ოლიმპიადა და ფეხბურთი

AutoSharing Option
ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის არაერთი სახეობაა, გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს რომ იწვევს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პლანეტის საუკეთესო კალათბურთელების, ჩოგბურთელების, მძლეოსნებისა და მოჭიდავეთა ასპარეზობისთვის თვალის მიდევნება რად ღირს.

სამწუხაროდ, ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირმა პრესტიჟულობა (გნებავთ, პოპულარობა) ვერაფრით მოიხვეჭა და ამის უამრავი მიზეზი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, მართლაც არანორმალურად გადატვირთული კალენდარი უნდა ვახსენოთ: ქვეყნის ჩემპიონატში, თასზე და საერთაშორისო ასპარეზზე (საკლუბო და სანაკრებო დონეზე) ფეხბურთელებს ერთი სეზონის განმავლობაში 60-70-მდე ოფიციალური მატჩის ჩატარება უწევთ!

ამას გარდა, ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირებზე, როგორც წესი, გარკვეული შეზღუდვებიც მოქმედებს: მაგალითად, ადრე მხოლოდ
იმ ფეხბურთელებს შეეძლოთ ოლიმპიადაზე მონაწილეობა, რომლებსაც კონტინენტისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არ ჰქონდათ ნათამაშები (გამონაკლისი იყო 1968 და 1972 წლების ოლიმპიადები); მოგვიანებით კი ასაკობრივი ცენზი დაწესდა: ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე მონაწილეთა ასაკი 23 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

თუმცა თითოეულ გუნდს (ნაკრებს) უფლება აქვს, განაცხადში შეიყვანოს 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელი - ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირების პრესტიჟი მცირედით მაინც გაზრდილიყო.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირებს გამორჩეული მოთამაშეები თითქმის არასდროს აკლდა (ისე, როგორც წლევანდელ გათამაშებას). უფრო ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როცა სწორედ ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე წარმოჩენილა იმ დროისათვის ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი, მომავალში მსოფლიოს დონის ვარსკვლავი რომ გამხდარა.

ამის დასტურად ქვემოთ მოყვანილი ფაქტებიც გამოდგება და იმედი დავიტოვოთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზეც ვიხილავთ ახალ-ახალ "გამონათებებს".

დაბოლოს, კიდევ ერთ დეტალზეც: მსოფლიოს წამყვანი კლუბების ხელმძღვანელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თავიანთი ვარსკვლავების ოლიმპიადაზე გამგზავრებას და ხშირად საქმე საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟამდეც მისულა; მაგრამ ასევე ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ვარსკვლავს დაჟინებით მოუთხოვია ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი ქვეყნის პრესტიჟის დაცვა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებით არანაკლებ გაუხარია, ვიდრე საკლუბო დონეზე მოპოვებული გამარჯვებ(ებ)ით.

ამ შემთხვევაში კი ლეო მესის მაგალითიც საკმარისი იქნებოდა...

გამორჩეული ფაქტები და პერსონები
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის რეგლამენტი (ისე, როგორც მონაწილეთა რაოდენობა) დროთა განმავლობაში იცვლებოდა. იყო შემთხვევები, რომ "არასაფეხბურთო" ქვეყნის ნაკრებს (კანადას) მოუგია ოლიმპიური ოქროს მედლები. 1952-80 წლებში კი გამარჯვებულები... სოციალისტური ბანაკის ქვეყნები (უნგრეთი, სსრკ, იუგოსლავია, პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია) ხდებოდნენ.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირებს არასდროს აკლდა გამორჩეული ვარსკვლავები: ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ედუარდ სტრელცოვი (სსრკ), ფლორიან ალბერტი (უნგრეთი), ვლოძიმეჟ ლიუბანსკი (პოლონეთი), იურგენ კლინსმანი (გფრ), რომარიო, ბებეტო (ორივე - ბრაზილია); გასული საუკუნის 90-იან წლებიდან კი (უფრო ზუსტად, 1992 წლის ოლიმპიადიდან მოყოლებული) გამორჩეულ ფეხბურთელთა სია კიდევ უფრო გაიზარდა და ამაში თავად დარწმუნდებით.

ბარსელონას ოლიმპიადაზე (1992 წელს) ესპანეთის ნაკრებმა დამსახურებულად მოიპოვა ოქროს მედლები და ამ გუნდში თამაშობდნენ: სანტიაგო კანისარესი, ხოსეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე, ალფონსო პერესი, კიკო ნარვაესი; ბევრად უფრო შთამბეჭდავი და მართლაც გამორჩეული საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა 1996 წელს: ატლანტის ოლიმპიადაზე თითქმის ყველა გუნდში ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ბრაზილიის ნაკრებში იყვნენ: დიდა, რობერტო კარლოსი, ალდაირი, რივალდო, ჟუნინიო, სავიო, ბებეტო და... რონალდო! ამათ გარდა, ამ ოლიმპიადაზე არაერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი გამოჩნდა: რაული (ესპანეთი), ნუნუ გომეში (პორტუგალია), მარკ ვედუკა (ავსტრალია), რობერ პირესი (საფრანგეთი). ოლიმპიადის ფინალში კი ტურნირის უპირობო ფავორიტი, არგენტინა და ნიგერია გავიდნენ.

ნიგერიელებმა მანამდე მართლაც ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზეს, როცა ნახევარფინალში "ოქროს გოლის" წყალობით ბრაზილიელთა ვარსკვლავკრებული დაამარცხეს.

თუმცა ნვანკვუ კანუ, ჯეი-ჯეი ოკოჩა, ტიჯანი ბაბანგიდა, დანიელ ამოკაში, ემანუელ ამუნიკე, სელესტინ, ბაბაიარო, ვიქტორ იკპება, სანდი ოლისე, ტარიბო ვესტი და კომპანია ამით არ დაკმაყოფილდნენ და არგენტინასაც მოუგეს ფინალში!

არადა, არგენტინელებს მართლაც შთამბეჭდავი ნაკრები ჰყავდათ: ხავიერ ძანეტი, ერნან კრესპო, არიელ ორტეგა, კლაუდიო ლოპესი, რობერტო აიალა, დიეგო სიმეონე, მატის ალმეიდა, მარსელო გალიარდო, რობერტო სენსინი...

ეს იყო აფრიკული გუნდების პირველი წარმატება ოლიმპიადაზე, თუმცა ოთხი წლის მერეც იგივე განმეორდა: კამერუნის ნაკრებმა მეოთხედფინალში ბრაზილიას მოუგო, ნახევარფინალში - ჩილეს, ფინალში კი პენალტების სერიაში ესპანეთს აჯობა!

კამერუნელთა წარმატებაში ლომის წილი შეიტანეს მეკარე კარლოს კამენიმ (იმ დროისათვის 16 წლის იყო) და, რაღა თქმა უნდა, 19 წლის სამუელ ეტო'ომ.

2000 წლის ოლიმპიადაზე არაერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი გამოჩნდა: რონალდინიო (ბრაზილია), ანდრეა პირლო (იტალია), მიგელ ანხელ ანგულო, რაულ ტამუდო (ორივე - ესპანეთი); სიდნეის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირს თავისებური ხიბლი შემატა ჩილეს ნაკრების თავდამსხმელმა ივან სამორანომ.

თუმცა ცალკე გვინდა აღვნიშნოთ ფინალში დამარცხებული ესპანეთის ნაკრების ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი: კარლეს პუიოლი და ჩავი! პუიოლმა და ჩავიმ ამის მერე საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგეს.

სამწუხაროდ, კამერუნთან ფინალში მარცხმა ამ ორ ჩინებულ ფეხბურთელს მართლაც უნიკალური რეკორდი ვერ დაამყარებინა, თორემ ფეხბურთის ისტორიაში შევიდოდნენ, როგორც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები!

...2004 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით მოასპარეზე არგენტინის ნაკრებმაც ეს სტატუსი გაამართლა.

23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელი (რობერტო აიალა, გაბრიელ ჰაინტე, კილი გონსალესი) პლუს პერსპექტიული ახალგაზრდები (ხავიერ მასკერანო, ანდრეს დალესანდრო, ლუჩო გონსალესი, ხავიერ სავიოლა), - ამ გუნდმა უპრობლემოდ შეძლო ოლიმპიადაზე გამარჯვება და ასე მოიპოვა არგენტინის ნაკრებმა პირველი ოლიმპიური ოქრო.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ არგენტინელთა ფორვარდის, კარლოს ტევესის გარჯა, რომელიც 8 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

დიდი ბრიტანეთი, ურუგვაი, უნგრეთი - 2008 წლამდე მხოლოდ ამ სამმა ქვეყანამ შეძლო ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ზედიზედ ორჯერ მოგება. და აი, ამ ქვეყნების რიცხვს არგენტინაც შეუერთდა: სერხიო ბატისტას გუნდმა პეკინის ოლიმპიადაზე მართლაც შთამბეჭდავი ფეხბურთი უჩვენა და ოქროს მედლებიც მოიპოვა.

თუმცა ეს ფაქტი არავის უნდა გაჰკვირვებოდა: არგენტინელთა შემადგენლობაში ხომ ლეო მესი ბრწყინავდა!..

...რაიან გიგზი და კრეიგ ბელამი (ორივე - დიდი ბრიტანეთი), ნეიმარი და მარსელო (ორივე - ბრაზილია), ხუან მატა და ხავი მარტინესი (ორივე - ესპანეთი), - აი, ამ და სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს ვიხილავთ ლონდონის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე.

ფავორიტებადაც, რაღა თქმა უნდა, მასპინძლები და ესპანელები მიიჩნევიან. ისე, როგორც ბრაზილიის ნაკრები, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებისათვის ოლიმპიადაზე გამარჯვება ხომ კვლავაც აუხდენელ ოცნებად რჩება...

ოლიმპიადების საფეხბურთო ტურნირების ყველა ფინალი
1896 დანია-საბერძნეთი 9:0
1900 დიდი ბრიტანეთი-საფრანგეთი 4:0
1904 კანადა-აშშ 4:0
1908 დიდი ბრიტანეთი-დანია 2:0
1912 დიდი ბრიტანეთი-დანია 4:2
1920 ბელგია-ჩეხოსლოვაკია 2:0
1924 ურუგვაი-შვეიცარია 3:0
1928 ურუგვაი-არგენტინა 2:1
1936 იტალია-ავსტრია 2:1 (დ.დ.)
1948 შვედეთი-იუგოსლავია 3:1
1952 უნგრეთი-იუგოსლავია 2:0
1956 სსრკ-იუგოსლავია 1:0
1960 იუგოსლავია-დანია 3:1
1964 უნგრეთი-ჩეხოსლოვაკია 2:1
1968 უნგრეთი-ბულგარეთი 4:1
1972 პოლონეთი-უნგრეთი 2:1
1976 გდრ-პოლონეთი 3:1
1980 ჩეხოსლოვაკია-გდრ 1:0
1984 საფრანგეთი-ბრაზილია 2:0
1988 სსრკ-ბრაზილია 2:1 (დ.დ.)
1992 ესპანეთი-პოლონეთი 3:2
1996 ნიგერია-არგენტინა 3:2
2000 კამერუნი-ესპანეთი 2:2 (5:3, პენ.)
2004 არგენტინა-პარაგვაი 1:0
2008 არგენტინა-ბრაზილია 3:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული