სალომე ფაჟავამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა!

AutoSharing Option
საქართველოს სამი წარმომადგენელი (სალომე ფაჟავა, ნათელა ბოლატაევა, სალომე ურუშაძე) გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა.

57 ქვეყნის 120 სპორტსმენი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებსა და რიოს ოლიმპიური თამაშების 15 საგზურს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის შეგირდმა სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) - მრავალჭიდში 53.166 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა და ფინალის მონაწილე 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა (პირველ-მესამე ადგილებზე რუსები - იანა კუდრიავცევა (56.883), მარგარიტა მამუნი (55.708) და უკრაინელი ჰანა რიზატდინოვა
(55.232) გავიდნენ). ამასთანავე, ფაჟავამ ორი საგნით - გურზებითა და რგოლით ფინალურ რვა საუკეთესოში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

საბოლოოდ გურზებით 18.000 ქულით მეხუთეზე გავიდა. ქართველ ტანმოვარჯიშეს იანა კუდრიავცევამ (19.066), ალექსანდრა სოლდატოვამ (რუსეთი, 18.583), ჰანა რიზატდინოვამ (18.566) და მელიტინა სტანიუტამ (ბელარუსი, 18.366) გაუსწრეს.

რგოლით ვარჯიშში სალომე (17.766) მეშვიდე იყო. საპრიზო ადგილები აქ ასე განაწილდა: 1. მარგარიტა მამუნი (18.950), 2. ალექსანდრა სოლდატოვა 918.650), 3. ჰანა რიზატდინოვა (18.583). ბურთი. 1. იანა კუდრიავცევა (19.025), 2. მარგარიტა მამუნი (19.000), 3. მელიტინა სტანიუტა (18.350). ლენტი. 1. იანა კუდრიავცევა (18.866), 2. მარგარიტა მამუნი (18.850), 3. ჰანა რიზატდინოვა (18.383).

სალომე ფაჟავამ განსაკუთრებით მრავალჭიდის ფინალში გამოიჩინა თავი, ოთხივე საგნით სტაბილური შედეგები აჩვენა. საბოლოოდ 71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალოსან მელიტინა სტანიუტას მხოლოდ 0.35 ქულით ჩამორჩა. მრავალჭიდში ჩემპიონის ტიტული იანა კუდრიავცევამ (75.632) დაიმსახურა, 74.766 ქულით მეორე იყო მარგარიტა მამუნი.

ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა (ფაჟავა, ბოლატაევა, ურუშაძე) გუნდურშიც იყოჩაღეს: 34 ნაკრებს შორის 134.973 ქულით მე-11 ადგილი დაიკავეს და წინა წელთან შედარებით ორი საფეხურით დაწინაურდნენ. კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. რუსეთი (იანა კუდრიავცევა, მარგარიტა მამუნი, ალექსანდრა სოლდატოვა, 149.990), 2. ბელარუსი (ჰანა ბაჟკო, არინა ჩაროპა, კატსიარინა ჰალკინა, მელიტინა სტანიუტა, 141.314), 3. უკრაინა (ვიქტორია მაზური, ჰანა რიზატდინოვა, ელეონორა რომანოვა, 141.196).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული