ცხადია, სპორტის განვითარებისთვის სამივე უმნიშვნელოვანესი საკითხია: ფედერაციების პოლიტიზაცია მეტისმეტია და პროფესიონალების დასაქმებას ხელს უშლის.
ინფრასტრუქტურული პრობლემები კი თვალსაჩინოა: საქართველოში ლამის არც ერთი სპორტული ობიექტი საერთაშორისო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაიონებში კი თითებზე ჩამოსათვლელია ნორმალური სტადიონები, სპორტული კომპლექსები და ბაზები.
მაგრამ ეკონომიკური სისუსტის პირობებში ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სპორტის მასობრიობაა.
როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომელზეც დიდად არის დამოკიდებული ჩვენი სპორტის მომავალი?
ამის შესახებ რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" ლევან ყიფიანმა ილაპარაკა და დაადასტურა, რომ ბავშვთა უფასო სპორტული სექციების განვითარების კონცეფცია მუშავდება.
"იმისთვის, რომ საქართველო რეალურად გახდეს სპორტული ქვეყანა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი.
უპირველესად, აუცილებელია სპორტის დეპოლიტიზაცია და შემოქმედებითი მიდგომების წამოწევა, რადგან სპორტი, თავისთავად, შემოქმედება არის.
პარალელურად, უნდა განხორციელდეს რეფორმები, რაც საქართველოს სპორტულ ქვეყნად წარმოაჩენს. ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება მისი მასობრიობა და სპორტული წარმატებები, რაზეც ქართველი გულშემატკივარი ასე ოცნებობს.
ჩვენი კონცეფციის თანახმად, სპორტი უნდა გახდეს ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად ბევრი უფასო ჯგუფი ჩამოყალიბდეს.
ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფცია კოალიცია "ქართულ ოცნებას" მივაწოდეთ და მისი პროგრამის ძირითად პრიორიტეტებში აისახა.
ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური პარტია სპორტის პრობლემატიკას ასე სერიოზულად მიუდგა და იმის დადასტურებაა, რომ სპორტი საქართველოში პრიორიტეტული გახდება" - ამბობს ყიფიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს