ოფიციალურად არაერთხელ ითქვა, რომ გაჩნდა სნოუბორდში ოლიმპიადაში მონაწილეობის შანსი, რაც პირველ ყოვლისა, გუდაურელი სპორტსმენის, სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის სტიპენდიანტის, რევაზ ნაზღაიძის წარმატებებს უკავშირდება.
სნოუბორდში სოჭის ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭიროა მინიმუმ 100 სარეიტინგო ქულა და მსოფლიო თასის ეტაპზე ოცდაათეულში მოხვედრა.
7 ნოემბერს ტელეფონით ავსტრიაში დავუკავშირდით საქართველოს სათხილამურო ფედერაციის სნოუბორდის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მშვილდაძეს, რომელიც ამავე დროს, ჩვენი გუნდის კაპიტანია.
აი, რა გვითხრა მან: "ახლა ვიმყოფებით ალპებში მყინვარზე, სადაც 3250 მეტრ სიმაღლეზე
8 ნოემბერს ავსტრიიდან გავემგზავრებით ამერიკაში (კოლორადო), ჩრდილოეთ ამერიკის თასზე; 17 ნოემბერს დავბრუნდებით იტალიაში და ბრუნიკოში გავაგრძელებთ ვარჯიშს იტალიის ნაკრებთან ერთად; 7-8 დეკემბერს ავსტრიაში ევროპის თასზე მივიღებთ მონაწილეობას.
თუ შევძელით პირველი ეტაპის გადალახვა და 100 სარეიტინგო ქულა მოვიპოვეთ, 14-15 დეკემბერს იტალიაში (კაროზა) მსოფლიოს თასი გველის; მერე, 17-18 დეკემბერს ჩრდილოეთ ამერიკის თასზე შევეცდებით დავიმსახუროთ ქულები. დასკვნითი ეტაპი გვექნება სლოვენიაში (როგლა) 18 იანვარს, მსოფლიოს თასზე.
ურთულესი ამოცანაა ჩვენთვის ამ ბარიერების გადალახვა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ოლიმპიადაში მონაწილეობა-არმონაწილეობის გაურკვევლობას. მსოფლიოს სნოუბორდერთა გუნდები 4-წლიან ოლიმპიურ პროგრამას გადიან. ძალიან რთულია, მაგრამ შევეცდებით, ერთი ლიცენზია მაინც მოვიპოვოთ ამ ულამაზეს სახეობაში" - გვითხრა ლევან მშვილდაძემ.
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"