობლემები. "უანდერლენდის" სარებილიტაციო ცენტრის ექიმებმა ისე გამჭყიპეს წამლებით, რომ მოდუნებული და აპათიური ვიყავი. დერილი ძალიან წუხდა ჩემს გამო.
- არც ისე კარგად გამოიყურებით, მაიკ. ყველაფერი წესრიგში გაქვთ? - დაინტერესდა ის. - მომისმინეთ, მე გავიგე კიკის ტელეფონის ნომერი. ვიცი, რომ ყოველ ჯერზე მასთან საუბრის შემდეგ, უკეთ ხდებით. შემიძლია დავურეკო მას?
დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე. ის ახალი დაშორებული იყო თავის ბოიფრენდთან და დეპრესიაში იმყოფებოდა. მოგვიანებით მომიყვა, რომ ჩემთან დაშორების შემდეგ, გონს მოვიდა და დედამისს ჰკითხა - ღირდა თუ არა ჩემთან შეხვედრა.
- რას კარგავ? ყოველთვის კარგად გრძნობდი მასთან თავს, - უპასუხა მას რიტამ. - უბრალოდ წადი მასთან, რომ უკეთ გააცნობიერო ყველაფერი.
კიკი ჩემთან 2008 წლის იანვარში მოვიდა. იმ მომენტში, როცა მას შევხედე, როგორც ჩანს, მთლიანად შეიცვალა ჩემი წარმოდგენა ამ ქალზე.
"ჯანდაბა, რა შესანიშნავია!" - გავიფიქრე მე. შესაძლოა, ასე იმიტომ მოხდა, რომ პირველად დავინახე კიკი ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას. ძალიან ლამაზი ქალი დადგა.
მინდოდა გამეგო - მქონდა თუ არა უნარი ვყოფილიყავი ერთი ადამიანის ერთგული. მაგრამ იმ დროს, ორივენი ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავით. მე ვცდილობდი სწორი ცხოვრების წესი მქონოდა სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, კიკის კი სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რომელიც მის ოჯახს გადახდა თავს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
როგორც ჩანს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ფილადელფიაში დემოკრატიული ხელისუფლების სტრუქტურების ჩახშობას ცდილობდა. ორგანიზებული იყო მოსმენები ქალაქის მერიაში და იმამის ოფისში. იმამსა და რიტას სდევნიდნენ, ისინი მუსულმანურ სკოლაში ფედერალური თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კიკისა და მის ძმას ბრალი დასდეს დანაშაულებრივ გარიგებაში, ფოსტის გამოყენებით თაღლითობასა და ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში. გარდა ამისა, კიკი დიდი ჟიურისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულეს. თითოეულს 100-წლიანი პატიმრობა ელოდა. ეს საქმე თავიდანვე სისულელე იყო, მაგრამ კიკი, დედამისი, მისი ძმა და მამინაცვალი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.
საბოლოოდ, კიკი დამნაშავედ სცნეს ცრუ ჩვენების მიცემაში, მაგრამ მსუბუქი სასჯელი გამოუტანეს: ექვსი თვე შინაპატიმრობა. თუმცა, ფედერალებმა ვერ მოისვენეს და გააგრძელეს მისი დევნა. მათ გაასაჩივრეს განაჩენი და მიაღწიეს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გადახედვას, რისთვისაც შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ეს სენსაცია გახდა და კიკი სამსახურიდან დაითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, ისიც ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"