ტაიგერ ვუდსი ასეულს მიღმა

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი პროფესიული ტურის რეიტინგში ვარდნას განაგრძობს. ახალი კლასიფიკაციის თანახმად, ვუდსი მსოფლიო საუკეთესო გოლფისტთა შორის პირველ ასეულს მიღმა აღმოჩნდა, ასეთი რამ კი 1996 წლის შემდეგ არ მომხდარა.

ახალ რეიტინგში ვუდსი 104-ე ადგილზე იმყოფება. ბოლოს ტაიგერი პირველი ასეულის ქვემოთ 1996 წლის 29 სექტემბერს იყო. მაშინ მას 225-ე ადგილი ეკავა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ თავისი 79 ტიტულიდან პირველი მოიგო და ასეულში შეაღწია.

39 წლის ვუდსს ცხრა თებერვლის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა პროფესიულ ტურნირებში. ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი ცნობილი არ
არის. თებერვალში სპორტსმენმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა საკუთარი შედეგებით და იქამდე არ დაბრუნდება ტურში, სანამ ოპტიმალურ ფორმას არ აღიდგენს.

ვუდსი გოლფის სამყაროში ყველაზე ცნობილი მოთამაშეა და მეორე ადგილზეა ისტორიაში მოგებული "მეიჯორების" რაოდენობით - 14 (რეკორდსმენია ჯეკ ნიკლაუსი 18 გამარჯვებით). ტაიგერი 623 კვირის განმავლობაში სათავეში ედგა PGA Tour-ის კლასიფიკაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"