არგონავტების ეპოქაში, ლეგენდები დადიოდა კოლხეთზე, ამ ქვეყნის საოცარ ხარებზე, მებრძოლებზე, გამოგონებებზე, ოქროზე...
საქართველო დღესაც საოცრებათა ქვეყანაა: გავა დრო და საფეხბურთო ლეგენდებში ჩაეწერება ოთხშაბათს გამართული "დინამო"-"სიონის" საფეხბურთო დაპირისპირება.
სოლო-რეიდის ასეთი სახეობა თუ გინახავთ: ფეხბურთელს ბურთი მოედნის ცენტრიდან წაეღო, ძუნძულით შესულიყო მეტოქის საჯარიმოში და მეკარე განზე გამდგარიყოს - გაიტანეო. "სიონის" ფეხბურთელმა გიორგი კახელიშვილმა ბურთი კარში შეაგდო და მსაჯმა ჩათვალა.
ვისაც მატჩის პერიპეტიები განმეორებით მაინც არ უნახავს, გაუჭირდება ბოლნისელის ასეთი მოქმედების გაშიფრვა. გირჩევთ, ნახოთ, რადგან ამ გოლს კიდევ უფრო საოცარი ეპიზოდი უძღვოდა:
დაუბრუნა კიდეც, ოღონდ ისეთი ძალით დაარტყა, მოედნის ცენტრიდან გაგზავნილი ბურთი "სიონის" მეკარის თავსზემოდან კარში ჩაეშვა. სწორედ ამიტომ, ისევ და ისევ სამართლიანი თამაშის წესების გათვალისწინებით, "დინამომ" ბოლნისელ ფეხბურთელს "დინჯი" სოლო-რეიდის განხორციელების და ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საოცრებები მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება: სამიოდე წლის წინათ საკალათბურთო ჩემპიონატში თსუ-"არმიას" შეხვედრისას ზოგი კალათბურთელი ჩხუბის გამო გააძევეს, ზოგმა ხუთი ფოლი მიიღო და ასე შერჩა "არმიას" ხუთ მოთამაშეს ორი თსუ-ელი.
თუმცა ამან როდი აქცია ის მატჩი ლეგენდად - საოცარი ის იყო, რომ ხუთი-ორზე თამაში "არმიამ" ოდენ 73:71 მოიგო.
რამდენჯერ გავისვრით?
კვირას გაირკვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში: გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, შოტლანდია, გიბრალტარი.
არგონავტებს ემახსოვრებათ: გიბრალტარი ის ადგილია, ატლანტი რომ იდგა და ცა ეჭირა. ელინისტურ ხანაში ხომ უკიდურეს დასავლეთად, უკიდეგანო ზღვაში გასასვლელ კარიბჭედ სწორედ გიბრალტარის სრუტე ითვლებოდა. ზოგი ჰადესის კარად მოიხსენიებდა...
მოკლედ, ეს სრუტე საქართველოს ნაკრებისთვის შეიძლება ჯოჯოხეთის კარი აღმოჩნდეს, შეიძლება - გზა სამოთხისკენ, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ლომები, მგლები და ირმები ერთად თამაშობენ.
მითებში ბევრი ისეთი რამ ხდება, ლოგიკას რომ არ ექვემდებარება. გამოვიჩინოთ ოპტიმიზმი და ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები შემადგენლობით ჯგუფის ოთხ გუნდს ვერ სჯობს და მიუხედავად იმისა, რომ ტიტანი გერმანია დაგვყურებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ექვსგუნდიან ჯგუფში სამ საუკეთესოში მოხვედრაზე? ნუთუ ბოლო წლებში ასე დაგვიბლაგვდა გემოვნება?!
აი, რისი იმედი მაქვს: თემურ ქეცბაიამ ნაკრებთან განვლილი ორი ციკლი იმუშავა. ამ დროში, წესითა და რიგით, უნდა შეერჩია ის ბირთვი, რომელსაც მესამე ციკლში უნდა ენდოს, გუნდი თავის გემოზე უნდა აეწყო და... კარგად შეთამაშებული, თუმცა დაცვაზე ორიენტირებული ნაკრებები, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე არაერთხელ გვინახავს. მაგალითად ლატვია.
კიდევ იცით, რისი იმედი მაქვს: ჩვენს ჯგუფში გერმანიის გარდა ყველა უხვად დაკარგავს ქულებს, რატომღაც მგონია, ყველაზე მეტი ფრე ჩვენთან დაფიქსირდება. ასეთ დროს კი ერთი-ორი გასროლაც შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.
საქართველოს ნაკრებს, მართალია, გასროლა ციკლში ერთხელ ახასიათებს, მაგრამ იქნებ...
ფერხული ვიცით, როდის ჩაგვაბამენ?
შაბათს საქართველო-რუსეთის მატჩს რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბერნარდ ლაპასე დაესწრო. როგორც ჰყვებიან, თვალებგაფართოებული უყურებდა "დინამო არენის" გადაჭედილ ტრიბუნებს. ბევრი რამ დაინახა:
...ქართველებს მეგობრობა შეგვიძლია - მთელი სტადიონი სოლიდარობას უცხადებდა უკრაინას.
...რაგბში რუსეთი საქართველოსთან შედარებით ჯუჯაა.
...არ გვეშლება სტუმარ-მასპინძლობა.
...ვიმსახურებთ ექვს ერში მეშვიდედ დამატებას.
ახლა ბატონი ლაპასეს მარიფათზეა დამოკიდებული, როგორ დაითანხმებს ექვს ზე-ქვეყანას ფერხულში საქართველოს ჩაბმაზე.
დაბრუნება ელადაზე
მითების სამშობლო კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ. ხუთშაბათს, ვიდრე "შვიდდღეულის" წერას შევუდგებოდი, საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გიორგი შერმადინს დავუკავშირდი. მითხრა: სარაგოსადან მატარებლით ბარსელონაში მივდივარ, საიდანაც საბერძნეთში უნდა გადავფრინდეო.
იგი "სარაგოსადან" ელინურ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, რაც კვირის ქართული ტრანსფერი იყო. კვირის თუ თვის? თუ წლის ტრანსფერი?
"ოლიმპიაკოსი" ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია. ასეთი დონის გუნდში ქართველების ხილვით (სპორტის ნებისმიერ სახეობაში) განებივრებულები სულაც არა ვართ. მას მერე, რაც კახა კალაძემ "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო (2007-ში), ჩემპიონთა თასის მფლობელი გუნდის შემადგენლობაში ქართველი მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ. ორივე შემთხვევაში შერმადინი - "პანათინაიკოსსა" (2009-11) და "ოლიმპიაკოსში" (2012-13).
ზაფხულში გიორგი ესპანურ "სარაგოსაში" გადავიდა, საიდანაც ოთხშაბათს ღამით "ოლიმპიაკოსმა" დაიბრუნა. ესეც მესამე.
ბოსფორიდან
თუ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის კარის შემტვრევას გიბრალტარის სრუტიდან შეეცდებიან, წყალბურთელთა ნაკრები ბოსფორის სრუტიდან აპირებს ევროფორუმზე შესვლას: შაბათს, თბილისის დროით 20 საათზე თურქეთის ნაკრებს სტუმრად ვეთამაშებით.
საქართველოში 8:4 გვაქვს მოგებული და თუ მიღწეულს სტამბოლშიც შევინარჩუნებთ, პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK