მშვილდოსნობა. მსოფლიოს თასი: შანხაიში ოთხი ქართველი გამოვა

AutoSharing Option
დღეს, 27 აპრილს, შანხაიში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი იწყება მშვილდოსნობაში, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ოთხი სპორტსმენი გამოვა: სრულად დაკომპლექტებული ქალთა ნაკრები და ერთი ვაჟი.

ქალთა ნაკრები ისევ უცვლელი შემადგენლობით იასპარეზებს: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე. ვაჟებში ჯაბა მოსეშვილი გამოვა.

ამ ტურნირზე წასვლა ერთხანს საეჭვოც იყო, რადგან ჩვენები ახალი დაბრუნებულები არიან ევროპული ტურნედან, როცა ჯერ თურქეთში იასპარეზეს გახრამან ბაგატირის მემორიალში, მერე კი ბულგარეთში გამოვიდნენ. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მთელი კონტინენტის წინ და უკან გადასერვა ცოტა ძნელი
საქმეა და ხარჯების გარდა, დიდ ენერგიასაც მოითხოვს, ჩვენებს კი მალე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელოდებათ - ევროპის ჩემპიონატი, სადაც, პარალელურად, ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებაც ჩატარდება.

საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს წასვლა, თუმცა შემჭიდროებული გუნდით. გასაგებია, ქალთა ნაკრებზე ეკონომიას ვერ გააკეთებდნენ - ისინი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ემზადებიან. ამიტომ ვაჟებიდან მხოლოდ ერთი მონაწილე წაიყვანეს და ისიც უფრო იმ მიზნით, შერეულ წყვილებში რომ გამოვიდნენ.

როგორც გითხარით, შანხაიში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპია, ბულგარეთში კი ევროპის "დიდ პრიზზე" გამოვიდნენ, სადაც ესებუამ პირად პირველობაში ვერცხლი მოიპოვა. თუმცა ოლიმპიადამდე მათთვის მთავარი სტარტი მაინც ევროპის ზემოხსენებული პირველობაა, რომელიც 23-29 მაისს ბრიტანულ ნოტინგემში ჩატარდება. იქ უფრო მეტი ვაჟკაცობის გამოჩენა ვაჟებს მართებთ, რადგან ლიცენზია მათ აქვთ საძიებელი, თორემ ქალებმა ჯერ კიდევ შარშან მოიპოვეს გუნდური საგზური.

მსოფლიოს თასზე გუშინ ოფიციალური ვარჯიში გაიმართა, დღეს კი საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. ამ რანგის მომდევნო ეტაპი ჩვენგან ასევე ძალიან შორს - კოლუმბიურ მედელინში ტარდება - 9-15 მაისს, თუმცა ეს ემთხვევა ევროპის ჩემპიონატის ვადებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს იქ ჩვენების გამოსვლის შანსს. თუმცა მანამდე ჩვენი ახალგაზრდები და ჭაბუკები გამოვლენ ტურნირში - 2-3 მაისს უნგრულ ჰევიცში ევროპის ახალგაზრდული თასი ჩატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული