TimeLine: ბებერი "ჩაიკა"

AutoSharing Option
გეცნობათ სპორტსმენი ჩემპიონთა თასით ხელში? ესიენიდან დაწყებული, ობი მიკელამდე ყველა აფრიკული წარმოშობის ფეხბურთელი წარმოვიდგინე, მაგრამ "ჩელსის" მოთამაშეთაგან ერთსაც ვერ მივამსგავსე.

უმალ გამახსენდა თორნიკე შენგელიას მიერ "ფეისბუქზე" დადებული ფოტო, რომელშიც იგი ლონდონის ბიგ ბენის სიმაღლეს ზომავს.

თოკოს "ბრუკლინ ნეთსი" ხომ ამჟამად ინგლისშია. ჰოდა, ჩემპიონთა თასით ხელში ბრუკლინელი კევინ გარნეტია, რომელსაც, ისევე, როგორც დანარჩენ თანაგუნდელებს, "ჩელსიმ" უმასპინძლა.

ბრიტანელებმა NBA-ს წარმომადგენლებისთვის ექსკლუზიურად დაამზადეს მაისურები და გასახდელში შესულ კალათბურთელებს სიურპრიზად დაახვედრეს.

სტუმრებმა ფორმები კი მოირგეს, მოედანზეც გავიდნენ, მაგ
რამ არ ვრცელდება ინფორმაცია, ვის ეთამაშნენ და რა შედეგით დასრულდა მატჩი.

Sportall.Ge

ვითომ "სტემფორდ ბრიჯზე" "ატლანტას" კალათბურთელებს დაუპირისპირდნენ? NBA-ს გლობალიზაციასთან დაკავშირებით ხომ 16 იანვარს "ბრუკლინმა" და "ატლანტამ" ლონდონში ითამაშეს. საინტერესო სანახავი კი იქნებოდა ფეხბურთი კალათბურთელთა შესრულებით...

კევინ გარნეტი საყრდენ ნახევარმცველად მეორე პატრიკ ვიეირა იქნებოდა, კაცს არ გააჭაჭანებდა საკუთარ საჯარიმოსთან... დერონ უილიამსი ჩავისებრ გაათამაშებდა ბურთს... ჯო ჯონსონი საჯარიმოს გარედან დაბომბავდა მეტოქის კარს...

ფლანგებიდან კი ფორვარდები - თორნიკე შენგელია და ანდრეი კირილენკო შეუტევდნენ, "პრასტრელს" თუ დაკიდებულს "ხელიდან არ გაუშვებდნენ"...

არც მეკარე ბრუკ ლოპესი გაუშვებდა გოლს, ისევე იოლად ჩამოხსნიდა საფეხბურთო ბურთს, როგორც NBA-ში ფარიდან ასხლეტილ "სპალდინგს"...

Sportall.Ge

მხოლოდ ერთია საკითხავი: თამაშის დალაგება "ბრუკლინს" ისევე ხომ არ გაუჭირდებოდა, როგორც ნაციონალურ ლიგაში, სეზონის დასაწყისში? ახალბედა მწვრთნელ ჯეისონ კიდს ხომ თავიდან მართლაც გაუჭირდა "ჩაიკასავით" ბებერი (ვეტერანებით სავსე) "ბრუკლინის" ამოქოქვა. თუმცა "სტემფორდ ბრიჯზეც" არაერთხელ გვინახავს მასპინძელთა მძიმე სტარტი და ბოლო წამებზე მოგებული მატჩები.

იმედი დავიტოვოთ, რომ თორნიკე შენგელიას "ნეთსი" NBA-ს პლეი ოფებისთვის ისეთ სისწრაფეს აკრეფს, რომ მას ვერავინ შეაჩერებს. ევროპაში გამოფრენამდე "ნეთსმა" აკი დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი "მაიამი ჰიტი".

ჩვენი "ტაიმლაინისთვის" იმ შეხვედრის საფინალო ანგარიშზე უფრო საინტერესო კალათბურთელთა ფორმები იყო. ბრუკლინელებს შავი ფერის ჩვეულებრივი მაისურები ემოსათ, მაიამელებს - თეთრი, მათაც ჩვეულებრივი. უჩვეულო მხოლოდ წარწერები იყო: ნამდვილი გვარების ნაცვლად მეტსახელები ეწერათ.

Sportall.Ge

ალბათ გაინტერესებთ, რას ეძახიან თორნიკე შენგელიას ამერიკაში. მართალია, მას იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მის მაისურას მეტსახელი მაინც ამშვენებდა - "თოკომოტივი". რეჯი ევანსს ლათინური ასოებით ეწერა - "ჯოკერი", კევინ გარნეტს Big Ticket, მირზა ტელეტოვიჩს - MT3, ბრუკ ლიპესს - Brooklyn, დერონ უილიამსს - D-Will, ანდრეი კირილენკოს რუსული ასოებით - "კირილენკო", ჯო ჯონსონს - JJ.

JJ "მაიამიშიც" იყო - ჯეიმს ჯონსი, კრის ანდერსენს "ჩიტკაცა" (Birdman) რქმევია, ხოლო ლებრონ ჯეიმსის მეტსახელი რთული გამოსაცნობი სულაც არ არის - King James.

მეტსახელებზე წერას სიამოვნებით განვაგრძობდით, მაგრამ იმდენად საინტერესო თემაა, რომ უმჯობესია, სხვა დროს ერთი "ტაიმლაინი" მთლიანად დავუთმოთ.

აქ კი სხვა, ოპერატიულ თემას უნდა მივხედოთ, რომელიც ერთი კვირა ვერ მოიცდის.

ჭამე...
ლიონელ მესიმ იმდენად მიგვაჩვია "ოქროს ბურთის" მოგებას, რომ 2012 წელს ფიფას დაჯილდოების ცერემონიალსაც ტრადიციული სახე მისცა და ყველაფერი გეგმიურად, მშვიდად ჩატარდა. 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დასახელდა, რომელმაც ბევრი ხმაურიანი ფრაზით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და ფიფას დაჯილდოების ცერემონიალიც ექსტრავაგანტური გამოდგა.

სხვათა შორის, მესიმაც გაამრავალფეროვნა - ყველასგან განსხვავებული, შინდისფერი კოსტიუმი ეცვა და "ეკიპირებით" ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. უნდა გენახათ, როგორი "შურის თვალით" უყურებდა მას ზლატან იბრაჰიმოვიჩი...

ერთ-ერთ თვალმახვილ ქართველს მესის დანახვაზე "კომედი შოუს" მეგრელი გმირი ჟიმნი მებონია გაახსენდა, რომელიც ერთთავად წითელ შარვალსა და პიჯაკს ატარებს; მესისა და ვახო ბიჭიკაშვილის ფოტოები ერთმანეთს მიაწება და მეგრულად მიაწერა - წამოდი ჩემთან ზუგდიდში, კარგი გუნდი გვყავსო.

Sportall.Ge

დღეს პიჯაკი და შარვალი ელიტარულ ღონისძიებებზე ისეთივე აუცილებლობაა, როგორიც იყო საუკუნეების წინათ სამეფო წვეულებებზე თეთრი "ელასტიკი" კაცებისთვის. არ სჯობდა, ფიფას დაჯილდოების ცერემონიალზე მესი "ბარსელონას" ან არგენტინის ნაკრების სპორტულებით გამოცხადებულიყო?

ეტიკეტი კოსტიუმს რომ არ მოითხოვდეს, იბრაჰიმოვიჩი, ალბათ, ყვითელი ეკიპირებით მივიდოდა, რონალდო - თეთრით, ჩავი - წითლით და ფიფას დაჯილდოების ცერემონიალიდან შავ-ყვითელ ფოტოებს კი არა, ფიროსმანის ნამუშევრებივით ფერადოვან სურათებს მივიღებდით.

"კომედი შოუც" ვახსენეთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩიც და ჩავიც. დღეისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარული ფრაზაა: "ჭამე ნოდარი". შვედეთშიც ასე ყოფილა: ფიფას დაჯილდოებისას იბრაჰიმოვიჩმა ნოდარის დედა გაიხსენა და დარბაზისკენ მიმავალ ჩავის კეფაში წამოარტყა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანელმა გაკვირვებულმა მიიხედა უკან და იბრაჰიმოვიჩის დანახვაზე გაეღიმა, იფიქრებდა - ასეთი "ვირული ხუმრობა", აბა, სხვას ვის მოაფიქრდებოდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული