გარუნ აკოფოვი: სპორტული ჟურნალისტიკა ძალიან წინ წავიდა

AutoSharing Option
- "ლელოს" შვილობილი ვარ: ფაქტობრივად, როგორც სპორტულმა ჟურნალისტმა ამ გაზეთში ავიდგი ფეხი და ჩემს შემდგომ კარიერაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სახელოვან პუბლიცისტსა და ღვთისნიერ პიროვნებას, "ლელოს" მაშინდელ რედაქტორ მიხეილ კაკაბაძეს, რომელთანაც ჭაბუკობიდან ვმეგობრობდი. ეს იყო 1949 წელს და მას შემდეგ ქართული სპორტული პრესის ფლაგმანი ჩემი უსაყვარლესი გაზეთია.

ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა, ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ, ღირსების ორდენის კავალერმა, კალათბურთში საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა, სპორტის თემაზე მრავალი წიგნის ავტორმა გარუნ აკოფოვმა, რომელიც 38 წელიწადი (1949-1987) იყო საქართველოდან გაზეთ
"სოვეტსკი სპორტის" და 27 წელიწადი (1960-1987) ყოველკვირეულ "ფუტბოლის" საკუთარი კორესპონდენტი.

- სპორტს როგორ დაუმეგობრდით? - ვკითხეთ ამაგდარ პიროვნებას, რომელსაც დღეს დაბადებიდან 90 წელი უსრულდება, თუმცა, წლების სიმძიმის მიუხედავად, მხნედ გამოიყურება.
- სკოლაში კარგი ფიზკულტურის მასწავლებელი გვყავდა. მან გვაზიარა ფეხბურთისა და კალათბურთის ანაბანა. თბილისის 26 კომისრების რაიონის ჭაბუკთა ნაკრებშიც კი ვთამაშობდი კალათბურთს.

1941 წლის 26 ივნისს სკოლაში გამოსაშვები საღამო გვქონდა. მეორე დილით ბიჭებმა სამხედრო კომისარიატს მივაშურეთ, რადგან მეორე მსოფლიო ომი ოთხი დღის დაწყებული იყო. როგორც "ხალხის მოღალატის" შვილს, ჯარში გაწვევაზე უარი მითხრეს. 1937 წელს მამა დამიხვრიტეს, დედა კი რვა წელიწადი იყო გადასახლებული.

მე და ჩემს ძმას ბებია გვზრდიდა. სკოლის შემდეგ ჯერ თბილისის საავიაციო ტექნიკუმში, შემდეგ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვისწავლე. სწორედ იმ წლებში დავუმეგობრდი მიხეილ კაკაბაძეს, რომელმაც გაზეთ "ლელოში" რამდენიმე ინფორმაცია და წერილი გამომიქვეყნა.

მაშინ საქართველოში "სოვეტსკი სპორტის" კორესპონდენტი იყო ნიკოლაი ტარასოვი, რომელსაც ენობრივი ბარიერის გამო მოვალეობის შესრულება უჭირდა. მოსკოვიდან უთხრეს, შემცვლელი მოძებნეო.

მანაც მიხეილ კაკაბაძეს მიმართა. "კუწამ", როგორც ამ გულისხმიერ პიროვნებას მეგობრები ვეძახდით, ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. 1949 წელს ინსტიტუტის დამთავრებისთანავე "სოვეტსკი სპორტის" კორესპონდენტად ამიყვანეს.

- თქვენ კალათბურთში საერთაშორისო არბიტრი ბრძანდებით...
- დიახ. 1961 წელს მე და ყაზანის უნივერსიტეტის დოცენტი იური მუხამეტდინოვი ინგლისში კალათბურთის სემინარებზე გაგვგზავნეს და იქ გამოცდების ჩაბარების შემდეგ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება მოგვანიჭეს. იმავე წლის შემოდგომაზე ორივემ პირველი საერთაშორისო მატჩიც ვიმსაჯეთ ბუქარესტში - რუმინეთისა და პოლონეთის ქალთა ნაკრები გუნდების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა.

- ბატონო გარუნ, ოლიმპიურ თამაშებზე რამდენჯერმე იყავით მივლინებული სპორტულ ჟურნალისტად. ყველაზე მეტად რომელი ოლიმპიადა დაგამახსოვრდათ?
- 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშები. მაშინ ასეთ ფორუმზე საქართველოდან პირველად გავემგზავრეთ მე და "ლელოს" რედაქტორის მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე. განსაკუთრებით დაუვიწყარია ჩემთვის "ფორო იტალიკოზე" რობერტ შავლაყაძის ჩემპიონობა.

ფავორიტებად ამერიკელებს მიიჩნევდნენ. ქართველმა მძლეოსანმა კი ოკეანისგაღმელთა ჰეგემონია დაამხო სპორტის ამ სახეობაში.

მარადიულ ქალაქში ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ ქორიძემაც. ოლიმპიურ სოფელში ერთად ცხოვრობდნენ ქორიძე და ლეგენდარული გივი კარტოზია. იმ დღეს დარბაზში წასვლამდე ვესტუმრე მათ. ბატონმა გივიმ ავთოს უთხრა - საკავშირო ნაკრების ხელმძღვანელები აბებს შემოგიტანენ.

გამოართვი, მაგრამ არ დალიოო. მერე გამიმხილა, დოპინგია და ეს ავთოს არ სჭირდება, ისედაც ავაო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. ბეჭდაუდებელი ფალავანი არ შემცდარა - ქორიძემ ჩემპიონობა მოიპოვა, რაშიც კარტოზიას დიდი წვლილი მიუძღვის.

- გვსმენია, რომ მიუნხენის ოლიმპიადაზე პრობლემები შეგექმნათ.
- იყო ასეთი მომენტი: ამერიკელმა კალათბურთელებმა პირველ მატჩში იოლად სძლიეს ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს.

გაზეთში გაგზავნილ რეპორტაჟში დავწერე, რომ ჩეხებმა მატჩი ორთაბრძოლის დაწყებამდე წააგეს, არადა, ამერიკელები ისეთი ძლევამოსილები არ არიან, რომ მათი დამარცხება არ შეიძლებოდეს-მეთქი. მეორე დილით თათბირზე საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე სიჩმა გამაკრიტიკა - "სოვეტსკი სპორტში" დაბეჭდილი მასალა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ამერიკელებს სუსტი გუნდი ჰყავდეთ, ეს კი ჩვენი ნაკრების დემორალიზაციაა, ამიტომ მოვითხოვ, აკოფოვმა ოლიმპიადა დატოვოსო.

კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ კონდრაშინი გამომექომაგა - მე ვეთანხმები ჟურნალისტს, სტატიის ტონალობა სინამდვილეს შეეფერება, ჩვენ ამერიკელებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლიაო. ასე გადავრჩი.

როგორც გახსოვთ, მაშინ საბჭოთა კალათბურთელებმა ბოლო წამებში სძლიეს ოკეანისგაღმელებს და ჩემპიონობა მოიპოვეს. ოქროს მედლები ქართველ კალათბურთელებს - ზურაბ საკანდელიძესა და მიხეილ ქორქიასაც ერგოთ.

- თქვენი დროისა და ახლანდელ სპორტულ ჟურნალისტიკას შორის რა მსგავსება-განსხვავებას ხედავთ?
- პროფესიონალიზმი მაშინაც ფასობდა და დღესაც ასეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ უფრო ფართო პროფილისანი ვიყავით, დღევანდელი სპორტული ჟურნალისტები კი ვიწრო სპეციალიზაციისკენ ისწრაფვიან.

ეს არც არის გასაკვირი: სპორტი სწრაფად ვითარდება და დღეს უწინდელივით ყველაფერს ვერ გასწვდები.

სპორტული ჟურნალისტიკა დროს არ უნდა ჩამორჩეს, ჟურნალისტი კარგი ექსპერტიც უნდა იყოს, რაც თქვენს გაზეთში აშკარად იგრძნობა. მე, როგორც "ლელოს" შვილობილს, ეს ორმაგად მახარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული