მხატვრულად ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატი: ბრინჯაო ჯიბიდან ამოგვაცალეს

AutoSharing Option
მინსკში მხატვრულად ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა სალომე ფაჟავამ.

მსაჯებს რომ ობიექტურობა გამოეჩინათ, რგოლით ვარჯიშში ქართველი სპორტსმენი მესამე ადგილზე გავიდოდა და ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა.

წლევანდელ კონტინენტის პირველობაში 28 ქვეყნის 74 წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის, მათ შორის - სამი საქართველოდან: სალომე ფაჟავამ ოთხი, ნათელა ბოლატაევამ და ლიანა ცეცაძემ კი ორ-ორი ვარჯიში შეასრულეს. შარშანწინ მსგავს შეჯიბრებაში ფაჟავამ მრავალჭიდში მე-18 ადგილი დაიკავა და ცალკეული საგნებით ვერც ერთ ფინალში ვერ მოხვდა, ამჯერად კი მრავალჭიდში 52.883 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და მთელი
10 ადგილით წაიწია წინ.

კვარცხლბეკზე ადგილები კი ასე განაწილდა: 1. მარგარიტა მამუნი (რუსეთი, 56.666), 2. იანა კუდრიავცევა (რუსეთი, 56.599), 3. მელიტინა სტანიუტა (ბელარუსი, 55.283). საგულისხმოა, რომ პირველ 20 ადგილზე გასული ტანმოვარჯიშეები გაისად ისრაელის ქალაქ ჰოლონში დახურულ ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ახლა რაც შეეხება ცალკეული საგნებით ასპარეზობას: ფინალში რგოლით ვარჯიშისას სარბიელზე ჯერ ფაჟავა გავიდა და 17.883 ქულით მესამე ადგილზე იყო. მართალია, ბელორუსმა კატსიარინა ჰალკინამ ფინალში ქართველზე უარესად შეასრულა ვარჯიში, მაგრამ სალომეზე მეტი ქულა დაუწერეს - 17.950.

ოქრო და ვერცხლი, შესაბამისად, მამუნმა (19.000) და სტანიუტამ (18.500) გაინაწილეს. დანარჩენ საგნებში: ბურთი. 1. კუდრიავცევა (19.066), 2. მამუნი (18.950), 3. სტანიუტა (18.466)... 6. ფაჟავა (17.133). გურზები. 1. კუდრიავცევა (19.116), 2. ჰანა რიზატდინოვა (უკრაინა, 18.400), 3. ჰალკინა (18.033)... 7. ფაჟავა (17.666). ლენტი. 1. კუდრიავცევა (18.900), 2. სტანიუტა (18.133), 3. მარინა დურუნდა (აზერბაიჯანი, 18.000)... 6. ფაჟავა (17.716).

ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობდა ნათელა ბოლატაევა, რომელმაც ამის კვალობაზე შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ბურთით ვარჯიშში მან 16,041 ქულა დაიმსახურა, ბაფთით ვარჯიშში კი - 16,0. საქართველოს მესამე მონაწილის, ლიანა ცეცაძის მაჩვენებელი ასეთია: რგოლი - 15,300 ქულა, გურზები - 16,0.

გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა (ფაჟავა, ბოლათაევა, ცეცაძე) 133.724 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და B-დან ელიტურ A ჯგუფში გადაინაცვლა. 1. რუსეთი (კუდრიავცევა, მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა, 150.173), 2. ბელორუსი (ჰალკინა, სტანიუტა, 144.556), 3. უკრაინა (ვიქტორია მაზური, რიზატდინოვა, ელეონორა რომანოვა, 139.793).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული