სოჭის ოლიმპიადის სიახლეები: ვლადიმერ პუტინი სპორტსმენებს უვიზოდ შემოუშვებს

AutoSharing Option
ტელეგარიგება
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტელევიზიით სოჭის ოლიმპიადის მაუწყებლობის უფლება მიჰყიდა ავსტრალიის ტელეარხს.

შეთანხმება ინტერნეტის მაუწყებლობასაც ითვალისწინებს. ივარაუდება, რომ სოჭის ოლიმპიადაში 50 ავსტრალიელი სპორსტმენი იასპარეზებს, რაც სარეკორდოა "მწვანე კონტინენტისთვის".

უვიზოდ...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სოჭის ოლიმპიადის პერიოდში ქვეყანაში უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ მათთვის, ვისაც რაიმე შეხება აქვს თამაშებთან.

მოქალაქეობის არმქონე პირებსაც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ვიზის გაუფორმებლად შემოვიდნენ და გავიდნენ ქვეყნიდან. საკმარისი იქნება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ან დადგენილი ფორმით ოლიმპიადაზე დასწრების სააკრედიტაციო ბარათი, რომელიც გაცემულია საერთაშორისო სპორტული ღონისძიების
ორგანიზატორი ორგანიზაციის მიერ.

ტურისტები
ამერიკულმა კომპანია Jez Sez Sports-მა უკვე შექმნა ოფიციალური საიტი და ონლაინრეჟიმში დაიწყო ტურისტებისათვის სოჭის ოლიმპიადაზე დასასწრები საგზურების რეალიზება. ეს კომპანია ერთადერთი ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელსაც ოლიმპიადის კატეგორიაში - "მომსახურება და სტუმართმოყვარეობა" ყველა უფლება აქვს მინიჭებული.

პაკეტის ღირებულება თამაშების ფინალურ ტურნირებზე (ნახევარფინალი, მესამე ადგილისთვის შეხვედრები და ფინალი) ორ პერსონაზე შეადგენს 445 ათას რუბლს, ერთ ადამიანზე 226 ათასს. ფასში არ შედის ტრანსპორტირება, მათ შორის, ქალაქში გადაადგილება. ოთხი მატჩის ბილეთი, ვინც მას ზემოხსენებული კომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით შეიძენს, 54 ათასი რუბლი ეღირება.

უსაფრთხოება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის და რუსეთის სპეცსამსახურები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სოჭში 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"მე დავთანხმდი პუტინის შემოთავაზებას ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე. ბრიტანეთის 50-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს სოჭის ოლიმპიადის პროექტში - სპორტული ობიექტების მშენებლობით დაწყებული და ენერგომომარაგებით დამთავრებული. ახლა კი თამაშების უსაფრთხოებაში ვითანამშრომლებთ". - ამბობს კემერონი.

სოჭის დაბრუნება
უცნაურია, მაგრამ სწორედ ასეთი სათაურით: "საქართველომ დაიბრუნა სოჭი" ინტერნეტსაიტმა "გაზეტა რუ"-მ გაავრცელა ვრცელი მასალა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის ორაზროვნება გასაგებია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ რუსებს "ახსოვთ", ვის ეკუთვნოდა ის ტერიტორია, სადაც 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს.

თენგიზ გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული