2014 წლის ტურ დე ფრანსი ინგლისში დაიწყება

AutoSharing Option
პარიზში გაიმართა ტურ დე ფრანსის 2014 წლის მარშრუტის პრეზენტაცია. მრავალდღიანი მარათონი პატივს მიაგებს პირველ მსოფლიო ომში დაღუპულებს და ბევრ იმ ქალაქსა თუ რაიონში გაივლის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა საომარი კონფლიქტების გამო.

ველორბოლა 5 ივლისს იორკშირში (ინგლისი) დაიწყება. ინგლისის ტერიტორიაზე სამი ეტაპი ჩატარდება, მათ შორის, ერთი ლონდონში. საერთოდ, ტური ბრიტანეთს მეოთხედ ეწვევა. ბოლოს ეს 2007 წელს მოხდა, როცა ერთი ეტაპი ლონდონში გაიმართა.

2014 წელს ტურ დე ფრანსზე იქნება ექვსი სამთო ეტაპი ხუთი სამთო ფინიშით. მეხუთე ეტაპზე ველომრბოლელებს გარკვეული მონაკვეთი ქვაფენილზე მოძრაობა
მოუწევთ. ამ მონაკვეთის სიგრძე 15 კილომეტრი იქნება. ყველაზე გრძელია მეშვიდე ეტაპი, რომლის სიგრძეა 233 კილომეტრი.

საგაისო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ის არის, რომ პირველად 1950 წლის შემდეგ, ველომარათონში იქნება მხოლოდ ერთი დროზე განცალკევებით რბოლა - მე-20 ეტაპი, რომლის სიგრძეა 54 კილომეტრი.

ალპებში მხოლოდ ორი სამთო ეტაპი გაიმართება. მე-17 და მე-18 ეტაპებზე პელოტონი ავა სენ-ლარი-სულანისა და ოტაკამის მწვერვალებზე, რომლებიც პირინეების მთებში მდებარეობს. 2014 წლის ტურის ყველაზე მაღალი წერტილია კოლ დ’იზოარი (2360 მეტრი).

ტურ დე ფრანსი, ტრადიციულად, პარიზში დასრულდება (27 ივლისს).