ლევან ყიფიანმა, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, პოზიცია მონაკოში დააფიქსირა

AutoSharing Option
7 ნოემბერს მონაკოში საერთაშორისო სპორტული ფორუმი - "მშვიდობა და სპორტი" გაიმართა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელიც თავის გამოსვლაში სოჭის ოლიმპიადის საკითხსაც შეეხო.

"დღეს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ახლა ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონში მშვიდობაა. მხედველობაში მაქვს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თვალსაზრისით სპორტი ხელს შეუწყობს პრობლემის აღმოფხვრას.

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ჩვენმა მთავრობამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება
მიიღეს. ამ თამაშებს ჩვენი მეზობელი რუსეთის ფედერაციის ქალაქი სოჭი უმასპინძლებს.

ჩვენი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სოჭში გაგზავნის გადაწყვეტილებას რომ ვიღებდით, ორი პრინციპით ვხელმძღვანელობდით.

პირველი: ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზირება და ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა გვსურდა, რადგან ოლიმპიადის იდეა, პირველ რიგში, თანამშრომლობას და მშვიდობას ემსახურება.

მეორე: ჩვენ ვცდილობთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოს მოქალაქეთათვის.

ამის გათვალისწინებით, რუსეთთან თანამშრომლობის ისეთ სფეროებს ვარჩევთ, რომლებიც ნაკლებადაა დაკავშირებული კონფლიქტის ძირითად საკითხებთან. ასეთად მიგვაჩნია კულტურის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სპორტის სფეროები.

ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ სოჭის ოლიმპიადაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ "სოჭი 2014"-ის ორგანიზატორები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ქართულ მხარესთან" - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული