TimeLine: საფინა, ყავლაშვილი, ნადალი, მარეი... მედლები თუ გვინდა...

AutoSharing Option
1997 წელს საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუსთავში იტალიას 2:0 მოუგო. ერთ-ორ წელიწადში იტალიის ახალგაზრდული გუნდის წევრები (ბუფონი, კოკო, ამბროზინი...) სერია A-ში ვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ, ქართველები?

ცივილიზებულ სპორტულ ქვეყნებში კარგ სპორტსმენებზე დიდი მოთხოვნაა და ნიჭიერ ახალგაზრდას ხელიდან არავინ უშვებს, ტაციაობაა გაჩაღებული.

საქართველოში კარგ სპორტსმენებზე მოთხოვნა არ არის! ვარსკვლავს, მით უმეტეს, ქართველს, ხომ მეტი ხელფასი სჭირდება.

ქართულ გუნდებში (სპორტის ყველა სახეობა იგულისხმება) კი დიდ ფულს არავინ აბანდებს. შესაბამისად, ერთი რომ ხედავს - მეორე კლუბი საშუალოზე დაბალი მოთამაშეებით გადის ფონს, აიყვანს საშუალოებს და მაინც
აჯობებს კონკურენტს.

ამიტომაცაა, ოდნავ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, სპორტსმენები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სიამოვნებით რომ მიდიან. ვინც საქართველოში რჩება, პროგრესზე ზრუნვა სულაც არ სჭირდება - სამიდან ორ კონკურენტს მაინც აჯობებს, ხოლო ხელფასს "კატასტროფულად" არავინ მოუმატებს, ვარჯიშით თავი რომც მოიკლას.

ქვაბისა და ხარშვის ამბავი კარგად იცით - ვიდრე ბოლომდე არ ჩავიხარშებით, მანამ არ მიხედავენ სპორტს. რას ვგულისხმობთ ბოლო სიტყვებში?

* * *

ამ კითხვაზე ქვემოთ გიპასუხებთ, აქ კი მიზეზს შევეხებით, ნისლიანი ფიქრების დატრიალების მიზეზს:

14 ნოემბერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ოთხი მოზარდი ჩოგბურთელია გამოსახული, წარწერებით: დ. საფინა, თ. ყავლაშვილი, რ. ნადალი, ჯ. მარეი.

უმალ ჩნდება კითხვა: ვინ არის თ. ყავლაშვილი? საქართველოს საჩოგბურთო წრეებში მას კარგად იცნობენ, მსოფლიოს მასშტაბით - არა. არადა, იყო დრო, საერთაშორისო შეჯიბრებებში თინათინ ყავლაშვილი მომავალ ვარსკვლავებს უგებდა.

დავინტერესდი ფოტოს ისტორიით და კომენტარებს გადავხედე. თინათინ ყავლაშვილი სურათთან დაკავშირებით წერს:

- 1998 წელია, 10 წლისა ვიყავი და დიდებში ვთამაშობდი პირველი კატეგორიის ტურნირზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართა. სამწუხაროდ, ფინალი საფინასთან წავაგე.

საფინასა და ნადალს წარდგენა არ სჭირდებათ. რაც შეეხება ჯეიმი მარეის, იგი ენდი მარეის უფროსი ძმაა და წყვილებში თამაშის სპეციალისტია. ჯეიმის, ელენა იანკოვიჩთან ერთად, 2007 წელს უიმბლდონი აქვს მოგებული.

ზემოთ ნახსენები ფოტოს კომენტარში ერთ-ერთი მოქმედი ჩოგბურთელი წერს:

- საქართველომ იზრუნა მას მერე თიკას კარიერის განვითარებაზე და გადაჰყვნენ ზედ...

* * *

აი, სწორედ აქ უნდა განვაგრძოთ ზემოთ შეწყვეტილი თემა: "ვიდრე ბოლომდე არ ჩავიხარშებით, მანამ არ მიხედავენ სპორტს".

მიხედვაში არ ვგულისხმობთ საქართველოს ჩემპიონატის იტალიის სერია A-ს დონეზე აყვანას, ან უიმბლდონის ნაცვლად დიდი სლემის ეტაპის საქართველოში გადმოტანას...

საქართველო 4-მილიონიანი ქვეყანაა და იტალიის თუ ინგლისის პრაქტიკის გადმოღება ვერ მოხერხდება.

ამიტომ საჭიროა ნიჭიერი სპორტსმენების გაზრდა და ექსპორტი თუნდაც სერია A-ში, NBA-ში თუ უიმბლდონის კორტებზე. გაზრდა კი წყლის დასხმას და მიწის გაპოხიერებას მოითხოვს, რაც სპორტულ ენაზე ასე ითარგმნება: ნებისმიერ სპორტსმენს სჭირდება ისეთი პირობები, როგორიც მის უცხოელ კონკურენტებს აქვთ.

მაგალითად, დინარა საფინას დარად, თინათინ ყავლაშვილი ექიმების მაქსიმალური მეთვალყურეობის ქვეშ რომ ყოფილიყო, დინარასავით ყოველ კვირას ევლო საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ქართველ მწვრთნელთან ერთად რომ ჰყოლოდა საერთაშორისო დონეზე გამოცდილი მაღალი დონის სპეციალისტი, რატომ არ უნდა გაზრდილიყო თუნდაც საფინას დონის ჩოგბურთელი?

მაგრამ ექიმებს სჭირდებათ ფული, ისევე, როგორც კარგ მწვრთნელებს, ხოლო საერთაშორისო შეჯიბრებებზე სიარულისთვის რა ოდენობის თანხაა აუცილებელი, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

არ ვიცი, რა შეძლების ოჯახიდანაა თინათინ ყავლაშვილი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს - სახელმწიფომ ნებისმიერი ოჯახის ნიჭიერი სპორტსმენი სპეციალურ პროგრამაში უნდა ჩასვას და ბოლომდე მიხედოს.

თავად ქვეყნის ინტერესებშიც ხომ არის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნის აჟღერება ან ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ საერთო სიხარულისას მოედანზე საქართველოს დროშის ფრიალი?!

ასეთ შეჯიბრებებს ხომ მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს?! ხოლო, ქართველი სპორტსმენები რომ ნებისმიერ პოლიტიკოსზე უკეთესი ელჩები არიან, ეს ცალკე სტატიის თემაა...

ჰოდა, თუ გვინდა ოლიმპიადებიდან ბევრი მედლის ჩამოტანა, ჯერ ჩვენს ნიჭიერ სპორტსმენებს მივხედოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /


როგორც იქნა იქნა სტატია ... საჭიროა თავად ამ ჭურნალისტმა სხვებიც აიყოლიოს და ...ქართულ სპორტის განვითარებისათვის ...ი ბ რ ძ ო ლ ო ნ !!!...სპორტის მაღალ დონეზე განვითარება და ფ ი ნ ა ნ ს უ რ ა დ სერიზულად მომძლავრება, არა მარტო ე რ ი ს გაჯანსაღებისათვის მიმართული ღონისძიებაა,არამედ...დ ა ს ა ქ მ ე ბ ი ს საშუალებაც ...ყველა სახეობების,განსაკუთრბით სათამაშო (რაგბი,ფეხბურთი,კალათბურთი,წყალბურთი,ხელბურთი...) სახეობების სერიოზული დაფინანსება,ჭურნალისტიკის სერიოზული ყურადღება... ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ი ს დასაქმების პრობლემასაც გარკვეულწილად გადაჭრის...



სახელმწიფომ ამ მიმართულებითაც უნდა მიუდგეს!!!...როგორც ეს ევროპაშია!!!


glaxuna
13:37 15-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული