სხვადასხვა

ოლიმპიზმი

თბილისი 2015. 27 ივლისი. მედლები და მიმოხილვა: რუსეთი პირველზეა

AutoSharing Option
ჩოგბურთი
"თბილისი 2015"-ის პირველი დღე ქართველებისთვის არც ისე წარმატებული იყო. ერთადერთი გამონაკლისი ჩოგბურთია. პირველ დღეს კორტებზე სათამაშოდ ოთხი ქართველი გავიდა და ოთხივემ შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

გამარჯვებების სერია ანა მაქაცარიამ დაიწყო. მაქაცარიამ აზერბაიჯანელი ფიდანა ხალიზადე ორ სეტში, დიდი უპირატესობით, 6:3 6:0 დაამარცხა. ნიკოლოზ დავლიანიძემ ბიჭების ერთეულთა თანრიგის პირველი წრე უპრობლემოდ 6:4 6:3 გაიარა.

ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, უშანსოდ დაამარცხა მეტოქე ანა შანიძემაც. ქართველი ჩოგბურთელი ებრაელ ლინა გლუშკოსთან ფავორიტად ითვლებოდა და საბოლოო შედეგით მედლის მოპოვების რეალურ კანდიდატადაც იქცა. შანიძემ მეტოქე მშრალი ანგარიშით -
6:0 6:0 დაამარცხა.

ცურვა
ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის პირველი ჩემპიონი მოლდოველი ალექსეი სანჩოვი გახდა.

სანჩოვმა ოქროს მედალი 200 მეტრზე ვაჟთა შორის თავისუფალი ყაიდით ცურვის დისციპლინაში მოიგო.

ცურვაში მოპოვებული სამი ოქროს მედლით კი რუსი სპორტსმენები არაოფიციალურ ჩათვლაში დაწინაურდნენ.

თავისუფალი ყაიდით ცურვაში 4X100 მეტრზე ესტაფეტაში რუსმა გოგოებმა და ბიჭებმა პირველობა არავის დაუთმეს. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში კი ვალერია ეგოროვა მოწინააღმდეგეებზე სწრაფი აღმოჩნდა.

რუსეთის მსგავსად, ცურვაში სამი მედალი მოიპოვა უნგრეთმაც, თუმცა ანია ეველინ კეშელინი ერთადერთი იყო, რომელმაც ოქრო მიიღო. 200 მეტრ დისტანციაზე ბატერფლაით ცურვის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოყოლებული, კეშელინი შეუდარებელი იყო და აუზში დომინაცია საუკეთესოს ტიტულის მიღებით დაასრულა.

ცურვაში დღის კიდევ ერთი ოქროს მედალი კი რუმინელმა მოცურავემ, მარია კლაუდია გადეამ დაიმსახურა. მან 200 მეტრზე ინდივიდუალურ კომპლექსურ ცურვაში ბრიტანელ რებეკა სატონს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

ფრენბურთი
წარუმატებელი სტარტი ჰქონდათ ქართველ ფრენბურთელებს. გოგონათა გუნდი რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ვაჟთა ნაკრებმაც ასევე უიმედოდ, სამ სეტში დათმო მატჩი. ქართველმა სპორტსმენებმა პოლონელ მოწინააღმდეგეებთან ვერაფერი გააწყვეს და საბოლოოდ 23:25, 25:27, 13:25 დამარცხდნენ.

"თბილისი 2015"-ის პირველი დღის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო თურქეთისა და იტალიის ფრენბურთელ გოგონათა დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ თურქეთმა მოიგო. გოგოების წარმატება ბიჭებმა ვერ გაიმეორეს და თურქეთი ჩეხ მეტოქეებთან 0:3 დამარცხდა. A ჯგუფის პირველ შეხვედრაში კი ბულგარეთის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 3:1 მოუგო.

ხელბურთი
მარცხით დაიწყო გამოსვლა საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმაც. ისინი პირველ შეხვედრაში შვეიცარიელებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 22:28 დამარცხდნენ.

ბიჭებისგან განსხვავებით, ხელბურთელმა გოგოებმა მეტოქეს წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს და ჩეხეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით, 44:18 წააგეს. ქართველი გოგონების ჯგუფში მეორე მატჩში კი რუსეთმა რუმინეთი 23:20 დაამარცხა.

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე A ჯგუფის პირველ შეხვედრაში დანიის ხელბურთელ გოგონათა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 24:16 დაამარცხა.

დღის მთავარი მატჩი კი ნორვეგიასა და მონტენეგროს გოგონათა გუნდებს შორის გაიმართა. ოქროს მედლის მოპოვების მთავარმა ფავორიტებმა შესანიშნავი, დაძაბული სანახაობა დადგეს, რომელშიც საბოლოოდ ნორვეგიამ 22:20 იმძლავრა.

საქართველოს ნაკრების ფრენბურთელი ბიჭების ჯგუფში მეორე მატჩის გამარჯვებული კი დაძაბულ ბრძოლაში გადაწყდა. საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრებმა სლოვენიას ანგარიშით 32:29 სძლია.

გამარჯვების მოპოვება გაუჭირდა უმთავრეს ფავორიტ ნორვეგიის ნაკრებსაც. სკანდინავიელებმა უნგრელი მეტოქეები 27:24 დაამარცხეს.

კალათბურთი
"თბილისი 2015"-ის ფარგლებში, შეჯიბრება კალათბურთშიც დაიწყო. ხელბურთის მსგავსად, ქართველი გოგონები პირველ ტურში სუსტად გამოვიდნენ, თურქეთის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დიდი ანგარიშით - 28:61 დამარცხდნენ.

ვაჟთა ნაკრებმა კი საქართველოს გუნდურ შეჯიბრებებში პირველი გამარჯვება მოუტანა. მათ მეტოქე თურქეთი 89:50 გაანადგურეს.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონობის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ბოსნია-ჰერცეგოვინამ. ბოსნიელებმა ლატვიელი კალათბურთელები 87:61 დაამარცხეს. პირველ გამარჯვებას მიაღწია მედლების მოპოვების კიდევ ერთმა კანდიდატმა სერბეთის ნაკრებმა. სერბმა ბიჭებმა იტალიელი თანატოლები 80:62 დაამარცხეს.

მძლეოსნობა
"თბილისი 2015"-ზე მძლეოსნობაში პირველი ოქროს მედალი ავსტრიელმა შტეფან შმიდტმა მოიპოვა. ის 2000 მეტრ სტიპლჩეიზში ოქროსმედალოსანი გახდა. მძლეოსნობის პირველმა გამარჯვებულმა დისტანცია 6 წუთსა და 10.03 წამში დაფარა. ვერცხლის მედალი სლოვენიელ მატევც ჩიმერმანჩიჩს ერგო, ბრინჯაოს მედალი კი ფრანგმა ტიმოთი მიშლერმა მოიპოვა. გოგონათა შორის ანალოგიური დისციპლინის გამარჯვებული კი ჰოლანდიელი იასმინ ბაკერი გახდა.

27 ივლისს გათამაშებული მედლები:

ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო

რუსეთი 3 1 0

უნგრეთი 1 0 3

ავსტრია 1 0 0

ნიდერლანდები 1 0 0

მოლდოვა 0 3 0

სლოვენია 0 2 0

დიდი ბრიტანეთი 0 1 1

საფრანგეთი 0 0 1

ესპანეთი 0 0 1

თურქეთი 0 0 1

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com