"ლელოს" სტუმარი თამაზ თევზაძე: პრიორიტეტი - მასობრიობა და დიდი სპორტი

AutoSharing Option
თამაზ თევზაძე
დაიბადა 1950 წლის 6 სექტემბერს
1993 წლიდან - დღემდე ევროპის არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების წევრი
1993 წლიდან - დღემდე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წევრი
2008-2012 - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი
2005 - საქართველოს ეროვნული დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტო - თავმჯდომარის მოადგილე
2003-2005 - ევროსაბჭოს სპორტის განვითარების კომიტეტი (ჩDDშ) - ექსპერტ-დელეგატი, აღმასრულებელი ბიუროს წევრი
2004-2005 - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
2012 წლიდან - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე.

- დიდი მადლობა
მოწვევისთვის და მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხო. მანამდე კი მინდა თქვენ და გაზეთ "ლელოს" მკითხველებს გავაცნო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, როგორც პროფილურმა სტრუქტურამ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში რა ძირითადი ღონისძიებები განახორციელა ქვეყანაში სპორტის გასავითარებლად.

სამინისტროში ახალი ხელმძღვანელების მოსვლა კალენდარული წლის მიწურულს დაემთხვა, როცა დამთავრდა ლონდონის ოლიმპიადის ოთხწლიანი ციკლი და ფედერაციებს საანგარიშო-სააარჩევნო ყრილობებზე უნდა შეეჯამებინათ განვლილი მუშაობა, აერჩიათ ახალი მესვეურები.

ამ კამპანიამ დიდი დრო წაიღო. სამინისტრო ფედერაციების საქმეებში არ ჩარეულა - ძირეული ორგანიზაციებისთვის მიცემული რეკომენდაციებით შემოიფარგლა.

ახალარჩეულ ფედერაციებს ჩვენი გეგმები გავაცანით: ყველას ავუხსენით, რომ 2013 წელი იქნებოდა გარდამავალი მიზნობრივ დაფინანსებაზე გადასასვლელად.

ამას იმ შემთხვევაში შევძლებდით, თუ თითოეული სპორტის განვითარების რეალურ გეგმას წარმოადგენდა. ეს არ არის იოლი, შრომატევადი სამუშაოა, რადგან ფედერაციამ უნდა განჭვრიტოს სპორტის ამა თუ იმ სახეობის განვითარების პერსპექტივები.

მიზნობრივი პროგრამები მოიცავს ორ, ოთხ, ექვს წელს, შესაძლოა უფრო გრძელვადიანიც, ცხადია, თავისი ქვეპროგრამებით.

აუცილებლად უნდა მიეთითოს ის პრიორიტეტებიც, რომლებიც ფედერაციას გააჩნია. სახელმწიფო პრიორიტეტებთან თანხვედრის შემთხვევაში მოხდებოდა ამ პროგრამების სეოკ-თან ერთად განხილვა და დაფინანსება.

შევხვდით ფედერაციების წარმომადგენლებს და გავაცანით სპორტის განვითარების ის პერსპექტივები, რომლითაც სამინისტრო მათთან ურთიერთობისას იხელმძღვანელებდა.

- დღეისთვის თუ არსებობს მხარდაჭერის პროგრამები?
- დიახ, არსებობს: ფეხბურთის, კალათბურთისა და რაგბის მხარდაჭერის პროგრამები. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელიც სპორტის სამინისტრომ გადადგა. აქვე მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით შეიქმნა სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის - ლევან ყიფიანის ხელმძღვანელობით.

საბჭომ უნდა შეიმუშაოს პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც მთავრობის მხარდაჭერის შემდეგ პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

საბჭოს მიზანია, შეიქმნას სამი თემატური ჯგუფი სპორტის სტრატეგიის განსახორციელებლად. პრიორიტეტების მიხედვით თემატური ჯგუფები შეგვიძლია ასე დავყოთ: 1. სპორტული ინფრასტრუქტურა, 2. ფიზიკური განათლება და მეცნიერება, სასპორტო მედიცინა, 3. საკანონმდებლო ბაზა.

- თუ შეიძლება, თითოეულზე უფრო კონკრეტულად...
- უპირველესი პრიორიტეტია სპორტის ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ბაზებთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ უნდა მოგვარდეს, რაც სპორტის მასობრიობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალ კანონში, რომელიც ამჟამად მუშავდება, უმთავრესად სპორტული საქმიანობის სამი მიმართულება გამოიყოფა: სპორტი ყველასათვის, ეროვნული ჩემპიონატები და პირველობები, თასის გათამაშება და უმაღლესი მიღწევების სპორტი, რომელიც ქვეყნის სახეა საერთაშორისო სარბიელზე.

როგორც ხედავთ, ჩემ მიერ დასახელებული პირამიდა ევროპის სასპორტო მოდელს წარმოადგენს და დიდი ხანია, აპრობირებულია.

აქვე შევნიშნავთ იმასაც, რომ ზემოაღნიშნული პირამიდისთვის მყარ საფუძველს ქმნის სასპორტო სკოლები და სასპორტო კლუბები.

მიზნის მისაღწევად აუცილებელია კეთილმოწყობილი ბაზები, ამიტომაც არის სპორტის ინფრასტრუქტურა უპირველესი პრიორიტეტი და სახელმწიფოს უშუალო საზრუნავი.

ჩვენი დევიზია - "დაკავდი სპორტით, დარჩი ახალგაზდა". ეს არ არის შემთხვევითი, რადგან უპირველესად ცხოვრების ჯანსაღი წესს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

ვინც აქტიურ სპორტშია ჩაბმული, ყველა მაღალი მიღწევების სპორტში ვერ დარჩება, მაგრამ ფიზიკურ კულტურას ზურგი არ უნდა აქციოს.

ევროკავშირის 2003 წლის მონაცემებით, სპორტის მასობრიობაში ჩადებული 1 ევრო ჯანმრთელობის თვალსაზრისით 12 ევროს ეკონომიას იძლევა.

ამიტომაც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ სპორტში რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის ჩასადებად. ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს - ჯანსაღი თაობა გვეყოლება.

საკანონმდებლო ბაზაზე როცა ვლაპარაკობთ, მხოლოდ სპორტის ახალ კანონს არ ვგულისხმობთ.

სპორტის ყველა სახეობა თანმდევ კანონმდებლობას საჭიროებს. ფედერაციების მართვა ერთ პიროვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდეული.

- ბატონო თამაზ, მკითხველისთვის გაუგებარი რომ არ დარჩეს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მიზნობრივ პროგრამებსა და მათს არსს...
- სიამოვნებით. ფედერაციებისაგან ვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი სპორტსმენი ჰყავთ რეგისტირებული, როგორ წარმოუდგენიათ დარგის მომავალი, რა მიაჩნიათ პრიორიტეტად, რა პრობლემები აქვთ მასობრივ, ვეტერანთა და ბავშვთა სპორტში; როგორ ახერხებენ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, როგორი კონტაქტები აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მოგეხსენებათ, შვიდი წლის წინათ გაუქმდა სპორტის აკადემია, რის გამოც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა უკმარისობაა.

სანამ ახალ კადრებს გავზრდით, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო კონტაქტები ამჟამად მომუშავე მწვრთნელების გადასამზადებლად. ცხადია, მიზნობრივ პროგრამებში ამას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.

ფედერაციებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ფეხბურთის ფედერაციის კარგი მაგალითი მწვრთნელთა ლიცენზირებასთან დაკავშირებით.

აუცილებელია მწვრთნელთა დიფერენცირებული კვალიფიკაცია, ანუ ვიცოდეთ, ვის სად შეუძლია მუშაობა. სხვაგვარად დარგის განვითარება წარმოუდგენელია. გვაინტერესებს, შექმნილი მდგომარეობიდან რა გამოსავალს შემოგვთავაზებენ ფედერაციები, რათა შესაბამისი დახმარება გავუწიოთ.

ფედერაციებისთვის, ასევე, მტკივნეული საკითხია სასპორტო ბაზების პრობლემა. აბა, წარმატებები როგორ უნდა მოსთხოვო საწყლოსნო სახეობების წარმომადგენლებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი "ოლიმპიკის" აუზი აქვთ და ისიც ვერ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რადგან არა აქვს სათადარიგო აუზი მოთელვისთვის, დასაყენებელია თანამედროვე ტაბლო, წყალქვეშ - ვიდეოკამერები, რაც სინქრონული ცურვისთვისაა აუცილებელი.

ვიმეორებ, გვჭირდება დღევანდელი მდგომარეობის ზუსტი აღწერა, რათა სამინისტროში ჩამოყალიბებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა შეძლოს მისი ანალიზი და დასკვნების გამოტანა, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ.

- თქვენ ბაზები ახსენეთ და მასთან დაკავშირებული პრობლემები, 2015 წელს კი თბილისმა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს.
- მადლობა თბილისის მერიას და წინა ხელისუფლებას, რომლებმაც საქართველოს ახალი გამოწვევის შანსი მისცეს.

ოლიმპიური ფესტივალის უმაღლეს დონეზე მასპინძლობა მართლაც პრესტიჟის საქმეა. გვინდა-არ გვინდა, ეს უნდა შევძლოთ. ოლიმპიური სოფლის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - სამი კორპუსი საძირკვლიდან ამოწვერილია.

ფესტივალის 9 სახეობისთვის სპორტული ბაზების კეთილმოსაწყობად აქტიურად ვთანამშრომლობთ შეჯიბრების საორგანიზაციო კომიტეტთან, თბილისის მერიასთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ასევე, იმ ექსპერტებთან, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან სიტუაციის შესამოწმებლად.

უკვე მიმდინარეობს სასპორტო კლუბ "არენის", კალათბურთის აკადემიის დარბაზის, დიდუბის საკალათბურთო მანეჟის, ხელბურთის ცენტრისა და სხვა ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"დინამო-არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ახლა ავტოსადგომია, მძლეოსნებისთვის სათადარიგო სარბიელი გაკეთდება ვირაჟით, "ოლიმპიკს" მოთელვისათვის პატარა აუზი მიუშენდება.

საპროექტო სამუშაოები მალე დასრულდება და სპორტული ტანვარჯიშისთვის საფუძველი ჩაეყრება მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეს, რომელიც 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ჩადგება მწყობრში. შემდეგ მას სპორტის სხვა სახეობებიც გამოიყენებენ.

- თქვენ ვრცლად ილაპარაკეთ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სპეციალისტთა მომზადებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მის აღმოსაფხვრელად თავის წვლილს, ალბათ, სპორტის უნივერსიტეტიც შეიტანს, მაგრამ ეს უმაღლესი სასწავლებელი როდის დაიწყებს ფუნქციონირებას?
- იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით წლეულს გაზაფხულზე დაფუძნდა სპორტის უნივერსიტეტი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესორი გურამ ძაგანია დაინიშნა. ამჟამად მუშავდება სილაბუსები. წლეულს აგვისტოში კონკურსიც გამოცხადდება სასწავლებლის კადრებით დასაკომპლექტებლად.

განათლების კანონიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი წლის ბოლოს ავტორიზაციას, გაისად თებერვალში კი აკრედიტაციას გაივლის, სექტემბრიდან კი პირველ სტუდენტებს მიიღებს.

მართალია, ყოფილი სპორტის აკადემიის შენობა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში მისი აღდგენა და კეთილმოწყობა სრულად შესაძლებელია.

რაც მთავრია, მისი სპორტული ბაზები გაუყიდავ-გაუსხვისებელია და, ამ მხრივ, სპორტის უნივერსიტეტს პრობლემები არ ექნება.

- ბოლო დროს სპორტსმენთა და მწვრთნელთა ერთი ნაწილი უხელფასობას უჩივის...
- ამ საკითხთან დაკავშირებით გარდამავალ ეტაპზე ვართ. ამჯერად კონკრეტულ მაგალითებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად შევქმნით კომისიას, რომელიც ნებისმიერი სპორტსმენისა და მწვრთნელის შედეგებს შეისწავლის.

საამისოდ ფედერაციებმა უნდა მოგვაწოდონ რეალური სურათი და შედეგების ეტაპობრივი განვითარების პროგნოზი.

ზემოთ მიზნობრივ პროგრამებზე რომ ვილაპარაკეთ, მათში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა იმ ფაქტს, თუ ვის როგორი სპორტსმენი ეყოლება ამა თუ იმ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ოსტატობის ზრდის დინამიკის გათვალისწინებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსება არ იქნება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი ყველას და ყველაფერს ვერ გასწვდება.

ანალიტიკური კომისია განიხილავს სტიპენდიატთა განვლილი ექვსი თვის შედეგებს.

გადაწყვეტილებასაც ანალიტიკური ცენტრის სათანადო დასკვნების შემდეგ მივიღებთ. ჩვენ კვალიფიკაცია გვაინტერესებს. გული ნურავის დაწყდება, რადგან ავტომატურად არავის არაფერი მიეცემა.

- არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ბავშვებმა უფასოდ უნდა ივარჯიშონ.
- არც ერთ შემთხვევაში არსად არაფერი უფასო არ არის. თუ ვამბობთ, რომ უფასოა, ესე იგი იქ არაფერი კეთდება. სხვა საქმეა, რომ ბავშვები უნდა გათავისუფლდნენ გადასახადებისგან.

სანაცვლოდ ბაზებისა და მწვრთნელების საზღაური მოზარდთა თავისუფალი დროის გამოყენების კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტებმა უნდა გაიღონ.

საამისოდ სოციალურ გრაფაში გამოიყოფა თანხები, რომლებიც სოციალურ ფუნქციას - მოზარდების გაჯანსაღებას მოხმარდება.

ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა მოვწყვიტოთ ქუჩას. აუცილებელია საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინება.

ამ საქმეში კარგ სამსახურს გაგვიწევს კლუბური სისტემის შემოღება, სადაც დავასაქმებთ ათლეტებს, მწვრთნელებსა და მოზარდებსაც.

100-პროცენტიან დაფინანსებას სამინისტროდან და მუნიციპალიტეტებიდან ვერ მიიღებენ - კლუბებმაც უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე.

სახელმწიფოს და ფედერაციის პრიორიტეტი დიდი სპორტი იქნება. მაღალმა მიღწევებმა უნდა გააჩინოს მოტივაცია, რათა მეტი და მეტი ახალგაზრდა ჩაებას სპორტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დემაგოგია დემაგოგია მუდმივი დემაგოგია!
პროფესიონალი
19:21 14-07-2013
0
ენა ხარ ცარიელი.კიპიანის გარეშე ტვალეტშიც ვერ შედიხარ.
loxa
15:23 14-07-2013
0

სიახლეები პოპულარული