რონდა როუზი: ვცდილობ ბრძოლის წინ სექსი იმდენი მქონდეს, რამდენსაც შევძლებ

AutoSharing Option
მთელი თებერვლის მანძილზე უნივერსალური ორთაბრძოლების გულშემატკივრები რონდა როუზისა და კეტ ზინგანოს პაექრობის მოლოდინში იყვნენ. ორ დაუმარცხებელ ათლეტს ოქტაგონზე უძლიერესის ვინაობა უნდა გაერკვია...

წაუგებელთა ჯახი
ლოს ანჯელესის დარბაზში UFC -ის მორიგი შეჯიბრების ფარგლებში გასამართი ამ ბრძოლის საყურებლად 28 თებერვალს, რასაკვირველია, პუბლიკაც მრავლად შეიკრიბა. პროგნოზები, ცხადია, არაერთგვაროვანი იყო, უმრავლესობა როუზის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ რონდას, აგრეთვე წაუგებელი კეტ ზინგანო სძლევდა, თუმცა... აღმოჩნდა, რომ როუზის მომგები უნივერსალური ორთაბრძოლების სარბიელზე ჯერ ისევ არ გამოჩენილა.

დაპირისპირება სულ 14 წამს(!) გაგრძელდა. ზინგანო შეხვედრის
დაწყებისთანავე ეკვეთა მოწინააღმდეგეს, რონდამ კი იგი წააქცია და პარტერში გადაყვანილ მეტოქეს მტკივნეული ილეთი ჩაუტარა - ზინგანო დანებდა. ამ ბრძოლამდე როუზს 2014 წლის ივლისში მოუწია შეხვედრა კანადელ ალექსის დევისთან. მაშინ ჩემპიონს მსხვერპლის დასაძლევად ორი წამით მეტი (16 წამი) დასჭირდა.

კიმონოთი
როუზი უნივერსალურ ორთაბრძოლებში დიდი ხანი არაა, რაც ასპარეზობს. იქამდე მას ათ წელიწადს ტატამზე ვხედავდით. ამ ხნის მანძილზე რონდას მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ვერცხლის მედალი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. იგი პირველი ძიუდოისტი ქალია აშშ-დან, რომელმაც ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.

მოგებული აქვს აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის 2004 წელს ბუდაპეშტში და არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირი. ნაჩვენები შედეგები გოგონამ ამ სახეობაში თავის მაქსიმუმად ჩათვალა და ბრძოლის ჟინით სავსემ 2011 წლიდან უნივერსალურ ორთაბრძოლებში გადაწყვიტა ბედი ეცადა.

სხვებისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე
მან პირველივე შეხვედრებში დაანახვა ყველას, რომ ქალთა დივიზიონს ახალი პატრონი გამოუჩნდა. პირველად 23 წამში მოუგო მტკივნეულით ჰაიდენ მუნიოსს. დროზე ადრე გამარჯვებების მოპოვება კი საერთოდ მისი სტილია. რონდა შემტევი ტიპის მებრძოლია, აქტიურად იყენებს ძიუდოს ილეთებს მეტოქის წასაქცევად და ბრძოლის პარტერში გადასაყვანად.

ამჟამად 11-დან 11 პაექრობა აქვს მოგებული და თან ყოველ ჯერზე დროზე ადრე იმარჯვა. ამასთან, ოთხჯერ დაიცვა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი. "ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მალე გავხდებოდი პოპულარული" - უკვირს რონდას. "როუზი ზინგანოსაც თუ მოუგებს, მაშინ ქალებთან საქმე აღარ ჰქონია" - წერდნენ სპეციალისტები ცოტა ხნის წინ და გარკვეული ხნის შემდეგ მამრობითი სქესის მოწინააღმდეგესთან მის ჯახს პროგნოზირებდნენ.

შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციის ხელმძღვანელის დან უაითის მოსაზრებით როუზი საკუთარი ტექნიკური, ტაქტიკური მონაცემების და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მზადაა კაცებთან საბრძოლველად.

აი, მაშინ უნდა ნახოთ შოუ, რეკლამა, სატელევიზიო ინტერესი და პუბლიკა დარბაზში! კაცებში მისი გადასვლით ქალთა დივიზიონიც ამოისუნთქავს და იქ ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდება.

სექსი დიდ ბრძოლამდე
რონდა ირწმუნება, რომ ქალებისთვის სექსი ბრძოლის წინ რეკომენდებულია, რადგან ტესტოსტერონის დოზას ამაღლებს, ამას კი შესაბამისად წარმატებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

"მსმენია, რომ კაცებისთვის ბრძოლის წინ სექსი წარმატების მომტანი არაა, აი ქალებისთვის კი შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პირიქითაა. ვცდილობ ბრძოლის წინ სექსი იმდენი მქონდეს, რამდენსაც შევძლებ - ეს მხოლოდ ხელს მიწყობს წარმატების მოპოვებაში.

თუმცა, რასაკვირველია, შეჯიბრების წინ ინტერნეტში განცხადებას არ ვაქვეყნებ ბიჭებზე მოთხოვნით, მაგრამ როცა ასეთ დროს მყავს მეგობარი ბიჭი, ვეუბნები: "ჰეი, ჩემო კარგო, ამ დღეებში მე ბრძოლა მაქვს და უნდა ვიაქტიუროთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამის გაკეთება მაინცდამაინც ბრძოლის დღეს არაა საჭირო", - თქვა როუზიმ.

სხვათა უფლებების და დოპინგის გამო
რონდა როუზი მართალია თავად კმაყოფილია იმით, რამდენსაც უხდიან, მაგრამ სხვა მებრძოლი გოგონების მცირე ანაზღაურება აშფოთებს. სხვა მებრძოლი გოგონები საკმაოდ ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ იმასთან შედარებით, რასაც მაგალითად, ოქტაგონის გოგონებს, ანუ მათ უხდიან, რომლებსაც არენაზე მორიგი რაუნდის დასაწყისის მაჩვენებელი რიცხვები გამოაქვთ. როუზი წუხს, რომ გოგონების უმრავლესობა ახლაც თითო ბრძოლაში მხოლოდ 8 ათას დოლარს იღებს. ჩემპიონი მხოლოდ სხვათა ჯამაგირის სიმცირის გამო არ აღშფოთებულა. იგი კოლეგა მებრძოლების მიერ დოპინგის მოხმარების გამოც გაღიზიანდა.

"ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, როცა გავიგე ანდერსონ სილვას დისკვალიფიკაციის შესახებ. ძალიან განვიცადე. ბრძოლაში დოპინგის გამოყენება შემიძლია შევადარო იარაღის გამოყენებას. ერთხელაც დადგება დღე, როდესაც დოპინგის გამო ვინმე მოკვდება ოქტაგონზე და ეს ფაქტი შეცვლის სპორტს უარესობისკენ", - ამბობს როუზი.

ჯერ ნუ წახვალ ჰოლივუდში
როუზი მსახიობიცაა. მას ნათამაშები აქვს ბოევიკის, თრილერის, კომედიის ჟანრის რამდენიმე მხატვრულ ფილმში. ერთხელ ისიც განაცხადა, შესაძლოა სპორტიდან ჰოლივუდშიც წავიდეო. ამაზე კომენტარი მწვრთნელმა ჯინ ლებელმა გააკეთა.

"ერთ დღეს ყველასთვის დგება წაგების დრო. მე მოვუწოდებ რონდას, რომ რინგიდან წასასვლელად ის დრო შეარჩიოს, ვიდრე კარიერის პიკიდან დაშვებას დაიწყებს. მისთვის წასვლა ჯერ ადრეა. გარდა ამისა, კინოში პოპულარობისთვის საკმაოდ კარგი პირობები არსებობს. კინოდან ყოველთვის მიიღებ პროცენტებს გაქირავებიდან, რამდენი წელიც უნდა იყოს გასული. სპორტსმენისთვის კი აქტიური კარიერა ისეც დიდხანს არ გრძელდება, ამიტომ რონდამ არ უნდა იჩქაროს", - მიიჩნევს ლებელი.

"ის ფიქრობს, რომ როუზის უახლოეს მომავალში ვერავინ დაამარცხებს. როდესაც რონდა დარბაზში ვარჯიშობს, სპარინგ-პარტნიორებად არა მხოლოდ ქალებს ირჩევს და როცა ბიჭებთან სპარინგობს, ამ უკანასკნელთ ვურჩევ, იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე ქალია - დარტყმა არ დაზოგონ. მეტიც, თუ ასე მოიქცევიან და როუზი იგრძნობს საპირისპირო მხარის სისუსტეს, მათ შუაზე გაგლეჯს", - ამბობს ლებელი.

ჟურნალში, როგორც პლაჟზე
ცოტა ხნის წინ როუზიმ პოპულარულ გამოცემა Sports Illustrated -ის თხოვნით თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. თითქმის შიშველი რონდა ფოტოსურათებში საკმაოდ ეფექტური, ლამაზი და თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრისთვის მოულოდნელად ქალური და ნაზიც ჩანს. როუზის გაშიშვლებასთან დაკავშირებით კრიტიკოსების მოსაზრება სპორტსმენ ქალს გულზე მოხვდა და თავის მართლება სცადა:

"მე ხომ ბოლომდე არ გამიხდია? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დედასთან მქონდა შეთანხმება, რომ სხეულის რა ნაწილიც არ მინდა პუბლიკას ვაჩვენო, ის ჟურნალში არ მოხვდებოდა. მისთვის მიცემული სიტყვა შევასრულე. არ მესმის, რატომ თვლის ზოგი, რომ, იმ ფორმით, როგორც პლაჟზე ვირუჯები, ფოტოები არ უნდა გადავიღო?" - კითხულობს ყველაზე მიმზიდველი ქალი მათ შორის, ვინც მუშტებს იქნევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"