თბილისი ბიათლსა და ტრიათლში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოში სპორტის ოლიმპიური სახეობების, თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის განვითარების რეალური პერსპექტივა აშკარად იკვეთება, რაც ჩვენი ეროვნული ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, თანამედროვე ხუთჭიდში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ვიაჩესლავ მალიშევის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

ფედერაციის სამომავლო გეგმებს გაგებით მოეკიდნენ საქართველოს სპორტის ხელმძღვანელები. ამის შედეგია, რომ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბიათლსა და ტრიათლში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ვიაჩესლავ მალიშევისა და ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის, ჯუანშერ ზალდასტანიშვილის შეხვედრის შემდეგ ზალდასტანიშვილმა აღნიშნა: "თანხმობა ასეთი შეჯიბრების ჩატარების თაობაზე არის პირველი
წინგადადგმული ნაბიჯი. ახლა დროა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ეროვნული გუნდის წევრების შერჩევასა და იმ სპორტსმენების რაოდენობის ზრდაზე, რომლებიც მისდევენ თანამედროვე ხუთჭიდს, ტრიათლონს, ბიათლს და მათში შემავალ სპორტის სახეობებს. სწორედ ამისთვის გვესაჭიროება სავარჯიშო ქსელის განვითარება და გაუმჯობესება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი შეჯიბრებების მოწყობა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. ვიმედოვნებთ, შერჩევის პროცესი, რომელიც ჩატარდება საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, ხელს შეგვიწყობს მიზნების მიღწევაში".

ხსენებულ შეხვედრაზე განიხილებოდა, აგრეთვე, საქართველოდან 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი კანდიდატის, ვარვარა ივანოვას საკითხი, რომელმაც ახლახან დაიკავა მე-7 ადგილი ბელორუსის ღია ჩემპიონატში და ემზადება 2014 წლის მსოფლიოს თასის (მექსიკა, აკაპულკო) პირველი ეტაპისთვის. ამ სპორტსმენის მოსამზადებელი პროცესი მოიცავს საერთაშორისო შეჯიბრებას, რაც ძვირად ღირებულია, მაგრამ ეროვნული ფედერაცია სპორტული ორგანიზაციებისა და სპონსორების მხარდაჭერის იმედს არ კარგავს.

ლერი ხაბელოვი: "მოხარული ვარ ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა. სასიამოვნოა, რომ თანამედროვე ხუთჭიდი და მისი ქვესახეობები - ბიათლი და ტრიათლონი სწრაფად ვითარდება საქართველოში. ვარვარა ივანოვა არის შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება".

თორნიკე გაჩეჩილაძე
*
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული