რუსთავში 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს

AutoSharing Option
რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლეილა აფციაურმა 11 დეკემბერს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს და საჩუქრად სპორტული ტანსაცმელი გადასცეს.

"დღეს დავაჯილდოვეთ ახალგაზრდები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატებზე გვასახელეს და მესამე საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

მე ვულოცავ როგორც სპორტსმენებს, ასევე მათ მწვრთნელებს. მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა კრივსა და ჭიდაობაში რუსთავში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, მათ ასეთ კარგ შედეგს მიაღწიეს და ეს სწორედ დაუღალავი შრომის ფასად გახდა შესაძლებელი,"
- განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

2013 წლის საუკეთესო
სპორტსმენები და მწვრთნელები რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანებამ წლის განმავლობაში ნაჩვენები სპორტული შედეგების მიხედვით გამოავლინა.

2013 წლის საუკეთესო სპორტსმენები ევროპის პრიზიორები: მოჭიდავე ალექსანდრე კილაძე და მოკრივე უჩა მაისურაძე გახდნენ. წლის მწვრთნელებად კი ედუარდ მარდანოვი და რეზო მაღრაძე დასახელდნენ.

ალექსანდრე კილაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში გახდა, მონტენეგროში გამართულ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალს 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაეუფლა.

რუსთაველმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ღირსება დაიცვა. უჩა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი კრივში გახდა. პირველობა რუსეთში გაიმართა, სადაც მაისურაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ანაპაში ჩატარებულ ევროპირველობაზე სულ ცხრა ქართველი მოკრივე წარსდგა, მედლის მოპოვება კი ოთხმა სპორტსმენმა მოახერხა.

ალექსანდრე კილაძე და უჩა მაისურაძე 2013 წელს ევროპის პირველობამდე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული