დაიბადა 21. 11. 1968, თბილისი.
აკრობატიკა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 90), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორი (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1985). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2005-იდან).
- სპორტული კარიერა ტანვარჯიშით დავიწყე. ოთხი წელიწადი დალი კილაძესთან ვმეცადინეობდი.
ერთ-ერთ შეჯიბრებაზე აკრობატიკის მწვრთნელი ალექსანდრე მელოიანი გამეცნო. რამდენიმე გოგო გადაგვიბირა.
დიდ სპორტს
- სელექცია უწინაც ჭირდა?
- გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სპორტსმენთა შერჩევის მეტი შანსი იყო, რადგან სპორტულ ტანვარჯიშში ბევრი ახალგაზრდა იყო ჩაბმული - საქართველოში, ალბათ, სკოლა არ მეგულება, ტანვარჯიშული იარაღი და ბაგირი არ ჰქონოდა. ბავშვებიც მასობრივად მეცადინეობდნენ, რაც სელექციის მეტ შესაძლებლობას იძლეოდა.
ტანვარჯიში სპორტის ბევრ სახეობას ამარაგებდა ნიჭიერი ათლეტებით, მათ შორის - აკრობატიკას. ამ ტრადიციის აღდგენა არ გვაწყენდა. სხვა თუ არაფერი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს. თორემ მოგვიმრავლდნენ ჭარბწონიანი დონდლო ბავშვები, ხერხემლის გამრუდებით.
- ეს დიდი პრობლემაა და ცალკე მსჯელობის საგანი. მოდით, თქვენს სპორტულ კარიერას დავუბრუნდეთ - აკრობატიკაში დიდი კონკურენცია დაგხვდათ?
- მაშინ, თბილისის გარდა, აჭარას, ქუთაისს, რუსთავს ძლიერი სპორტსმენები ჰყავდა. ბატონ ალექსანდრე მელოიანთან გადასვლის შემდეგ წყვილებში ქეთევან სახვაძესთან ერთად ვვარჯიშობდი.
ორი წელიწადიც არ გვქონდა ნამეცადინები, საქართველოს ჩემპიონებთან ერთად ლიტვაში საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადაზე რომ გავემგზავრეთ. დიდი კონკურენცია იყო. მე და ქეთიმ მეორე ადგილი დავიკავეთ - მხოლოდ მოსკოველებს ჩამოვრჩით.
იმ შეჯიბრებიდან დაბრუნების შემდეგ ვლადიმერ გურგენიძესთან გადავედი სავარჯიშოდ. მთელი ჩემი წარმატებები სწორედ ბატონ ვლადიმერთან და ლალი თავართქილაძესთანაა დაკავშირებული.
ამ შესანიშნავ მწვრთნელებთან მეცადინეობდნენ მანანა მნათობიშვილი, მაია შილაკაძე, ნანა კიკილაშვილი, სვეტლანა მკრტიჩიან-ფეიქრიშვილი, რომლებიც მსოფლიოს და საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ.
მას შემდეგ, რაც 1982 წელს ჩემმა მეწყვილემ სკოლა დაამთავრა და აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, ვლადიმერ გურგენიძემ ახალი სამეულის შექმნა გადაწყვიტა.
მე და მარინე შაღაშვილი აკრობატიკაში ვმეცადინეობდით, მხატვრული ტანვარჯიშიდან ნატალა ანისიმოვა შემოგვიერთდა.
სამივენი არმიის სასპორტო კლუბის წევრები ვიყავით, ამიტომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების პირველობაზე მოვსინჯეთ ძალები. ზედიზედ ორჯერ ოქროს მედლები მოვიპოვეთ, 1985 წელს ვოლკოვის თასი მოვიგეთ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით. საკავშირო ნაკრებში მიგვიწვიეს და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შევუდექით.
ზედ შეჯიბრებაზე წასვლის წინ საბჭოთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახალბედებს ისევ გამოცდილები - სამეულში წინა წლის ჩემპიონები ამჯობინა და შეჯიბრებაზე ისინი წაიყვანა.
რუსებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც ოქრო აიღეს და ჩვენი სამეულიც დააზარალეს - გულგატეხილმა მარინე შაღაშვილმა აქტიურ სპორტს თავი დაანება.
- მსოფლიოს ჩემპიონი "სამაია" როგორღა შეიკრა?
- 1986 წელს ქართველი აკრობატები საწვრთნელ შეკრებაზე ტალინში გავემგზავრეთ, სადაც ხშირად ჩავდიოდით, რადგან ბალტიისპირელ კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებდა. ჩვენი მწვრთნელი ახალი სამეულისთვის ზედა მოვარჯიშეს ეძებდა და იგი სწორედ ტალინში იპოვა: დარბაზში ჩვენთან ერთად ემზადებოდნენ ესტონელი ტანმოვარჯიშეები.
სწორედ მათ შორის გამოარჩია ბატონმა ვლადიმერმა სვეტლანა მაკარიჩევა. მასაც მოეწონა აკრობატიკა და ერთი კვირის შემდეგ მშობლებიც დაითანხმა ჩვენთან ერთად საქართველოში წამოსასვლელად. ასე შეიკრა გიორგობიანი-ანისიმოვა-მაკარიჩევას "სამაია".
- რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობას უწია...
- 1987 წელს კიდევ ერთხელ გავხდით შეიარაღებული ძალების ჩემპიონი, რამაც ძალა და ენერგია შეგვმატა. მომდევნო წელი კი, ტრაბახში თუ არ ჩამომართმევთ, ტრიუმფალურად განვვლეთ: ჯერ ვოლკოვის თასზე საერთაშორისო ტურნირი მოვიგეთ, მერე საკავშირო თასი დავიმსახურეთ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ოქროს მედლები და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება მოვიპოვეთ.
ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას ბელგიურმა ანტვერპენმა უმასპინძლა. პარალსელურად იქვე ევროპის ჩემპიონატიც გაიმართა. უპირველეს კონკურენტად წინა წლის მსგავსი შეჯიბრების გამარჯვებული ბულგარეთის სამეული გვყავდა.
თანაბარი ქულები მოვაგროვეთ. ჩვენც და ბულგარელებიც ჩემპიონებად გამოგვაცხადეს. ბრინჯაოს მედლები ჩინელებს ერგოთ.
- ამგვარი წარმატების შემდეგ თქვენი სამეული რატომ დაიშალა?
- 1990 წელს ზედიზედ მეორედ მოვიგეთ საკავშირო ჩემპიონატი. მსოფლიოსთვის მზადებისას ერთ-ერთ ვარჯიშზე ხელი მოვიტეხე და ამ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ფორმის აღდგენა ვერ მოვასწარი.
მაკარიჩევასაც წონის შენარჩუნება უჭირდა და სამშობლოში დაბრუნება არჩია. ისევ ორნი დავრჩით, თუმცა არა დიდი ხნით: ელგუჯა ბითაძესთან აკრობატთა შერეულ წყვილებში ვარჯიშობდა ირინა ოვოიანი.
სწორედ ის გადმოვიბირეთ. კარგად მოერგო სამეულს. 1990 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოვიგეთ და საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში გერმანულ აუსბურგში გავემგზავრეთ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე.
მაშინ ეს ორი მაღალი რანგის შეჯიბრება ერთად იმართებოდა. წინა წელს ქალაქ რიგის სამეული გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ბალტიისპირელებს საკავშირო პირველობაზე ვაჯობეთ, ამიტომაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა.
1988 წელს, მსოფლიოს ჩემპიონობის დიდი ოქროს მედლის გარდა, ცალკეული ვარჯიშებისთვის ორი მცირე ოქროც დავიმსახურეთ. აუსბურგში კი ასპარეზობის პირველ დღეს ჯილდოებს ვინ ჩივის, ფინალში შესვლა გახდა სათუო, რადგან პაექრობისას უხეში შეცდომა დავუშვით.
საბედნიეროდ, მეორე დღეს მობილიზება შევძელით - ურთულესი ვარჯიშის შემდეგ (დღემდე ამ სირთულის ვარჯიშებს მსოფლიოში ვერავინ ასრულებს - ვ.დ.) მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ და ფინალში შევედით.
იქ კი დანაკლისი ბოლომდე ვერ ავინაზღაურეთ და აბსოლუტურში ვერცხლის მედალს დავჯერდით, თუმცა გუნდურში მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონობა.
- მომდევნო წელს კი საბჭოთა კავშირი დაიშალა...
- ჩვენი სამეულიც... და მეც აკრობატიკას ჩამოვშორდი, რადგან მაშინ საქართველოში სპორტისთვის არავის ეცალა. მალე ოჯახიც შევქმენი. თუმცა 1996 წელს ჩემი მეგობრისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნინო ბერიანიძის თხოვნით ისევ დავუბრუნდი აკრობატიკას, რადგან ნინო მაშინ (და დღესაც) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
ანისიმოვასა და დალინა ქენქაძესთან ერთად შევქმენით სამეული. ორი წელიწადი ვივარჯიშეთ და საკმაოდ რთული პროგრამა დავამუშავეთ. მაგრამ 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად არავინ დაგვაფინანსა. არადა, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, საქართველოს სახელით საერთაშორისო სარბიელზე გვეასპარეზა.
სამომავლო პერსპექტივა რომ არ ჩანდა, ისევ ჩამოვშორდი აქტიურ სპორტს, თორემ აკრობატიკისთვის ზურგი დღემდე არ შემიქცევია - 2005 წლიდან ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ და სპორტულ აკრობატიკას ვკურირებ.
- რა ხდება დღეს თქვენთან?
- ბოლო წლებში საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდები მოვიდნენ აკრობატიკაში, მაგრამ, რადგანაც ჩვენი სპორტი არაოლიმპიური სახეობაა, დაფინანსებაც ნაკლებია. ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა თუ პირველობებში მონაწილეობას. 2009 წელს პორტუგალიაში გოგონათა სამეულმა (მარიამ გიგოლაშვილი, სალომე სარიშვილი, ანა ურუშაძე) ევროპის პირველობაზე მე-7 ადგილი დაიკავა.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო 11-16 წლის გოგო-ბიჭები, რომლებსაც ნინო ბერიანიძე, სვეტლანა და დალი ფეიქრიშვილები ავარჯიშებენ. წლეულს ამ მოზარდებიდან გოგონათა წყვილმა (ანი ჯოხაძე, ნინო სირაძე) ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ვაჟთა წყვილი (გიორგი ოქროპირიძე, ტატო სირაძე) კი ერთ ბრინჯაოს დასჯერდა.
გოგონათა სამეულმა (მარიამ ფოფხაძე, თინათინ პარწიკანაშვილი, გვანცა მურღულია) ფინალში მე-7 ადგილი დაიკავა. ეს სპორტსმენები ამჟამად ევროპის პირველობისთვის ემზადებიან. ამ შეჯიბრებას ოქტომბერში პორტუგალია უმასპინძლებს. უსახსრობის გამო საწვრთნელ შეკრებაზე ვერსად მივდივართ - მხოლოდ თბილისში მოვემზადებით.
როგორც გითხარით, ჩვენს სახეობას ნაკლები დაფინანსება აქვს, მაგრამ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას ბოლო პერიოდში მიმდევრები მოუმრავლდა: იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში სპორტული აკრობატიკის გეოგრაფია ნელ-ნელა იზრდება. იმ რეგიონებს, სადაც უწინ ფუნქციონირებდა აკრობატიკა, რამდენიმე წელიწადია, მარნეული მიემატა. შესაძლოა, მათ რიგებს მალე ხაშურიც შეემატოს.
- ოჯახში სპორტული ტრადიცია თუ გრძელდება?
- ერთადერთი ვაჟი მყავს - 21 წლის ნიკა ჩხიკვაძე, რომელიც მორაგბეა. აქამდე "აკადემიაში" თამაშობდა, 19-წლამდელთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფში იასპარეზა. ახალი სეზონიდან "ყოჩების" სპორტულ ღირსებას დაიცავს.
- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
- მადლობა "ლელოს", რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს სპორტის არც ერთ სახეობას და სამზეოზე გამოაქვს მათი სიხარული და სატკივარი. რედაქციაში დღევანდელი ჩემი მოწვევაც, ფაქტობრივად, სპორტის ამ ულამაზესი სახეობის მდიდრული წარსულის წარმოჩენა და ქომაგებისთვის იმის შეხსენებაა, რომ საქართველოში აკრობატიკაც ცოცხლობს. გმადლობთ!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"