ქართულ სპორტში ბევრი პრობლემაა - ინტერვიუ ემზარ ზენაიშვილთან

AutoSharing Option
ფოტოზე: ელგუჯა ბერიშვილი და ემზარ ზენაიშვილი რიოში

ჩვენი ოლიმპიური დელეგაცია 25 აგვისტოს დილით დაბრუნდა ბრაზილიიდან და თან ჩამოიტანა 7 ოლიმპიური მედალი ზაფხულის XXXI თამაშებიდან: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ჩვენი სპორტსმენების გამოსვლის და თავად ოლიმპიადის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გვესაუბრება.

- როგორია თქვენეული შეფასება, რა იყო თქვენთვის მისაღები ამ ოლიმპიადაზე და ან უკმაყოფილო ხომ არ დარჩით რაიმეთი?
- ზოგადი სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, კარგი შედეგია - 38-ე ადგილი 207 სუბიექტს შორის, მე-19 - ევროპაში.
რაოდენობით გავიმეორეთ ლონდონის შედეგი - 7 მედალი, უკან არ დაგვიხევია, თუმცა ხარისხი ამჯერად უკეთესი იყო - 2 ოქრო. ოღონდ ამ მხრივ ლიდერი მაინც პეკინის თამაშების 3 ოქროა.

მიმაჩნია, რომ ზოგადად კარგი შედეგია. თან საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას არც ერთი მედალი შემთხვევით ან დაუმსახურებლად არ აუღია, თუმცა თავად ოლიმპიადის მიმდინარეობისას კენჭისყრის შედეგად თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, 1-2 მედლით მეტი გვქონოდა. მათ შორის - ოქროსიც. თავისი პოტენციალიდან გამომდინარე, გუნდს ეს თავისუფლად შეეძლო.

დაგვეთანხმებით, ქართველი გულშემატკივრისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ავთანდილ ჭრიკიშვილის უმედლოდ წამოსვლა რიოდან; მედლის ხარისხზე მაქვს პრეტენზია გენო პეტრიაშვილთან მიმართებაში, თქვენ ნახეთ, როგორ იგებდა ელიზბარ ოდიკაძე - ფაქტობრივად, გასული იყო ფინალში. როცა იგებ ამხელა უპირატესობით, ისეთ ეფექტურ ილეთს აკეთებ და ამის საპირწონედ მეორე პერიოდი იყო კატასტროფა...

ძალიან ახლოს იყო მედალთან ზაზა ნადირაძე - სასიამოვნოა ამ ახალგაზრდა კაცის მიღწევა. მასზე იქვე გვითხრეს უცხოელმა სპეციალისტებმა, სამომავლოდ თქვენ გეზრდებათ ძალიან ძლიერი ოლიმპიელი, რომელსაც მომავალ თამაშებზე შეუძლია, ნებისმიერი სინჯის მედალზე ჰქონდეს პრეტენზია თავისი შრომისმოყვარეობით, თავისი მონაცემებით, პიროვნული თვისებებით და სპორტისადმი დამოკიდებულებით.

ასევე ახლოს იყო მედალთან და გამოუცდელობას ვაბრალებ ძალიან ნიჭიერი მოფარიკავის - სანდრო ბაზაძის მარცხს, ვინც მსოფლიოს მასშტაბით ანგარიშგასაწევი ძალაა. რომ არა ზედმეტი ემოცია, მოუგებდა კორეელ ოლიმპიურ ჩემპიონს. მან ძალიან მძიმე ბრძოლა შემოაბრუნა - სამი ჩხვლეტით აგებდა, მაგრამ გაათანაბრა და 14:14, ერთმა ჩხვლეტამ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი.

სალომე ფაჟავას რომ მძიმე ბრძოლა მოუწევდა, ჩვენც ველოდით - სამეულში მოხვედრა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ფინალში გასვლას ვიმედოვნებდით. თუმცა ფეხის ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ მისთვის უხერხულ სახეობაში - ბურთით ვარჯიშში ძალიან კარგად გამოვიდა. ისიც პერსპექტიულია, თუმცა ტრავმა აწუხებს, რომელიც უნდა მოირჩინოს. ფეხზე პატარა ოპერაციაც სჭირდება და სამომავლოდ მისი იმედიც უნდა გვქონდეს.

ძალიან უხერხული და მძიმე წილისყრა შეხვდა ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილს, თუმცა დელ პოტროსთან მეორე სეტი ძალიან კარგად ჩაატარა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე, გადამწყვეტ სეტში დამარცხდა. თუმცა იბრძოლა და რაც შეეძლო, გააკეთა.

კარგი შედეგია მარათონში - ხარაზიშვილი 162 კაცს შორის 72-ეზე გავიდა, რაც ამ ურთულეს სპორტის სახეობაში აღსანიშნავი შედეგია და ნუ დავუკარგავთა ამას სპორტსმენს.

გული დაგვწყდა მშვილდოსნებზე, რომლებმაც მიგვაჩვიეს წარმატებებს. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, მათ არ წაუვიდათ სროლა არც პირადში და არც ინდივიდუალურში.

ძალიან კარგი შედეგია ტყვიის სროლაში. როგორც ნინო სალუქვაძემ გვითხრა, მას შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ფინალში დათვლის სისტემის თავისებურებების გამო მეექვსეზე დარჩა. შესარჩევში ჩინელმა სპორტსმენმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, მაგრამ მეოთხეზე გავიდა, უმედლოდ დარჩა. შეიძლება, მეექვსე ადგილი მისთვის არაა კარგი შედეგი, მაგრამ ოლიმპიადისთვის არც ცუდია. ძალიან კარგად გამოვიდა მისი შვილი ცოტნე მაჭავარიანი, რომელსაც სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს. ის თავიდან პირველ დისტანციაშიც კარგად მიდიოდა, მაგრამ გამოუცდელობის გამო მობილიზება ვერ შეძლო, თუმცა აქაც კარგი პერსპექტივა გამოჩნდა.

შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ტოკიოში, სროლაში, კანოეში, ტანვარჯიშში, ფარიკაობაში სიტუაცია ახლანდელთან შედარებით უნდა იყოს უფრო პროდუქტიული და ნაყოფიერი.

- ჩვენს წამყვან გუნდებზე რას იტყვით, რომელი იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი?
- დღევანდელი საქართველოს სპორტული პოტენციალი არ იძლევა საშუალებას, მივიღოთ 5-6 ოქროს მედალი. ჩვენი მედლების არეალი აქამდე იყო ორი სახეობა - ძიუდო და ჭიდაობა, რომელსაც ახლა დაემატა მესამე - ძალოსნობა. აქ ადრეც გვქონდა მედლები, მაგრამ მერე ჩავარდნა იყო, ახლა კი ისევ წამოიწია. ამ სახეობაში რაც უნდა მოინდომო, 5-6 ოქროს ვერ აიღებ.

ამჯერად ძალოსნობაში ბრწყინვალე გუნდი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას - ფედერაციას, მთავარსა თუ პირად მწვრთნელებს, სპორტსმენებს. ლაშა ტალახაძემ რაც გააკეთა, ყველამ კარგად იცით. ირაკლი თურმანიძე საკუთარ თავს გადაახტა. ნუ დავივიწყებთ ახალგაზრდა სპორტსმენს - გიორგი ჩხაიძეს, რომელიც ყოველდღე უმატებს და ნურც ანასტასია გოფრიდს ჩამოვწერთ. მას ახლა არ ჰქონდა მაღალი შედეგი, მაგრამ მანამდე ჰქონდა წარმატებები. თან გასათვალისწინებელია მისი ასაკი და ტოკიოში ძალოსნობაში სოლიდური გუნდი უნდა გვყავდეს.

ლაშა ტალახაძეს ყველა ძალიან აქებდა და ეპითეტებს არ იშურებენ მისი მისამართით: სუპერ, ტალანტი და მსგავსი შეფასებები. ყველამ იცის, ის რაოდენ ძლიერი სპორტსმენია და მისით ყველა აღფრთოვანებულია. პიროვნული თვისებებითაც გამორჩეულია - მშვიდი, წყნარი, ზრდილობიანი, მორწმუნე, გესიამოვნება მასთან ურთიერთობა.

ზოგადად, ამ გუნდში ძალიან კარგი, მეგობრული ატმოსფერო იყო, გვერდში ედგნენ ერთმანეთს, რაც მწვრთნელებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის დამსახურებაა.

ჭიდაობაში 11 კაციდან 3 მედალი ცუდი გამოსვლა არაა, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ გამოიყენეს საკუთარი პოტენციალი. ოდიკაძეზე უკვე გითხარით და პეტრიაშვილსაც მეტი შეეძლო. ყველა ამბობდა, რომ რა ჭიდაობაც ფინალში თურქმა ტაჰა აკგულმა აჩვენა, პეტრიაშვილს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

ხინჩეგაშვილმა რაც გააკეთა, ამაზე ბევრი ლაპარაკიც არაა საჭირო. ესაა ჩამოყალიბებული, სერიოზული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც იცის, რა უნდა და როგორ უნდა მივიდეს მიზნამდე. ის ერთ ზედმეტ მოძრაობას არ გააკეთებს ხალიჩაზე. ასაკით ჯერ პატარა ბიჭია, მაგრამ თავისი ქცევით, სიტყვა-პასუხით, ჭიდაობისადმი მიდგომით, მეტოქეებისადმი დამოკიდებულებით ჩამოყალიბებული კაცია, აღფრთოვანებული დავრჩი მისით. იცის კაცმა, რა უნდა აკეთოს და თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს. მას ყველა ბრძოლაში სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად, მაგრამ ასეც უნდა იყოს - თუ ჩემპიონობა გინდა, ყველას უნდა მოუგო, ვინც შეგხვდება. აბა, იქ სუსტებს არავინ აგირჩევს.

შმაგი ბოლქვაძემ და ლაშა შავდათუაშვილმა ბრწყინვალე ხასიათი გამოავლინეს. ყველა დამერწმუნება - თუ ასეთი ხასიათი არ გაქვს, რაც უნდა მაგარი იყო, წარმატებას ვერ მიაღწევ.

- გულდაწყვეტილი რომელი გუნდებით ხართ?
- მოულოდნელი იყო და ყველამ ძალიან განვიცადეთ ჭრიკიშვილის წარუმატებლობა. არ ვიცი, რა მოხდა - ეს თავად და მწვრთნელმა უნდა გვითხრან. ისე, მესმის, რომ ძიუდოსგან მეტს ვითხოვდით, მაგრამ შარშან მათ მსოფლიოზე ორი ბრინჯაო ჰქონდათ, წლეულს კი უკეთესი შედეგია - ვერცხლი და ბრინჯაო. კიდევ ერთი მედალიც რომ აეღოთ, რისი შანსიც რეალურად დიდი იყო, უკეთესი იქნებოდა. იქაც დაისვა კითხვები, რა იყო ამის მიზეზი - ფიზიკურად არ იყვნენ მზად თუ სხვა რამის გამო...

პაპინაშვილმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. თან ის გამოცდილი სპორტსმენია და ტიტულებიც აქვს. ღვინიაშვილმა ორ წონაში მოიპოვა ლიცენზია, გვერდში დაუდგა ნაკრებს და მაქსიმუმი გააკეთა.

ლიპარტელიანმაც
ძალიან ბევრი გააკეთა. ის მზად იყო ოქროსთვის, მაგრამ არ გვაქვს და ალბათ, რაღაც არ ეყო საამისოდ, მაგრამ რაც გააკეთა, ესეც ქების ღირსია. მის ბევრ შეჯიბრებას დავსწრებივარ და მიმაჩნია, რომ ეს იყო სოლიდური, დახვეწილი გამოსვლა ტექნიკით, ტაქტიკით თუ ყველანაირად. ძალიან განიცადა წაგება, თუმცა ოლიმპიური ვერცხლი არაა უბრალო ამბავი. ის სერიოზული კაცია, პიროვნული თვისებებით ნამდვილი ლიდერი, პროფესიონალი და ტოკიოში კიდევ ექნება შანსი.

ლაშა შავდათუაშვილი გამორჩეულია თავისი დამოკიდებულებით, ჟინით, შემართებით, ბოლომდე ხარჯვით; ჩანდა, რომ მზად იყო საბრძოლველად. როცა აგებდა, მაშინაც კი არ დაუხევია უკან, ვაჟკაცურად იჭიდავა და აჩვენა, რომ იბრძვის, ბოლომდე იხარჯება და შედეგიც მიიღო.

სამწუხაროდ, ცურვაში დიდ იმედებს არც ვამყარებდით. არადა, საინტერესოა, რომ ამერიკელთა 46 ოქროდან 29 ცურვასა და მძლეოსნობაზე მოდის. აქედან გამომდინარე, რამხელა რეზერვი გვაქვს გამოუყენებელი. 29 ოქროს ვერ მოვიპოვებთ, მაგრამ ეს მაინც დიდი აუთვისებელი რეზერვია ქართული სპორტისთვის. დღეს ძირითადად ორთაბრძოლების იმედად ვართ, რაც ძალიან ძნელია. თუ არ გავაფართოეთ გეოგრაფია, შედეგები გაგვიაურესდება. ბრაზილიაში 88 ქვეყანამ მოიპოვა მედალი, ეს კონკურენცია კი მუდმივად იზრდება. მაგალითად, ატლანტაში მათი რიცხვი 63 თუ 64 იყო.

ზოგადად, ეს ოლიმპიადა იყო წარმატებული, მაგრამ მან დაგვანახვა, რომ ქართულ სპორტში ბევრი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება სერიოზული ანალიზი, სტრატეგია სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, ფედერაციების მხრიდან. კიდევ უფრო კარგად თუ არ ვიმუშავეთ და არ მოვნახეთ სწორი სტრატეგიული ხაზი, ხვალ და ზეგ ეს შედეგები არ იქნება საკმარისი, ამით ყელყელაობა არ შეიძლება.

ჩვენ უნდა წავიდეთ სერიოზული რეფორმების გზით, თუმცა ფედერაციებში შიგნით უნდა დალაგდეს სიტუაცია. ბევრგან შიგნითაა ისეთი პირობები, ისეთი დაპირისპირება, რაც ხელს უშლის სახეობის განვითარებას.

- თავად ოლიმპიადაზეც ვთქვათ, ბრაზილიელებმა რამდენად წარმატებით გაართვეს თავი საორგანიზაციო საკითხებს?
- ჯერ საოცარი ის იყო, რომ ზაფხულის ოლიმპიადა ჩატარდა ზამთარში. კარგი იყო, რომ სამხრეთ ამერიკაში გაიმართა, მონაწილეობდა რეკორდული რაოდენობა - 207 სუბიექტი, აქედან ხუთმა ქვეყანამ თავისი სპორტის ისტორიაში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი, სამმა კი - ზოგადად, ოლიმპიური ჯილდო.

ბრაზილიამ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაცილებით ორგანიზებულად ჩაატარა 2014 წელს, თუმცა ის სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა, ახლა კი ერთ ქალაქში თავმოყრილი ამდენი ათასი კაცის ორგანიზება, 16 დღე დაძაბულ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდათ. რიო დიდი ქალაქია და ბაზები ძალიან დაშორებული იყო ერთმანეთს, საათი-საათ-ნახევარი სჭირდებოდა ზოგან მისვლას. ტრანსპორტი, კვება პრობლემური იყო, თუმცა კი ცდილობდნენ. ცხადია, ორგანიზაციულად ეს არ იყო ყველაზე კარგი თამაშები, მაგრამ როგორც დახურვის ცერემონიალზე სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა თქვა, რიო ყველას დაამახსოვრდება ოლიმპიური თამაშებით.

- ექსცესებიც იყო. ჩვენებიც ხომ არ გარეულან ამაში?
- ამაზე ყოველთვის ვაფრთხილებდით ჩვენს სპორტსმენებს. მაგალითად, ვაფრთხილებდით, რომ არ გამოეყენებინათ საბანკო ბარათები, მაგრამ ერთმა მაინც ისარგებლა ამით და თანხაც ჩამოაჭრეს. ჩვენებთან დაკავშირებით სხვა ექსცესები არ ყოფილა, თუმცა ქუჩაში უცხოელებზე კი მოხდა რამდენჯერმე თავდასხმა.

არც ზიკას ვირუსს შევუწუხებივართ, ის კოღოს საწინააღმდეგო შესასხურებლები ისევ უკან წამოვიღეთ.

ცუდად მუშაობდა ტრანსპორტის სამსახური, რასაც ქალაქში არსებული საცობებიც ემატებოდა. თუმცა ოლიმპიური ტრასები მუშაობდა და ეს ცოტას გვშველოდა, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტის სატრანსპორტო სამსახური ვერ მუშაობდა გამართულად. მაგალითად, რამდენჯერმე არ მოვიდა შეკვეთილი ავტობუსი და ამის გამო შეხვედრაზე დავაგვიანეთ.

- ოლიმპიური სოფელი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს?
- რიოში რომ ჩავედით, ოლიმპიურ სოფელში კატასტროფული მდგომარეობა იყო - სველი წერტილები არ მუშაობდა, ოთახებში არ იყო თეთრეული და მერე ჩვენ მოგვყავდა ხელოსნები, ვადექით თავზე და ვაკეთებინებდით ონკანებს, კარებს, ვალაგებდით საწოლებს...

ერთი სიტყვით, მძიმე სიტუაცია იყო და მკვეთრი პროტესტებიც გამოთქვეს. თავიდან კვებაც სპეციფიკური იყო, რომელსაც ყველა ვერ ეგუებოდა, მაგრამ მერე გაიხსნა მაკდონალდსი და ვითარება გამოსწორდა. ადგილობრივები კი ცდილობდნენ, ღირსეულად ემასპინძლათ, გვიღიმოდნენ, კეთილგანწყობას გამოხატავდნენ, თუმცა ზოგჯერ მაინც ვერ ვიკავებდით თავს და ხმასაც ავუწევდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრავო სჰვენს სპორცმენებს,კარგად გვასახელეს,მაგატ რომ სახელმწიფო კიდეუფრო კარგად უწყობდეს ხელს და ბიზასჰვილ-მამიდასჰვილობა არ იკნებოდეს ატასჯერ უკეტეს სჰედეგებს მივაგწევტ,სალომე ფაჯავას გამოსვლებსე სულ მეტირებოდა ისე ზალიან მომწომდა ეს გოგო...გაიხარეტ ამ სიხარულისტვის....
niniko
00:41 29-08-2016
0
ზალიან მეამაყება რომ ქარტველი ვარ,სჰვენმა სპორცმენებმა კარგად გვასახელეს,ყველა მატ გამოსვლას სამსჰობლოს და სჰვენი ხალხის მონატრება ტან ახლდა,სალომე ფაჯავას გამოსვლამ ხომ ნერვები დამაწყვიტა და ცრემლებად ვიგვრებოდი,ის მარტლაც რიოს აგმოსჰენა იყო...მეამაყებიტ ქარტველებოოოოო
emigranti
00:49 29-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული