გვეყოლება თუ არა სნოუბორდში ოლიმპიელი?

AutoSharing Option
ახლოვდება სოჭის ოლიმპიადა. ჩვენი სპორტსმენები ჯერ ისევ განაგრძობენ სალიცენზიო შეჯიბრებებში მონაწილეობას.

ოფიციალურად არაერთხელ ითქვა, რომ გაჩნდა სნოუბორდში ოლიმპიადაში მონაწილეობის შანსი, რაც პირველ ყოვლისა, გუდაურელი სპორტსმენის, სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის სტიპენდიანტის, რევაზ ნაზღაიძის წარმატებებს უკავშირდება.

სნოუბორდში სოჭის ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭიროა მინიმუმ 100 სარეიტინგო ქულა და მსოფლიო თასის ეტაპზე ოცდაათეულში მოხვედრა.

7 ნოემბერს ტელეფონით ავსტრიაში დავუკავშირდით საქართველოს სათხილამურო ფედერაციის სნოუბორდის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძეს, რომელიც ამავე დროს, ჩვენი გუნდის კაპიტანია.

აი, რა გვითხრა მან: "ახლა ვიმყოფებით ალპებში მყინვარზე, სადაც 3250 მეტრ სიმაღლეზე
13 ოქტომბრიდან ემზადება ჩვენი გუნდი და მისი ლიდერი რევაზ ნაზღაიძე. ბულგარეთის და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად ვვარჯიშობთ.

8 ნოემბერს ავსტრიიდან გავემგზავრებით ამერიკაში (კოლორადო), ჩრდილოეთ ამერიკის თასზე; 17 ნოემბერს დავბრუნდებით იტალიაში და ბრუნიკოში გავაგრძელებთ ვარჯიშს იტალიის ნაკრებთან ერთად; 7-8 დეკემბერს ავსტრიაში ევროპის თასზე მივიღებთ მონაწილეობას.

თუ შევძელით პირველი ეტაპის გადალახვა და 100 სარეიტინგო ქულა მოვიპოვეთ, 14-15 დეკემბერს იტალიაში (კაროზა) მსოფლიოს თასი გველის; მერე, 17-18 დეკემბერს ჩრდილოეთ ამერიკის თასზე შევეცდებით დავიმსახუროთ ქულები. დასკვნითი ეტაპი გვექნება სლოვენიაში (როგლა) 18 იანვარს, მსოფლიოს თასზე.

ურთულესი ამოცანაა ჩვენთვის ამ ბარიერების გადალახვა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ოლიმპიადაში მონაწილეობა-არმონაწილეობის გაურკვევლობას. მსოფლიოს სნოუბორდერთა გუნდები 4-წლიან ოლიმპიურ პროგრამას გადიან. ძალიან რთულია, მაგრამ შევეცდებით, ერთი ლიცენზია მაინც მოვიპოვოთ ამ ულამაზეს სახეობაში"
- გვითხრა ლევან მშვილდაძემ.

თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული