ლევან ყიფიანი: ერთსულოვნებით ყველა პრობლემას დავძლევთ

AutoSharing Option
"ლელოს" სტუმარია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.

- ჩემთვის გასაკვირი და სასიამოვნო იყო, სპორტის მინისტრობა რომ შემომთავაზეს. ეს არ ყოფილა წინასწარი მოლაპარაკების შედეგი. საქართველოში სპორტის მასშტაბებსა და ტრადიციებს რომ გადავხედე, ამგვარმა შემოთავაზებამ და პასუხისმგებლობამ, მართალი გითხრათ, ერთგვარად შემაშინა კიდეც.

მაგრამ ადამიანები იმიტომ ვცხოვრობთ, რომ ქვეყანას საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამოვადგეთ, უნდა გადადგა ის ნაბიჯი, რომლითაც შენი გამოცდილება და შენეული ხედვა საზოგადოებას სარგებლობას მოუტანს.

ამიტომაც მივიღე ეს გამოწვევა. მთელი ჩემი ცხოვრება სპორტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამჟამინდელი მომენტი
განსაკუთრებულად გამორჩეული და პასუხსაგებია.

დიდ პატივად მიმაჩნია ყოველდღიურად ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებთან და პრიზიორებთან ურთიერთობა. რიდით ვეპყრობი ამ ბუმბერაზ ადამიანებს და მათთან ხშირი კონტაქტები პასუხისმგებლობას მიორკეცებს. არ მინდა ისინი გავაწბილო.

- ბატონო ლევან, წლების განმავლობაში არასდროს დაგიმალავთ საკუთარი პოზიცია სპორტის და, კერძოდ, ფეხბურთის მიმართ. გარკვეული დროის განმავლობაში ოპოზიციონერიც კი იყავით. ახლა სპორტის მინისტრი ბრძანდებით. ამგვარი გადასვლა უხერხულობის მომენტს ხომ არ გიქმნით?
- ოპოზიციაში ყოფნა იოლი სულაც არ არის. კრიტიკა შედეგს ვერ მოიტანს, თუ ის არგუმენტირებული არ იქნება. წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდები.

თანაც შეუძლებელია, მთელი ცხოვრება ოპოზიციაში იყო. რა თქმა უნდა, არც დღეს გავურბივარ მოწინააღმდეგე მხარესთან დასაბუთებულ დიალოგს. აქამდე, სამწუხაროდ, ოპონენტებისგან ასეთ პასუხს ვერ ვიღებდი.

მე კი მზად ვარ, ყველა შეკითხვაზე საფუძვლიანად ვუპასუხო, როგორც მინისტრმა. ამიტომ ჩემი ოპონენტები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს, როცა დასაბუთებული პასუხები ექნებათ.

- როგორც ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, მზად არიან, საკუთარი სახსრებით შეინახონ ნაკრებები და ფედერაციის ოფისი. თქვენ პარტნიორობის რა ფორმას ხედავთ ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში?

- ჩვენს გუნდს საამისოდ ბევრი პროექტი აქვს მოფიქრებული, რომელთაც შეჯერება სჭირდება. საუკეთესოს საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანთ.

დღეს ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფეხბურთთან, თვალნათლივ ჩანს, რომ სპორტის სხვა სახეობებსაც აწუხებს. ამჯერად მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ისინი ყველასთვის ცნობილია.

რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ პირველი ნაბიჯების გადადგმა ფედერაციების მესვეურებთან შეხვედრებით დაიწყო.

ფეხბურთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება კი მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას. თქვენ თვითდაფინანსებაზე ბრძანეთ.

მე კი გეტყვით, რომ ეგვიპტესთან მატჩის ორგანიზების ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. ასე რომ, დარგი ჯერ კიდევ დოტაციურია, ამიტომ ერთ კვირაში თვითდაფინანსებაზე ასე ხელის ერთი დაკვრით, გაუანალიზებლად გადასვლა რამდენად შესაძლებელია, ვერ გეტყვით. თუმცა ორ-სამ დღეში ფეხბურთის ფედერაცია ტრანსფორმირებას და თვითდაფინანსებაზე გადასვლას მოახერხებს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.

რაც შეეხება ფედერაციების სამომავლო გეგმებს, ეს მათი საქმეა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას აკეთებენ ისინი, ჩვენ კი სამართლებრივი თუ ფინანსური მხარდაჭერითა და რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით.

- საქართველოში რაგბი ყველაზე წარმატებული სათამაშო სპორტის სახეობაა. თქვენც რაგბის კავშირის საქმიანობა არაერთხელ მაგალითად მოიხმეთ. გვაინტერესებს, სპორტის ამ სახეობის განვითარების პროგრამას, რომელიც კარგა ხანია ხორციელდება ქვეყანაში, სამომავლოდ როგორი მხარდაჭერა ექნება სახელმწიფოსგან.
- კარგი შეკითხვაა. ნებისმიერი კონკურენციის შემთხვევაშიც, შედეგებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ნათელია, თუ როგორი პერსპექტვა აქვს რაგბის საქართველოში იმ სწორი მიმართულებიდან, რა მიმართულებითაც გამოიყენეს სამწვრთნელო, ეროვნული ჩემპიონატისა თუ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, ასევე ის ოთხწლიანი პროექტი, რომელშიც ზედმიწევნითაა გაწერილი ყველაფერი.

მუდმივი და იდეალური ამქვეყნად არაფერია და კორექტირებას მოითხოვს. მაგრამ დღეს ჩვენ ალტერნატივა ვერ დავინახეთ სხვა სახეობებიდან. ამიტომ არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მორაგბეებმა რთულ პერიოდში მოახერხეს გადაჯგუფება მენეჯმენტის გათვალისწინებით, რაც, ფაქტობრივად, შედეგებშიც აისახა.

ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამ კავშირთან ვერც პროფესიული და ვერც ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისით.

უფრო მეტიც, შესაძლოა, სხვა ფედერაციებს შევთავაზო კიდეც, მორაგბეებისგან გადაიღონ ორგანიზაციული ნოვაციები.

- ამას წინათ შევიტყვე, რომ ჭიდაობაში ჩვენთან თურმე 1500-მდე სპორტსმენი ვარჯიშობს. ზოგიერთ ქვეყნაში კი მხოლოდ ერთ დარბაზშია ამდენი მომეცადინე. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ჩვენთან სპორტსკოლების გაუქმებამ, უკან დასწია ქართული სპორტი...
- ეს პრობლემა არსებობს. ალალად ვთქვათ - საქართველოში სპორტის აშკარა რეგრესია, ბოლო წლებში დაფინანსების გაზრდის მიუხედავად. კატასტროფულად იკლო მოვარჯიშეთა რაოდენობამ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტი ციფრიც კი არა გვაქვს, რამდენი მოზარდია დღეს ჩაბმული სპორტში. ამიტომ მნიშვნელოვანია უპირველესად იმის ანალიზი, რა გვაქვს: ინფრასტრუქტურა, რით არიან დაკავებული მოზარდები და განვითარება როგორ უნდა მოხდეს.

სხვაგვარად შედეგებამდე ვერ მივალთ. სავარაუდოდ, დღეს თუ საქართველოში 33 ათასი სპორტსმენი გვყავს, საშუალო ევროპულ ქვეყნებში მათი რიცხვი 100-150 ათასს აჭარბებს.

ხედავთ, როგორი განსხვავებაა. ასეთივე დისბალანსია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც: რაც დაინგრა, მისი საპირწონე არ აშენებულა. ან რაც უნდა აშენებულიყო, ბოლომდე არ მიიყვანეს.

ამიტომ, ვიმეორებ, რეალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია: ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ და შესაბამისი აქცენტები მერე გავაკეთოთ. ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმ თვალსაზრისით, თუ როგორი ურთიერთობა უნდა იყოს სპორტსა და სახელმწიფოს შორის.

- მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ, ქართულ ჭიდაობას 20 ათასი ლარი გამოუყვეს, მას შემდეგ ამ სახეობისთვის ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევიათ. არადა, ქართული ჭიდაობა ყოველთვის უზრდიდა ფალავნებს ძიუდოს, თავისუფალ და ბერძნულ ჭიდაობებს, სამბოს. სამონისტროს ახალ შემადგენლობას ეროვნული საუნჯის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება თუ ექნება?
- ფედერაციების მოვალეობას ვერ ვიკისრებთ. დღეს სამინისტრო, ფაქტობრივად, სპონსორის ფუნქციას ასრულებს - ფედერაციის ხელმძღვანელები გვეუბნებიან - შეჯიბრებაზე მივდივართ და ფული მოგვეცითო.

აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს ამგვარი მიდგომა. უპირველესად, უნდა მოხდეს არა კალენდრული, არამედ პროგრამული განვითარების დაფინანსება, რომლებსაც ფედერაციები ვერ ან არ აკეთებენ.

სპორტის სამინისტრო და ფედერაციები არ არიან სამშენებლო კომპანიიები, ისინი არ უნდა იყონ დაკავებული მშენებლობებით, ეს არ არის მათი ფუნქცია. სახელმწიფომ უნდა წარადგინოს მთავრობის წინაშე ის პროექტები, რომლებსაც მერიები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებენ.

სპორტის სამინისტროს ფუნქციაა, ხელი შეუწყოს სპორტის განვითარებას კანონშემოქმედებითობით. დღეს 1996 წელს დამტკიცებული კანონი მოქმედებს, რომლის შეცვლაზე ან ცვლილებების შეტანაზე, ფაქტობრივად, არავის უზრუნია. არადა, კანონი არეგულირებს ურთიერთობებს.

- ამჟამად პარლამენტში სამი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, ამიტომ კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით სპორტის სამინისტროს არ უნდა გაუჭირდეს...
- სპორტმენები, მართლაც, მრავლად არიან ახალ პარლამენტში, ამდენად, წამოწყებებში აქტიური მხარდაჭერა და თანადგომა არ მოგვაკლდება, რადგან, სპორტის პრიორიტეტების განსაზღვრასა და განვითარებაში ერთიანი თვალსაზრისი გვაქვს.

ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ სპორტის სამინისტროს დაუბრუნდეს ის იმიჯი, რაც უნდა ჰქონდეს. ყველა გადაწყვეტილება ღია და გამჭვირვალე იქნება - დაწყებული ბიუჯეტით და პროექტებით დამთავრებული, რომ საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს.

გვინდა შევქმნათ სათათბიროები, რომლებიც დაკომპლექტდება საზოგადოების წარმომადგენლებით, იქ მოხდება ახალ-ახალი იდეების აკუმულირება, შევქმნით ანალიტიკურ დეპარტამენტებსა და სამმართველოებს, რომლებიც როგორც სპორტის, ისე ახალგაზრდობის საკითხებს განიხილავს. მასში შევლენ სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები.

სიახლეები სამომავლოდ მეტი იქნება და ყველაფერი, ცხადია, დროულად ეცნობება საზოგადოებას.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ქართული სპორტი რეგრესს განიცდის. ეს, ცხადია, სათანადო კადრების უკმარისობითაც არის გამოწვეული.
- ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. მის მოსაგვარებლად, უპირველესად, სამართლიანობაა აღსადგენი - საქართველოს უნდა დავუბრუნოთ სპორტის აკადემია, უფრო მეტიც - მისი სტატუსი გაიზარდოს და გახდეს სპორტის უნივერსიტეტი. რა ფორმით იფუნქციონერებს ეს უმაღლესი სასწავლებელი, ამას ახლო მომავალში გადავწყვეტთ.

- ყოფილი სპორტის აკადემიის შენობა გაყიდულია?
- არა, ვერ მოასწრეს. მინისტრად დანიშვნისთანავე მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც მივიღე პასუხი, რომ სპორტის აკადემიის ტერიტორია ხელუხლებელია, ოღონდ გაპარტახებულია და მისი აღდგენა ცალკე განხილვას მოითხოვს.

ასევე, ვერ მოასწრეს ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის დარბაზის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა გაყიდვა, სამაგიეროდ, ილიას უნივერსიტეტს ჩამოართვეს "ქარიშხალას" ბაზა და ახლა იქ კერძო ინვესტორია შესული. ასე რომ, ბაზებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა იქნება მოსაგვარებელი.

- ისევ ფეხბურთს გვინდა დავუბრუნდეთ, თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ სპორტის ამ სახეობას შეღავათები დაუწესდეს. ისიც საინტერესოა, საბიუჯეტო კლუბებს რა ბედი ეწევათ?
- რაც შეეხება უწყებრივ დაფინანსებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს დაფინანსების არასწორი ფორმაა, თუმცა მსგავსი რამ უცხოეთშიც გვხვდება. შეიქმნება იურისტთა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, რადგან ეს მარტო სპორტის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის.

იმ კლუბებზე, რომლებიც დღეს სხვადასხვა უწყებიდან ფინანსდებიან, ვისაუბრეთ მინისტრებთან და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მათთვის დაფინანსების შეწყვეტა არ შეიძლება, რადგან დაზარალდება ეროვნული ჩემპიონატები როგორც ფეხბურთში, ასევე, კალათბურთსა და რაგბიში.

ამიტომ სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ საკითხს და იქ უფრო დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს.

უპირველესად, დაფინანსების ფორმა უნდა დარეგულირდეს. მაგალითად, "არმიის" კალათბურთელთა გუნდის 5 ლეგიონერის საფასური, ალბათ, 3 კლუბს შეინახავდა, თან არაკონკურენტუნარიანი გარემო და საჩემპიონატო დისკომფორტიც არ შეიქმნებოდა. ოქროს შუალედი უნდა გამოვნახოთ, რომელიც კანონით დარეგულირდება.

აქვე დავძენ, რომ სასპორტო სკოლების გაუქმება შეცდომა იყო. ცხადია, საკლუბო სისტემა უნდა განვითარდეს, მაგრამ სასპორტო სკოლების არსებობა მუნიციპარური დაფინანსების საფუძველზე აუცილებელია. თუმცა ეს არ გამორიცხავს კერძო ინვესტიციების განვითარებას.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელთა შეხვედრამ. რა იყო ეს - გულახდილი დიალოგი თუ სამინისტროს დირექტივა...
- მხოლოდ სამუშაო შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს. ეს არის ჩემი ადამიანური რჩევა. ყველას თავისი მორალი აქვს.

მე გამოვდივარ ურთიერთობიდან, ფეხბურთიდან და არა პიროვნებებიდან. როგორც საჯარო მოხელეს, უფლება მაქვს, ყველა კითხვაზე მივიღო დასაბუთებული პასუხი, ეს არ უნდა გაიგონ როგორც დირექტივა.

სახელმწიფო უწყებას 90 პროცენტით რომ აფინანსებს, უფლება აქვს შესაბამისი საბუთიც მოითხოვს ან, უკეთეს შემთხვევაში, უმჯობესი ვარიანტი შესთავაზოს. თქვენი აზრით, ეს ჩარევა იქნება თუ პარტნიორობა?

ზედმეტად სიტუაციის დაძაბვა ნამდვილად არ მსურს, ადამიანები ვართ და, შესაძლოა, ყველას მოგვივიდეს შეცდომა, მაგრამ იმის ვაჟკაცობაც უნდა გვეყოს, რომ ეს ვაღიაროთ და ქცევით მაინც გამოვასწოროთ.

პიროვნებებს არ შევეხები. მხოლოდ დარგის განვითარებაზე ვილაპარაკებ.

- მაშინ ეს გვითხარით, გვჭირდება საქართველოში ამდენი ხელოვნურსაფრიანი მოედანი?
- ხელოვნურსაფრიანი მოედნები მიღებულია იმ ქვეყნებშიც, სადაც ამინდი ზამთრობით მკაცრი არ არის, როგორც, მაგალითად, ჩრდილოეთში.

ეს სიახლე, ბიზნესმა დანერგა. ევროპულმა ქვეყნებმა კი მიიღო, ჩვენც არ უნდა ვთქვათ უარი, მაგრამ საკითხავია, რა მასალა ჩამოდის და როგორი ტექნოლოგიებით ხდება მათი დაგება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ხელოვნურთან ერთად ბუნებრივსაფრიანი მოედნებიც უნდა გვქონდეს, ოღონდ ხარისხიანი, რისი დეფიციტიცაა საქართველოში.

საერთოდაც, სპორტული ბაზების მშენელობასთან დაკავშირებით, როგორც აღვნიშნე, უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ბევრი ბაზა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

სპორტის განვითარებაში აქტიურად უნდა ჩავრთოთ კერძო სექტორი.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2015 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს.

ამ შეჯიბრებისთვის ოლიმპიურ სოფელთან ერთად უნდა აშენდეს ახალი დარბაზები, არსებულის რეაბილიტაციაა საჭირო.

2013 წელი გარდამავალ ეტაპად გამოვიყენებთ, რათა მმართველობის სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ. ბევრი ადამიანი გვპირდება თანადგომას, მათ შორის ისინიც, რომლებიც წლების წინათ წავიდნენ საქართველოდან.

გია რაფავამ მენისკის ოპერაციაც კი გადადო და ოჯახთან ერთად ჩამოვა ამ დღეებში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი კი ნაახალწლევს აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. მთავარია, ერთსულოვნება იყოს და ყველა პრობლემას იოლად დავძლევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები
ლევან ყიფიანი ზვიად სიჭინავას განცხადებას გამოეხმაურა

ლევან ყიფიანი: უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული