სხვადასხვა

საინტერესო ამბები

რას ვუყუროთ შაბათს - მატჩები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთს მონატრებული გულშემატკივრებისთვის ხვალ განსაკუთრებული დღეა, რადგან ხვალ სტარტს სერია A და ლა ლიგა აიღებს. გთავაზობთ მატჩებს, რომლებიც ხვალ, 13 აგვისტოს არ უნდა გამოგრჩეთ.

"ჰალ სიტი - "ნორვიჩი" (15:30)

შოთა არველაძის გაწვრთნილი "ჰალ სიტი" ხვალ "ნორვიჩს" დაუპირისპირდება. "ჰალს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ჩემპიონშიპში ახლად დაქვეითებული "ნორვიჩი" კი 21-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად "ყვითლების" ცუდი ფორმისა, ფავორიტად მაინც დინ სმიტის გუნდი მიიჩნევა. "ნორვიჩის" მთავარი ვარსკვლავი ტეემუ პუკის ამ სეზონში ჯერ-ჯერობით გოლი არ გაუტანია და უგოლო
სერიის შეწყვეტას სწორედ "ჰალთან" შეეცდება, რაც შეეხება ჩვენებურის გუნდს, მოულოდნელად "ბრედფორდთან" თასის მატჩი 2:1 დათმეს. ჩემპიონატში კი მათ ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 ფრეა. აღსანიშნავია, რომ "ვეფხვების" ახალწვეულმა ჟან მიშელ სერიმ გოლის გატანა სადებიუტო მატჩშივე მოახერხა. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა არველაძის გუნდის დაუმარცხებელი სერია.

"ბრენტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (20:30)

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" სეზონი ცუდად დაიწყო, "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა მათი კლუბის შესრულებით კვლავ არასანახაობრივი ფეხბურთი იხილა და მოულოდნელად "ბრაიტონთან" 2:1 დამარცხდა. "მანკუნიანელების" ახალი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი დიდი ზეწოლის ქვეშაა, კვლავ გაურკვეველია კრისტიანო რონალდოს საკითხიც, პორტუგალიელს გუნდის დატოვება სურს და მზადაა ხელფასის შემცირებასაც კი დათანხმდეს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს. აშკარაა, რომ ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ჯერ შემადგენლობა ბოლომდე ვერ დააკომპლექტა, სავარაუდოდ მატჩისთვის მზად იქნება ფრანგი შემტევი ენტონი მარსიალი, რომელმაც პრესეზონზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 5 ამხანაგურ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. გოლები კი "იუნაიტედს" ჰაერივით სჭირდება, რადგან ვერც მარკუს რაშფორდი და ვერც ჯეიდონ სანჩო ამ ფუნქციას ვერ უმკლავდებიან. გუნდები ერთმანეთს სულ 3 ჯერ დაუპირისპირდნენ, 1 შეხვედრა ფრედ, 2 კი "ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა.

"მილანი" - "უდინეზე (20:30)

სკუდეტოს მოქმედი გამარჯვებული ხვალ ახალი სეზონის პირველ მატჩს გამართავს. სტეფანო პიოლის გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ფრანკ კესი კარიერას "ბარსელონაში" ითამაშებს, ერთ დროს "მილანის" მომავალ ლეგენდად მონათლული ალესიო რომანიოლი კი "ლაციოში" გააგრძელებს ასპარეზობას. თუმცა არიან ახალი სახეებიც, 21 წლის ტალანტის, შარლს დე კეტელარის ტრანსფერი მილანურ გუნდს 32 მილიონი ევრო დაუჯდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით კი კიდევ ერთი ბელგიელი შემტევი დივოკ ორიჯი დაიმატეს. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერის" ტრავმების გამო სანდრო ტონალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდებათ, ექსპერტა აზრით, "შავ-წითლები" უპირობო ფავორიტები არიან. აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი სამივე შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. "სან სიროზე" შეკრებილი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, გამარჯვებას ელის.

"ბარსელონა" - "რაიო ვალეკანო" (23:00)

ლა ლიგა ახალ სეზონს ახალი სახეებით იწყებს. ფავორიტები კვლავინდებურად მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" იქნებიან, თუმცა "ბლაუგრანა" საგრძნობლად გაძლიერდა, ლაპორტამ კლუბში ისეთი ვარსკვლავები დაიმატა, როგორიც რობერტ ლევანდოვსკი, ჟულეს კუნდე და ფრანკ კესი არიან. პრესეზონზე კატალონიელთა გულშემატკივრებს მიეცათ იმედი, რომ "ბარსა" კვლავინდებურად ძველ სიმაღლეზე დაბრუნდება. კლუბმა შემადგენლობის თითქმის ყველა რგოლი გააძლიერა, მაგრამ გაჩნდა პრობლემა, ჯერ-ჯერობით კუნდეს შემადგენლობაში დარეგისტრირება ვერ ხერხდება, სხვა ახალწვეულები კი შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. ხავის გუნდისთვის ხვალინდელი დაპირისპირება პრინციპულია, რადგან "რაიოსთან" ჩატარებული ბოლო ორივე შეხვედრა 1:0 დათმეს, "ნოუ კამპზე" ხვალ ბრწყინვალე ატმოსფერო იქნება შექმნილი, "ბარსელონა" ახალი სახეებითა და ახალი იმედებით ბრუნდება...