რიო 2016: დაანონსებული ტრიუმფი

AutoSharing Option
რიოს თამაშების ერთ-ერთი მთავარი სენსაცია გახდა პუერტორიკოელი ჩოგბურთელი მონიკა პუიგი, რომელმაც ქალებს შორის საჩოგბურთო ტურნირი მოიგო. ბევრს არ ახსოვს, რომ პუიგი ჯერ კიდევ გასულ სეზონში ამბობდა, რომ ოლიმპიური თამაშების მოგებას გეგმავდა...

"მოუთმენლად ველოდები მომავალი სეზონის დაწყებას, რადგან ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ვარ. ახლა, მნიშვნელოვანია მონდომებით მუშაობა. ოლიმპიადაზე გავემგზავრები და იქ მექნება მოგების შანსი.

ახალ მწვრთნელთან მუშაობით ჩემი თამაში გაუმჯობესდა. როგორც იქნა, ნამდვილი მონიკა პუიგი გავხდი. ახლა, მხოლოდ კორტზე გასვლა მინდა, რაღაც ახალის სწავლა და ტურნირები მჭირდება. მოგება მსურს. პოზიტიური
მომენტი იმაშია, რომ მომავალ წელს არც ისე ბევრი ქულის დაცვა მიწევს. ჩემი მთავარი მიზანია - მოვიგო ოქრო რიოს ოლიმპიადაზე", - ასეთი სიტყვები წარმოთქვა მონიკა პუიგმა 2015 წლის ნოემბერში.

მაშინ, მონიკას 92-ე ადგილი ეკავა WTA-ის რეიტინგში და სავსებით ლოგიკურად, მის გამონაქვამს ბევრი ირონიული ღიმილით შეხვდა. აღმოჩნდა, რომ მონიკა მართლაც ბრწყინვალედ მოემზადა ოლიმპიადისთვის და მიზანმიმართულად მიდიოდა მიზნისკენ.

პუერტო რიკო 1948 წლიდან გამოდის ოლიმპიურ თამაშებზე. რიომდე ამ ქვეყანას სულ რვა მედალი ჰქონდა - ორი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო. ამასთან, ყველა მედალი მამაკაცებს ჰქონდათ მოპოვებული - ექვსი კრივში და თითო ჭიდაობასა და მძლეოსნობაში. მონიკა პუიგმა ერთბაშად ორი ეროვნული რეკორდი დაამყარა: გახდა პირველი ქალი მედალისტი და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი! უფრო მეტიც, ის არის ერთადერთი განუთესავი ჩოგბურთელი, ვინც ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.

პლაჟი და კითხვა
ვინ არის მონიკა პუიგი? ის დაიბადა კუბური წარმოშობის ამერიკელის ხოსესა და პუერტორიკოელი ასტრიდ მარჩანის ოჯახში. სწორედ დედამ შეიყვანა ჩოგბურთზე. ცხოვრებაში მონიკა - ჩვეულებრივი გოგონაა. უყვარს პლაჟზე სიარული, დროის სახლში გატარება, აგრეთვე ოჯახთან და ძაღლებთან ერთად დასვენება. გარდა ამისა, კითხვა და მოთხრობების წერა იტაცებს.

რაც შეეხება საჩოგბურთო კარიერას, 2010 წლამდე განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია. მაგრამ შემდეგ, მონიკამ ითამაშა ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის თამაშებში. და არა მხოლოდ ითამაშა, არამედ ტიტული მოიპოვა! შესაძლოა, სწორედ მაშინ ჩაიფიქრა მან კიდევ ერთი ოქროს მოგება, ოღონდ უფრო მნიშვნელოვან ტურნირზე. ლონდონში გამოსვლა არ შეეძლო, რადგან რეიტინგში პირველი სამასეულის მიღმა იმყოფებოდა. რიოში კი პუიგი უკვე ოლიმპიადის სრულფასოვანი მონაწილე იყო.

2012 წელს, პუიგმა პირველ წარმატებებს მიაღწია ITF-ის დონეზე, მომდევნო სეზონში კი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევა ჰქონდა "დიდი სლემის" ტურნირებზე. მაგალითად, როლან გაროსზე სენსაციურად დაამარცხა მსოფლიოს მე-11 ჩოგანი ნადეჟდა პეტროვა, უიმბლდონზე კი უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია: მერვედფინალი! მაშინ პუიგმა რეიტინგის მეხუთე ნომერი სარა ერანი დაამარცხა. პუერტორიკოელი მიუახლოვდა TOP50-ს - სეზონი 56-ე ადგილზე დაასრულა.

პირველი ტიტული
პუიგმა გააგრძელა აღმასვლა და 2014 წელს პირველი ტიტული მოიპოვა. ეს იყო მოკრძალებული ტურნირი სტრასბურში, მაგრამ ანდრეა პეტკოვიჩისა და მედისონ კისის დამარცხება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაგრამ შემდეგ, მის კარიერაში პატარა ჩავარდნა იყო.

მონიკა ვეღარ მიდიოდა გადამწყვეტ რაუნდებამდე და რეიტინგში ვარდნა დაიწყო. ცოტა დააკლდა იქამდე, რომ 2015 წლის სეზონის ბოლოს ტოპ-ასეულიდან გავარდნილიყო. ამიტომაც ჩანდა სისულელედ 2016 წლის ზაფხულის თამაშებში ოქროს მედლის მოპოვებაზე ლაპარაკი, მაგრამ მონიკამ ბრწყინვალედ დაიწყო მიმდინარე სეზონი.

სიდნეიში კვალიფიკაციის გასვლის შემდეგ, პუიგმა რამდენიმე ძლიერი მეტოქე დაამარცხა და ფინალამდე მიაღწია. მართალია, იქ ვერაფერი დაუპირისპირა სვეტლანა კუზნეცოვას, მაგრამ პუიგი ამ ტურნირზე დაგვამახსოვრდა აგრესიული და ლამაზი ჩოგბურთით. აშკარად ჩანდა, რომ მონიკამ შესანიშნავად იმუშავა სეზონებს შორის შესვენებისას.

ფინალები აღარ ჰქონია, მაგრამ პუერტორიკოელი სტაბილურად გამოდიოდა და მხოლოდ სამ ტურნირზე წააგო პირველ წრეში. თანდათან ის შევიდა TOP50-ში და რეიტინგში საუკეთესო პოზიციას მიაღწია - 33-ე. ოლიმპიადის წინ, მან არაერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ფლორიანაპოლისში ითამაშა. მონიკამ ღირსეული ჩოგბურთი აჩვენა და ნახევარფინალამდე მივიდა. რაც მთავარია, ბრაზილიაში აკლიმატიზაცია გაიარა და ფორმის პიკზე გავიდა.

შესანიშნავი თამაში რიოში
რიოში მან ქარიშხალივით გადაუარა მეტოქეებს: ნახევარფინალამდე ორი მატჩი მოიგო 6:3, 6:2 და კიდევ ორი - 6:1, 6:1. ვერაფერი დაუპირისპირა პუიგის შემტევ თამაშს როლან გაროსის მოქმედმა ჩემპიონმა გარბინ მუგურუსამ. ლამაზ ნახევარფინალში მან მეორე შემტევი ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვაც დაამარცხა. ასევე სანახაობრივი გამოვიდა ფინალი ანჟელიკ კერბერის წინააღმდეგ. გერმანელი, რომელსაც უყვარს დაცვაში თამაში, ასევე აქტიურად მოქმედებდა და 31 "ვინერსი" დააგროვა, რაც მისთვის ძალიან ბევრია. მაგრამ პუიგმა აჯობა ამ მაჩვენებლით.

როგორც დიდ ფინალს შეეფერება, აქ იყო ინტრიგა და ემოცია. როცა კერბერმა მოიგო მეორე სეტი, ყველას ეგონა, რომ გამოცდილმა გერმანელმა ინიციატივა საბოლოოდ გადაიბარა, მაგრამ პუიგმა შესანიშნავი სტარტი აიღო ბოლო სეტში - 5:0. კერბერი უბრალოდ ვერაფერს უპირისპირებდა მონიკას შეტევების ძალასა და სიზუსტეს, თან გერმანელი ბევრს ცდებოდა. მაგრამ ეს ქალთა ჩოგბურთია - 0:5-ზე კერბერს ტვირთი მოეხსნა და ყველა დარტყმა გამოსდიოდა. მონიკა კი ოდნავ შებოჭილი იყო.

ასეთი გამანადგურებელი ანგარიშის მიუხედავად, მატჩს შეეძლო ახალი ინტრიგა შეეძინა. ბოლოსკენ გოგონები ფანტასტიკურ გათამაშებებს ცვლიდნენ და გერმანელს ჰქონდა სხვაობის შემცირების არა ერთი შესაძლებლობა. მაგრამ პუიგმა მაინც შეძლო კარიერაში მთავარი გამარჯვების მოპოვება. მონიკას დიდი ხანი არ სჯეროდა თავისი წარმატების და დაჯილდოვების ცერემონიაზე ოქროს მედალს ისე უყურებდა, თითქოს საკუთარ თავს აჯერებდა, რომ ის მართლაც მას ეკუთვნოდა.

"ისევ ვერ ვგრძნობ თავს ოლიმპიურ ჩემპიონად. საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ მოვიგე, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ მართლაც უძლიერესი ჩოგბურთელი გავხდი.

გასული სეზონი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემთვის. წელს კი ვცდილობდი უფრო მშვიდი და კონცენტრირებული ვყოფილიყავი. მქონდა ჩავარდნები, როცა არაფერი გამომდიოდა. მაგრამ არ ვჩქარობდი და ვიცოდი, რომ მონდომებით მუშაობა შედეგს მოიტანდა. ნელ-ნელა ავდიოდი ზემოთ რეიტინგში, მე ყურადღებას არავინ მაქცევდა. მაგრამ მზად ვიყავი ოლიმპიადისთვის და რიოში დადგა გაბრწყინების დრო. უნდა მენახებინა ყველასთვის, რას წარმოვადგენ სინამდვილეში.

ჩემთვის ოლიმპიადა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "დიდი სლემი", რადგან ოლიმპიადის მოგების შესაძლებლობა იშვიათად ჩნდება. ჩემთვის ეს ოცნების ასრულებაა. ვიცი, რომ WTA-ის ჩვეულებრივ ტურნირებზე ისევ გავაგრძელებ პირველ წრეში წაგებებს, სადღაც უფრო მეტად გამიმართლებს, მაგრამ ერთ ტიტულს ვეღარავინ წამართმევს - ოლიმპიურ ჩემპიონობას!"

მონიკა პუიგი
დაიბადა 1993 წლის 27 სექტემბერს, სან ხუანში (პუერტო რიკო)
სიმაღლე: 170 სმ
კარიერის სტარტი: 2010
საპრიზოები კარიერაში: 1 700 720 დოლარი
მოგება/წაგება: 220/139
ტიტულების რაოდენობა: 2
"დიდი სლემის" ტურნირები
ავსტრალიის ღია - III წრე (2016)
როლან გაროსი - III წრე (2013, 2016)
უიმბლდონი - 1/8 ფინალი (2013)
აშშ-ის ღია - II წრე (2014)

მოგებები TOP10-ის წევრებთან
სარა ერანი (5) - 6:3, 6:2 (უიმბლდონი-2013)
გარბინ მუგურუსა (4) - 6:1, 6:1 (ოლიმპიადა-2016)
ანჟელიკ კერბერი (2) - 6:4, 4:6, 6:1 (ოლიმპიადა-2016)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავის დროზე ავსტრიელი ტომას მუსტერის ჩემპიონობაზე დიდი სენსაცია ეს არ ყოფილა. ეს გოგო სლემებზეც იტყვის თავის სიტყვას. წელს ძალიან მოუმატა და ჩემთვის ნამდვილად არ იყო საოცრება მაგის მიერ ოლიმპიადის მოგება.
........
11:05 24-08-2016
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული